Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აგვარებს კონფლიქტებს ორგანიზაცია “პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებაში”


ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებაში” ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ამ რეგიონის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის – კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობს.

ორგანიზაციას გახსნილი აქვს 10-ზე მეტი ცენტრი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს კონფლიქტურ სიტუაციასთან გამკლავების ტექნიკას ასწავლის. იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს ეს, ტელეფონით დავუკავშირდით ორგანიზაციის “პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებაში” თბილისის ცენტრის, “პარტნიორები საქართველო” ხელმძღვანელს, სოფიკო შუბლაძეს.

[სოფიკო შუბლაძის ხმა] “ჩვენ გვაქვს ასეთი მისია: სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის კულტურის დანერგვა და განვითარება საქართველოში და ამიერკავკასიაში. ამ მისიის ქვეშ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება საქმიანობისა: ერთი არის ტრენინგ-პროგრამები. ტრენინგის განმავლობაში ჩვენ ვასწავლით იმ მეთოდებს, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტების მართვა – ეს ერთი ფორმა არის. და მეორე მიმართულება, რომლითაც კონფლიქტების მართვის მისიას ვასრულებთ, არის ის, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ, დავეხმაროთ მოდავე მხარეებს თავიანთი კონფლიქტების მოგვარებაში. კერძოდ, მეთოდით, რომლითაც ვეხმარებით, არის მედიაცია, რაც ნიშნავს შუამავლობას მხარეებს შორის. კონფლიქტების მართვა არის ერთ-ერთი ისეაივე უნარი, როგორიც არის, დავუშვათ (უხეში შედარება რომ გავაკეთოთ), ფორტეპიანოზე დაკვრა. რა თქმა უნდა, არსებობენ იმთავითვე ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ამას სპეციალური ტრენინგის გარეშე, თავდაპირველადვე მიუჯდებიან ფორტეპიანოს და ფანტასტიურად დაუკრავენ. მაგრამ, პრინციპში, ეს არის სწავლებადი უნარი და, მეტ-ნაკლებად, ამ უნარის განვითარება შესაძლებელია”.

ამ უნარის განვითარება რომ არა მარტო შესაძლებელია, არამედ საჭიროც არის, ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში დასტურდება. ორგანიზაცია “პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებაში” 1989 წელს დაარსდა და საქართველოს გარდა ალბანეთში, ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სერბიაში მოქმედებს. ამასთან, სერბიის პროვინცია კოსოვოს ცენტრი სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და, როგორც ორგანიზაციის საერთაშორისო განყოფილების დირექტორის მოადგილე, ჯენიფერ ლოფინგი აღნიშნავს, უმალვე აჩვენა, რამდენად საჭირო ფუნქციის შესრულება შეუძლია. საქმე ის არის, რომ კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში ამასწინათ მომხდარი ჩხუბი ორ ოჯახს შორის სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა და, ვინ იცის, საქმე სისხლისღვრამდეც მივიდოდა, მასში სწორედ “პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებაში” რომ არ ჩარეულიყვნენ. დიახ, მოჩხუბრებმა პოლიციას კი არა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს, რასაც ჯენიფერ ლოფინგი შემდეგნაირად განმარტავს: [ჯენიფერ ლოფინგის ხმა] “ბევრი ისე არ ენდობა მთავრობას, რომ მთლიანად მას მიანდოს გამშველებლის, მსაჯულის ფუნქცია. ამის გამო მოგვმართავენ დასახმარებლად ჩვენ, პარტნიორებს დემოკრატიულ ცვლილებაში”.

თუმცა, ორგანიზაციის ფუნქციები უკვე რამდენიმე წელია, არა მარტო კონფლიქტების მართვით შემოიფარგლება: ის ეხმარება სხვა, ნაკლებად გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მუშაობს ეთნიკური ჯგუფების შერიგების, გარემოს დაცვის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის პროგრამებზე. წარმატების საწინდარი კი, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რეიმონდ შონჰოლცი ამბობს, არის ის, რომ პარტნიორები საერთო ცენტრალური უწყების კონტროლს არ ექვემდებარებიან: თითოეულ ცენტრს უძღვებიან ადგილობრივი ექსპერტები, რომლებმაც მომზადება შეერთებულ შტატებში გაიარეს. შესაბამისად, ყოველი ცენტრი ანვითარებს საკუთარ, ქვეყნის პრობლემებსა და საჭიროებებს მორგებულ პროგრამას და ყველასათვის საერთო რჩება მხოლოდ ღირებულებები და მუშაობისა თუ ტრენინგის მეთოდოლოგია. როგორც შონჰოლცმა ჩვენს თანამშრომელს, ტერი ვაილის უთხრა: [რეიმონდ შონჰოლცის ხმა] “პარტნიორებს” გაცნობიერებული აქვთ, რომ არ არსებობს დემოკრატიული განვითარების ერთადერთი მოდელი. აუცილებელია კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ისეთი სტრატეგიების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა აქტიურობას, ინსტიტუციური სტრუქტურების განვითარებას.”

2000 წელს, როცა ორგანიზაცია “პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებაში” არსებობის მეთერთმეტე წელს ითვლიდა, მის ცენტრებში 125 ადამიანი მუშაობდა, ხოლო მისი ტრენინგები, რომლებიც მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და შუამავლობის ტექნიკაზე მუშაობას ითვალისწინებს, თითქმის 35 000 ჰქონდა გავლილი. შარშან კი, მხოლოდ საქართველოში, ტრენინგები 500-მდე ადამიანმა გაიარა. თუმცა, ორგანიზაციის თბილისში მდებარე ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიკო შუბლაძეს გაცნობიერებული აქვს, რომ “პარტნიორები – საქართველოს” მეთოდები ყველაფრის “წამლად” არ გამოდგება: [სოფიკო შუბლაძის ხმა] “მე არ მინდა, რომ რომელიმე მეთოდი იქცეს პანაცეად და ეს, ცხადია, არც მედიაციას ეხება. მაგრამ, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა: წარმოიდგინეთ, სახლში გაგვიფუჭდა ონკანი და გამოვიძახეთ ხელოსანი. აი, როგორ ფიქრობთ, ხელოსანმა როგორი ინსტრუმენტები უნდა წამოიღოს იმისათვის, რომ ონკანი შეაკეთოს? ჩემი პასუხი იქნება, რომ წამოიღოს ყველაფერი, რაც პორტფელში ჩაეტევა! უნდა მოვიდეს, ნახოს სიტუაცია და იმის მიხედვით, კონკრეტულად რა არის შესაკეთებელი, ის ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომელიც სჭირდება. დაახლოებით ასეთი რაღაც არის: ანუ, თუკი მართლა გვინდა ამ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, არსებობს რაღაც ინსტრუმენტები, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს თავის პორტფელში მუდმივად უნდა გააჩნდეს”.

რა შედეგები მოიტანა პორტფელში ინსტრუმენტების ნაკლებობამ – საქართველოს უახლესი ისტორიის არაერთი ტრაგედიით არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG