Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოთეატრი – კინოს მოყვარულთათვის


კონკურენციას, როგორც ჩანს, მართლაც მოაქვს სარგებლობა მომხმარებლისათვის. ყოველ შემთხვევაში, კინოს მოყვარულისთვის – ნამდვილად... დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი კინოთეატრი გაიხსნა

– ყოფილი კინოდარბაზი “კომკავშირელი” თანამედროვე კინოთეატრად გადაკეთდა. თბილისელ კინოს მოყვარულებს, ბოლოს და ბოლოს, მიეცათ საშუალება გააკეთონ არჩევანი.

ახლა უკვე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ, ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, საქართველოში ყველაზე მეტად უყვართ კინო. ერევანსა და ბაქოში დღეს მხოლოდ ერთი კინოთეატრია, რომელიც ეგრეთ წოდებული “დოლბი” სისტემითაა აღჭურვილი. თბილისში კი უკვე მესამე კინოდარბაზი გაიხსნა – ყოფილი “კომკავშირელი”, ახლა კი “ელისო” – კინოთეატრი, რომელსაც ნიკოლოზ შენგელაიას სახელგანთქმული ფილმის სახელი დაარქვეს. ახალი კინოთეატრის გახსნა, შესაძლებელია, კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად არც ჩაგვეთვალა, რომ არა ერთი ნიუანსი – “ელისოს” მესვეურები გვარწმუნებენ, რომ ეს ორას ორმოცდაათკაციანი დარბაზი, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “არტ ჰაუზისთვის იმუშავებს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ კინოს მოყვარულებს ამიერიდან ეცოდინებათ ადგილი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს უჩვენებენ და არა მოსკოვიდან ჩამოტანილ იაფფასიან კინოსანახაობებს. “ელისოს” მენეჯერები იმასაც აღიარებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება კონკურენციის პირობებში მიიღეს. საქმე ისაა, რომ კინოთეატრ “რუსთაველისა” და “ელისოს” კონკურენტებმა, კინოთეატრ “ამირანის” მესვეურებმა, ამ სექტემბრიდან ექსპერიმენტს მიმართეს: ღამის სეანსი დაეთმო “საფესტივალო ფილმებს”, ე.ი. იმ სურათებს, რომლებიც არაკომერციულად ითვლება. ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა: პედრო ალმოდოვარისა და მიჰაელ ჰანეკეს ახალი ფილმების ჩვენებამ ყველასათვის მოულოდნელი ანშლაგით ჩაიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კინოგამქირავებლები აქამდე ნაკლებად ითვალისწინებდნენ ქართველი მაყურებლის გემოვნებას: ძირითადად, ეყრდნობოდნენ რუსული გაქირავების შედეგებს და საქართველოში მხოლოდ ის ფილმები ჩამოჰქონდათ, რომელსაც რუსეთში უყურებდნენ. “ელისოს” მესვეურები გვარწმუნებენ, რომ დღეიდან თბილისის “კინოსისტემაში” ყველაფერი შეიცვლება: ქართველები ნახავენ თანამედროვე კინოხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს. და, შესაძლებელია, ქართულ ენაზეც. “ელისოს” პარტნიორი - კინოთეატრი “რუსთაველი” ხომ პირველი კინოდარბაზია, სადაც ქართულ ენაზე დუბლირებული ფილმების ჩვენება დაიწყეს. “ელისოს” მენეჯერებმა გვითხრეს, რომ ჯერჯერობით “ქართული ხმა” მნიშვნელოვნად აუარესებს ფილმის ხარისხს. კინოთეატრის დირექციას იმედი აქვს, რომ ეს პრობლემა სულ მალე გადაწყდება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ თბილისში ხომ ვერავინ იფიქრებდა, რომ კინოთეატრების სალაროსთან ოდესმე რიგი დადგებოდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG