Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის მწვავე თემა, სასამართლო და მოსახლეობა


ელექტროენერგიის გაძვირებით გამოწვეულ მოსახლეობის ვნებათაღელვას ხელისუფლებამ დაუპირისპირა მხურვალე დაპირებები, რომელთა შესრულებისაც თბილისელებს მაინცდამაინც აღარ სჯერათ.

თუმცა კიდევაც რომ შესრულდეს, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს 2003 წლამდე მაინც ვერ მოესწრება. აბონენტთა გაზრდილი ხარჯების კომპენსაციისთვის გამიზნული 3, 3 მილიონი ლარი სწორედ მომავალი წლის, ჯერ დაუმტკიცებელი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. მანამდე კი სახელმწიფო მოსახლეობისგან კრედიტის აღებას დაუკითხავად განაგრძობს.

მაღალი რანგის ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გაძვირებული ელექტროენერგიისთვის გაწეული ზედმეტი ხარჯი თბილისელებს კრედიტის სახით დაუფიქსირდებათ და სულ თეთრ-თეთრ აუნაზღაურდებათ. იქმნება ტრაგი-კომიკური სიტუაცია: ვითომდა მზრუნველი სახელმწიფო უკიდურესად გაჭირვებული ხალხისგან იღებს კრედიტს და თანაც – დაუკითხავად. არ არსებობს არავითარი შეთანხმება. ხალხს ისღა დარჩენია ელოდოს, როდის დაუბრუნებს მას მთავრობა, უკაცრავად და, მოტყუებით წართმეულ სესხს. როგორც მოგახსენეთ, ამ მხრივ მთელი იმედები 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მყარდება, რადგანაც წლევანდელს ამ კრედიტის გარეშეც, ასე ვთქვათ, თავი გასჭირვებია.

მიმდინარე კვირაში უკვე AES-თელასსაც გაუჩნდა ერთგვარი იმედი, რომ სახელმწიფო კომპენსაციის თემაზე ამჯერად უკვე სერიოზულად დაფიქრდა და კონკრეტული სქემით მოქმედება გადაწყვიტა. თორემ მანამდე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მთავრობის (რიხიანად გაჟღერებული) დაპირებები
AES-თელასისთვის ჩინურივით გაუგებარი იყო. სასაცილოა, მაგრამ ამერიკულ კომპანიასთან, ანუ ამ შემთხვევაში მთავარ ობიექტთან, არავინ არაფერს ათანხმებდა. AES-თელასში აცხადებენ, რომ თუკი კომპენსაციის, ჯერჯერობით - თეორიული სქემა, პრაქტიკულადაც ამუშავდება, კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის 12,4-დან 13,7 თეთრამდე გაზრდა მოსახლეობას აღარ დააწვება.

თუმცა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასური, თვითღირებულებიდან გამომდინარე, 4,5 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს. შეგახსენებთ, რომ ნათელაშვილის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაჩაღებული პროცესი ენერგეტიკის ობიექტების უკანონო გასხვისებას შეეხება. მისი რისხვის ერთ-ერთ მთავარ ადრესატად, ცხადია, სახელდება AES-ი, რომელსაც ჩვენმა სახელმწიფომ, კონსტიტუციის გვერდის ავლით, ფრიად სტრატეგიული ენერგოობიექტები გადასცა და თავის ნებაზეც მიუშვა. ლეიბორისტთა ლიდერი სიამოვნებით გააცილებდა ამერიკულ კომპანიას საქართველოდან:
(შალვა ნათელაშვილის ხმა) “რაც შეეხება AES-ის წასვლას, მისი წასვლა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაბრუნება ენერგეტიკაზე ერთი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით ჩვენი ენერგეტიკის მარეგულირებლები. არ იქნება კერძო კომპანიის მიერ ტარიფების დაწესება და ტყავის გაძრობა. ეს იქნება ისტორიული მოვლენა”.

ნათელაშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, AES-თელასის ლობისტის ირაკლი მელაშვილის თქმით, საბოლოო გამარჯვება მაინც ამერიკულ კომპანიას დარჩება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ის, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს დახმარებით, საქართველოდან იმხელა კომპენსაციას მოითხოვს და მიიღებს კიდეც, რომ ამ გიგანტურ მასშტაბებს ჩვენი ქვეყნის მჭლე ბიუჯეტი ნამდვილად ვერ გასწვდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG