Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიდის ჩეჩნების საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის საქმე სტრასბურგის სასამართლოში


26 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო შეუდგა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების, აგრეთვე მოსარჩლე მხარის მიერ წარდგენილი

დამატებითი მასალების განხილვას საქმეზე, რომელიც აგვისტოს დასაწყისში საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული ცამეტი ჩეჩნის რუსეთში ექსტრადიციის საკითხის გამო აღიძრა.
ცნობილია, რომ 5 მათგანი 4 ოქტომბერს გადაეცა რუსეთს. ამ დროისათვის დადგინდა, რომ დარჩენილი რვა ჩეჩნიდან ორი საქართველოს მოქალაქეა და მათი რუსეთში ექსტრადიცია აღარ მოხდება. ამას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს. ისინი საქართველოში გასამართლდებიან. დანარჩენი ექვსი ჩეჩნის ბედი კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

“რუსეთის ფედერაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის კონტროლის მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას. სტრასბურგის სასამართლო, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ერთიანი და არაპოლიტიზებული, რასაც განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, მიდგომა 800 მილიონი ევროპელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისას, უდიდეს როლს თამაშობს. სასამართლოს რეფორმის ამოცანას უნდა წარმოადგენდეს კონვენციის მთავარი მიზნის შენარჩუნება – თითოეული ევროპელის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. ამასთან დაკავშირებით, ძნელია სათანადოდ შეაფასო ნაციონალური სასამართლო სისტემების ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობა, რომლებიც ევროპის მოსახლეობის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მთავარ გარანტებს წარმოადგენენ”, - აღნიშნავდა 7 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 111-ე სხდომაზე და დასძენდა, რომ “სწორედ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემების სრულყოფისკენ უნდა იყოს მიმართული ევროპის საბჭოს უმთავრესი ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ეფექტიანობის ამაღლების საქმეში”. როგორც წესი, ასეთ ფორმალურ თავყრილობებზე ყველაფერი იდეალურთან არის მიახლოებული, რუსეთის პოზიციაც კი. საქართველოდან ჩეჩნების ექსტრადიციის საკითხი კი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს ოქტომბრის დასაწყისში მიაღწია, ნამდვილად შორს არის იდეალურისგან.

“შამაევი და 12 ჩეჩენი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ” – ასე ეწოდება სარჩელს, რომელზე დამატებითი მასალების წარდგენაც მხარეებს 24 ნოემბრამდე ევალებოდათ. რა ინფორმაცია გაიგზავნა სტრასბურგში საქართველოდან ჩეჩნების ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებით, ანუ რით დაასაბუთა მოსარჩლემ სარჩელის საფუძვლიანობა, საქართველოს ხელისუფლებამ კი - დაკავებული 13 ჩეჩნიდან ხუთის ექსტრადიციის კანონიერება? ადვოკატი მაკა ძამუკაშვილი, რომელიც მოსარჩლე მხარეს წარმოადგენს, აცხადებს:

[ძამუკაშვილის ხმა]
“თითოეულ მხარეს ჰქონდა თავ-თავისთვის კითხვები დასმული. ჩვენ გვქონდა ჩვენი კითხვები დასმული. აი, მაგალითად ერთი კითხვა იყო: რატომ ვთვლით, რომ გადაცემის შემთხვევაში დაირღვევა ევროპის კონვენციის მეორე და მესამე მუხლები და მათ აწამებენ ან სიკვდილით დასჯიან? ვთქვათ, რუსეთს ამის საწინააღმდეგოდ რა არგუმენტაციის წარმოდგენა შეუძლია? ყველას გვქონდა ჩვენ-ჩვენი კითხვა. საქართველოს ჰქონდა იმის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება, თუ რა გარანტიები მიიღო რუსეთიდან კონკრეტულად და, ასე, ყველას გვქონდა ჩვენ-ჩვენი კითხვები”.

საქართველოს სახელით სტრასბურგის სასამართლოსთან იუსტიციის სამინისტრო ურთიერთობს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი წკრიალაშვილმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხი დადგენილ ვადაში გაეგზავნა სტრასბურგს, რაც შეეხება ინფორმაციის ხასიათს, მინისტრის მოადგილემ დასძინა:

[წკრიალაშვილის ხმა]
“დამატებითი დოკუმენტაცია გაიგზავნა წინა შეკითხვის პასუხად. ის მაშინ განიხილა სასამართლომ და ახლა უკვე საქმის დაშვებადობაზე იყო შეკითხვები, ანუ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რამდენად უნდა განიხილოს ევროპის სასამართლომ აღნიშნული სარჩელები და, შესაბამისად, გავეცით პასუხი, რომ იმ ნაწილში, რაც შეეხება დარჩენილ რვა პირს, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის გადასაწყვეტი უნდა იყოს. აქ დამატებითი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ჩვენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გასაჩივრებას ექსტრადიციის შესახებ დადგენილებისა, მაინც მხარეს აქვს უფლება, რომ გაასაჩივროს ეს შესაბამის სასამართლოში. ამიტომ ჩვენი მხრიდან იმის გარანტიაც მიეცათ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გენერალური პროკურატურა ჩვენი მიიღებს ამ რვა პირის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, აუცილებლად ამ პირებს მიეცემათ ჩვენს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა”. [სტილი დაცულია]

საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დალი სადათიერაშვილმა განმიმარტა, რომ ევროსასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება ჩეჩნების ექსტრადიციის შეჩერებასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ცამეტიდან დარჩენილი რვა ჩეჩნის რუსეთში ექსტრადიციის პროცესის შეჩერებისა. მთავარ მიზეზად კი მაინც ის რჩება, რომ რუსეთის პროკურატურამ ვერ წარმოუდგინა საქართველოს ხელისუფლებას სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელიც დარჩენილთა ექსტრადიციის აუცილებლობას განაპირობებდა. სადათიერაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩეჩნების რუსეთისთვის გადაცემა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით იმოქმედებს.

4 ოქტომბერს ხუთი ჩეჩნის ექსტრადიცია ყოველგვარი გასაჩივრებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე მოხდა, რაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორით: საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გენერალური პროკურატურის ვალდებულებას, რომ ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მან ოფიციალურად აცნობოს მხარეს. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, საქართველოს ხელისუფლება არწმუნებს ევროსასამართლოს, რომ იმ რვა ჩეჩენს, რომელთა ექსტრადიცია შეჩერებულია, უსიტყვოდ და გაუფრთხილებლად არ გადასცემს რუსეთს, თუკი ამის საჭიროება იქნება. გიორგი წკრიალაშვილმა საკითხი ასე განმიმარტა:

[წკრიალაშვილის ხმა]
“ვინაიდან არსებობს უკვე გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსი, ჩვენი, რომელიც შეეხებოდა ჩეჩენი ეროვნების პირს ასევე, მაგრამ აბსოლუტურად სხვა საქმესთან დაკავშირებით მოითხოვა რუსეთის ფედერაციამ მისი გადაცემა, უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ, ტერიტორიული პრინციპით, პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა მიეცეს გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, ჩვენ მივეცით გარანტია სტრასბურგს, რომ ამ რვა პირთან მიმართებაში თუკი მივიღებთ გადაწყვეტილებას, მივცემთ მათ გასაჩივრების შესაძლებლობას. და რაც შეეხება იმ ხუთ პირთან დაკავშირებით, იქ გაიგზავნა არგუმენტები ჩვენი იმის თაობაზე, რატომ არ ვეთანხმებით ჩვენ, ვთქვათ, იმ პრეტენზიებს, რომლებიც გამოთქმულია მათი ადვოკატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ”.[ სტილი დაცულია]

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. თუკი ადამიანმა არ იცის, რომ მას ექსტრადიციას უპირებენ, ბუნებრივია, ის ვერც გასაჩივრებას შეეცდება და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას. როგორც ჩანს, ამ მხრივ, ევროსასამართლოს ძალისხმევამ, მართალია, ცამეტიდან რვისთვის, მაგრამ მაინც გამოიღო შედეგი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG