Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პერსპექტივები აქვს ვაშინგტონი-თბილისი-მოსკოვის სამკუთხედს


საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ნატოს ისტორიულ სამიტზე პრაღაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია დაასახელა,

პარალელურად კვლავ ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთანაც. თუმცა, სამართლებრივი ჩარჩოხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაში წარმოშობილი საშიში სიცარიელის შესავსებად საქართველოს შემოვლითი გზაღა რჩება - თანამშრომლობა ვაშინგტონის გავლით. მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ახალი ფორმატის - ამერიკა-საქართველო-რუსეთის სამკუთხედის -პერსპექტივაზე გაცილებით ბევრს ლაპარაკობენ თბილისსა და ვაშინგტონში, ვიდრე მოსკოვში.

ორმხრივი ფორმატიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საბოლოო ამოვარდნა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ხეობაში იმ ჩეჩენი მებრძოლების გამოჩენას, რომელთა უმრავლესობამაც რუსეთის საზღვარი თავის დროზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოლახა, კრემლის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე არნახული პრესინგი მოჰყვა. ხოლო შარშან შემოდგომაზე, კოდორის ხეობაში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმების გამოჩენის შემდეგ, რუსეთმა შევარდნაძე ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა და პირდაპირ საავიაციო დარტყმებზე გადავიდა.
ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გზა რჩებოდა - მოეძებნა საიმედო პარტნიორი, რომელიც დაეხმარებოდა პანკისის ხეობის პრობლემის მოწესრიგებაში და რუსეთთან სამშვიდობო შუამავლის როლსაც შეასრულებდა. სწორედ ამ დროს წარმოიშვა იდეა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატისა - ამერიკა-საქართველო-რუსეთის სამკუთხედი. გამოიკვეთა ამ დიალოგის საერთო მიზანიც - საერთაშორისო ტიტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ხოლო ვინაიდან პანკისის ხეობა ამ ვირუსით უკვე მნიშვნელოვნად იყო დასნეულებული, საქართველოც უნებურად გლობალური ანტიტერორისტული კამპანიის ფერხულში ჩაება. რუსეთისათვის მოვლენების ამგვარი განვითარება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში დასთანხმა სპეცსამსახურების დონეზე. ყოველ შემთხვევაში, გასულ თვეში მოსკოვიდან დაბრუნებული საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ამგვარ თანამშრომლობაზე ღიად მიანიშნებდა.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ჩვენ ამ თემატიკას არ ვეხებოდით, ისევ მონაწილე მხარეების თხოვნით. მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ სპეცსამსახურებს შორის სამმხრივი თანამშრომლობა უკვე კარგა ხანია დაწყებულია. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ჩამორჩენა ნამდვილად არა გვაქვს. პირიქით."

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართულ-ამერიკულ-რუსულ ფორმატში აქტიური შუამავლის ფუნქცია დაეკისრა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძეს, რომელიც პრაღის სამიტის დამთავრებისთანავე არაოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.
მაგრამ "ოქროს კვეთის" აღმოჩენა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში ვერც ძლიერი შუამავლის მეშვეობით ხერხდება. როგორც მოსკოვიდან დაბრუნებულმა ჯაფარიძემ "დილის გაზეთს" განუცხადა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამკუთხედის მიმართ რუსებს კვლავ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. "ორმა მხარემ, საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჯერ ვერ მოვნახეთ მესამე მხარე, როგორც პარტნიორი," განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილო დარჩა თედო ჯაფარიძის დაუგეგმავი ვიზიტის გამო, ხოლო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საერთოდ უარი განაცხადა საქართველოს უშიშროების მდივანთან შეხვედრაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG