Accessibility links

logo-print

ახალი აღმოჩენები ადამიანის ორგანიზმზე ნიკოტინის საზიანო გავლენის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გაჩნდა კიდევ ერთი მიზეზი, რომ მწეველებმა თამბაქოს

მოწევას თავი დაანებონ. ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ნიკოტინის თანაპროდუქტი, რომელიც, შეიძლება, მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ისეთი დაავადებების განვითარებაში, როგორიცაა დიაბეტი, ალცჰაიმერი და კიბო, თანაც არა მარტო ფილტვის კიბო.

კალიფორნიის შტატის სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა თქმით, ეს თანაპროდუქტი იქმნება ნიკოტინსა და ადამინის სხეულში არსებულ გარკვეულ პროტეინს შორის ქიმიური რეაქციის შედეგად. ამ თანაპროდუქტს ამერიკელმა მეცნიერებმა ნორნიკოტინი დაარქვეს.

მათი სიტყვით, იმაში, რომ მოწევამ ესოდენ ძლიერი მიჩვევა იცის, სწორედ ეს ნორნიკოტინია დამნაშავე. ის, რომ ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს დიდი ხანია დამტკიცებულია მედიცინის მიერ, მაგრამ ადამიანის ორგანიზმზე ნორნიკოტნიის ზემოქმედების ქიმიური პროცესები პირველად იქნა აღმოჩენილი.

ამ პრობლემის შემსწავლელი ჯგუფის წამყვანმა მეცნიერმა კიმ ჯანდამ ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, რომ აღმოჩენის მთავარი მნიშვნელობაა ქიმიური კავშირის პოვნა მოწევასა და ნივთიერებათა ცვლას შორის. აღმოჩენა ეფუძნება შაქარსა და ზოგიერთ პროტეინს შორის ქიმიურ ურთიერთმოქმედებას, რომლის შედეგად იქმნება ნივთიერებები საერთო სახელწოდებით "პროგრესული შაქაროვანი საბოლოო პროდუქტები", ინგლისური აბრევიატურით AGE (ეი-ჯი-ი)

[ჯანდას ხმა] ] "იმის თქმა გვინდა, რომ არსებობს სხვა ძლიერი ფაქტორი, რომელიც წარსულში კარგად ვერ იყო ამოცნობილი და რომელიც ხელს უწყობს იმ პოტენციურ დაავადებათა განვითარებას, რომელთა მიზეზია ეი-ჯი-ი"

ჯანდა აღნიშნავს, რომ ნორნიკოტინი პერმანენტულად და შეუქცეველად ახდენს პროტენიების მოდიფიცირებას, რაც იწვევს მათი ფუნქციების შეცვლას და სხვადასხვა პათოლოგიურ მოვლენებს.

მწეველების და არამწეველების სისხლის შედარება აჩვენებს, რომ მწეველების სისხლში უფრო მაღალია ნორნიკოტინის მიერ მოდიფიცირებული პროტეინების წილი.

კიდევ უფრო შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ნორნიკოტინი, როგორც ჩანს, სისხლში ძალიან მას შემდეგაც დიდხანს რჩება, რაც მწველი მოწევას თავს ანებებს. თვით ნიკოტინი სწრაფად ქრება მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.

ჯანდას თქმით, კიდევ ერთი აღმოჩენა მდგომარეობს იმაში, რომ ნორნიკოტინი რეაგირებს, აგრეთვე, სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულ სტეროიდებზე, მაგალითად კორტიზონსა და პრედნიზოლონზე. ამ რეაქციამ შეიძლება სტერიიდები კიდევ უფრო ტოქსიკური გახადოს, შეამციროს მათი ეფექტიანობა და უსაფრთხოება. საჭიროა, აგრეთვე, ამბობს ჯანდა, იმის შესწავლა, როგორ შეიძლება რეაგირებდეს სხვა წამლები ნიკოტინის თანაპრდუქტებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ამ გადაცემის ჩარჩოებში შევეხებით, ისევ მედიცინას უკავშირდება. გასულ კვირაში სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მსოფლიოში ბავშვების ვაქცინაციას მიეძღვნა. ანგარიშში, რომლის ავტორია მიშელ ზასრანი ნათქვამია, რომ მსოფლიოში ბავშვების ერთი მესამედი აუცრელია სასიკვდილო, მაგრამ ადვილად პრევენტირებად დაავადებათა წინააღმდეგ. ლაპარაკია, რასაკვირველია, ღარიბ და უღარიბეს ქვეყნებზე.

[ზასრანის ხმა] "მიუხედავად ბოლო 20 წლის განმავლობაში გაწეული შრომისა, და უნდა ითქვას რომ პროგრესი მართლაც აშკარაა, ჩვენ დღემდე გვყავს 35-დან 37 მილიონამდე ბავშვი ყოველწლიურად, რომლებსაც იმუნიზაცია არ უტარდებათ. ამ ბავშვების უმრავლესობა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ცხოვრობს."

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიტყვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც პრობლემას არა მარტო უფულობა, არამედ ინფორმაციის ნაკლებობაც ართულებს.

ზასრანის თქმით, მდგომარეობა გაცილებით უკეთესია აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში, ვინაიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მოიშალა, პრევენციული მედიცინის ტრადიცია შემონახულია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ანგარიში უჩივის, ეხება უმთავრესად ღარიბ ქვეყნებში გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ წამლების შექმნას. ზასრანის თქმით, ფარმაცევტულ ფირმებს არა აქვთ საბაზრო ინტერესი, გააკეთონ ინვესტიციები ისეთი დაავადებების პრევენტირების გამოკვლევებში, როგორიცაა, მაგალითად, შიგელას დიზენტერია, იაპონური ენცეფალიტი, ლეშმანიაზი და სხვა.

მაგრამ, აღნიშნავს ზასრანი, მსოფლიოში ბავშვების თითქმის ნახევარი კვდება ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში დაძლეულად ითვლება – ყივანახველის, პოლიომელიტის, დიფტერიის, წითელასა და ტეტანუსისგან.

ათასობით ასეთი სიკვდილი შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, თუ მდიდარი ქვეყნები გაიღებენ წელიწადში 350 მილიონ დოლარს. როგორც ანგარიში აღნიშნავს, ჯანმრთელობმს დაცვის ყველაზე იაფი საშუალება იმუნიზაციაა.
XS
SM
MD
LG