Accessibility links

logo-print

დავა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მარშრუტთან დაკავშირებით


“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენი დათქმულ ვადებში აშენდება და ბორჯომის ხეობაში გაივლის. მილსადენის სხვა მარშრუტი არც განიხილება,” – ასეთია დიდი ნავთობსადენის

მარშრუტის ირგვლივ ატეხილ დავასთან დაკავშირებით საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის გია ჭანტურიას პოზიცია. ნავთობსადენის ეკოლოგიური რისკის ნულამდე დაყვანაზე პირად პასუხისმგებლობასაც ის კისრულობს, ეკოლოგებს კი, თუ ნავთობსადენს ბორჯომის ხეობაში გაატარებენ, ეკოლოგიური რისკის ნულამდე დაყვანის არ სჯერათ. ასეა თუ ისე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა კასპიის ენერგორესურსების საკითხებში, სტივენ მანმა, ედუარდ შევარდნაძე დაარწმუნა, რომ ნავთობსადენის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინვესტორები უპრეცედენტო ზომებს მიიღებენ.

მას შემდეგ, რაც ნავთობსადენის არსებული მარშრუტის ეკოლოგიურ რისკზე, ქართველი ეკოლოგების გარდა, დასავლელი ეკოლოგებიც ალაპარაკდნენ, - როგორც ცნობილია, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში დევს ფრანგი ეკოლოგების უარყოფითი დასკვნა ნავთობსადენის ეკოლოგიურ ნაწილთან დაკავშირებით, - დასავლურ პრესაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლო გაჭიანურებაზე დაიწყო საუბარი. ასეთ ფონზე ეწვია საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პირადი მრჩეველი კასპიის ენერგორესურების საკითხებში, სტივენ მანი. მას უნდა გაერკვია, რეალურია თუ არა ნავთობსადენის მშენებლობის გაჭიანურების საშიშროება, რასთან დაკავშირებითაც მიიღო პასუხი, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” დათქმულ ვადებში აშენდება, თანაც, სწორედ იმ მარშრუტით, რომელიც, თავად სტივენ მანის სიტყვებით, ყველაზე რაციონალურია. ქართველი და ფრანგი ეკოლოგებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაც და საქართველოს მთავრობაც ნავთობსადენის პროექტის ეკოლოგიური ზემოქმედების ნაწილს დადებითად აფასებს. სტივენ მანმა ედუარდ შევარდნაძე დაარწმუნა, რომ კომპანია “ ბრიტიშ პეტროლიუმი” უპრეცედენტო ზომებს მიიღებს ნავთობსადენის ეკოლოგიური რისკის ნულამდე დასაყვანად და რომ “ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის” ის მარშრუტი, რომლის ალტერნატივა ჯერჯერობით არც კი განიხილება, ბორჯომის ხეობას არ დააზიანებს. ქართველ მწვანეებს ასეთი უპრეცედენტო ზომების არ სჯერათ.

[გია გაჩეჩილაძის ხმა] “ვერავითარი უპრეცედენტო ზომები გარემოში მიმდინარე პროცესებს ვერ შეაფერხებს. მე არ მესმის ეს სიჯიუტე. არსებობს უკვე დამუშავებული პროექტები ამ ნავთობსადენის პატარა მონაკვეთზე გადაწევის.”

მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ნავთობსადენის მარშრუტის ერთ-ერთი მონაკვეთის სამხრეთისკენ გადაწევა აუცილებელია, რადგან ის ცხრაწყაროს უღელტეხილის მეწყრულ ზონას კვეთს და სერიოზულ ეკოლოგიურ რისკს ქმნის. გია გაჩეჩილაძე შედარებას მიმართავს და ამბობს, რომ წლიური მოგება, რაც საქართველოს, შესაძლოა, ბორჯომის ხეობის რესურსების უკეთ გამოყენებამ მოუტანოს, გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დიდი ნავთობსადენის ფინანსური მოგება. მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებამ ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური რისკის ქვეშ დაყენება არ უნდა დაუშვას. ფრანგი ეკოლოგების დასკვნითაც, ნავთობსადენის მარშრუტი ეკოლოგიურად უარყოფითი გავლენის საშიშროებას უქმნის არა მარტო ბორჯომის ხეობის მინერალური წყლების ბუნებრივ რესურსს, არამედ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკსაც, ამას გარდა, არსებობს ის 32 შეკითხვაც, რომელიც კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმის” მიერ ნავთობსადენის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შემუშავებულ მასალებს დაურთო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ. ასე რომ, დავა სერიოზულია. კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმი” კი ირწმუნება, რომ ნავთობსადენი უმაღლესი ფოლადისგან უნდა დამზადდეს, ყველა დამცავი საშუალებით უნდა აღიჭურვოს ისე, რომ ნავთობის გაჟონვა გამოირიცხოს.

შეგახსენებთ, რომ, თუ ეკოლოგიური უსაფრთხოების დოკუმენტის დამტკიცება არ გაჭიანურდა, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის მშენებლობა 2004 წლის ბოლოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG