Accessibility links

რატომ ცდილობს თევზაძე შეცვალოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არსებული წესი?


თუკი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს გულწრფელად სურს ქვეყნის ნატოში გაწევრიანება, მაშინ ქვეყნის ხელისუფლება უკვე უნდა იწყებდეს იმაზე ზრუნვას,

რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოოს სამხედრო სისტემა ალიანსის ასპირანტი ქვეყნისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა სამხედრო სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს. თუმცა ამ ფონზე ცოტა უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ პრაღის სამიტის შემდეგ პრეზიდენტის კანცელარიაში ჩატარებულ პირველსავე მთავრობის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საკონსტიტუციო ნორმის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, რაც სამოქალაქო კონტროლის მთავარი სუბიექტის – პარლამენტისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას გულისხმობს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანოში ომის, ზავისა და საომარი მდგომარეობის საკითხის დაკანონებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

თუ არ ჩავთვლით სამხედრო ძალების ყაზარმულ მდგომარეობაში გადაყვანის რამდენიმე პროფილაქტიკურ შემთხვევას, საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო ან საომარი მდგომარეობა არ გამოცხადებულა. როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული სამშვიდობო კურსი ცხადყოფს, ასეთ საგანგებო რეჟიმზე ქვეყნის გადაყვანის საფრთხე არათვალსაწიერ მომავალში განიხილება. მიუხედავად ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბოლო ხანებში აქტიურად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ ამ საკითხში ყველაფერი წესრიგში არ არის და საომარი მდგომაროების გამოცხადების შესახებ კონსტიტუციური ნორმა სერიოზულ რევიზიას საჭიროებს.

[დავით თევზაძის ხმა] “ახლა დემოკრატიულ საზოგადოებებში როგორ არის ეს და როგორ არის განაწილებული ფუნქციები. პრეზიდენტი, ბუნებრივია, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც იღებს ჯარის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, თავის დროზე, როცა კონსტიტუციაში იდებოდა, მთლად ნათლად არ ჩაიდო, თუ ეს 48 საათიანი ლუფტი რას ნიშნავს ჯარის გამოყენებაზე. აი ეს ლუფტი, რომელიც მანდ არსებობს, ქმნის ზუსტად იმას, რომ ჯარის გამოყენებაზე ჩვენ არა გვაქვს წარმოდგენა. ბრძანება მივიღე და 48 საათში დავიწყე მოძრაობა. კაი და შემდეგ პარლამენტმა უარი თქვა ამ ოპერაციაზე, მერე რას ვაკეთებ?”[სტილი დაცულია]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება 16 ნომბერს სამხედრო საბჭოს ბოლო გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, თუმცა იმ შეხვედრაზე იმდენი საგანგაშო რამ ითქვა, მათ შორის, პოტენციური მოწინააღმდეგე ქვეყნების საბრძოლო მზადყოფნაზე, გარდა ამისა, კონსტიტუციური ნორმის რევიზია იმდენად რთულ პროცედურას საჭიროებს, რომ ამ საკითხის გატანა, ბუნებრივია, ძალიან გაძნელდება პარლამენტში, რომლის ბოსტანშიცაა ნასროლი თევზაძის ეს კენჭები. თუმცა საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების საკითხი, შერბილებული სახით, მაინც გავიდა 27 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უმაღლესი სამხედრო ინსპექციის უფროსის, პოლკოვნიკ გივი იუკურიძის თქმით, დავით თევზაძემ ითხოვა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გავრცელდეს სხვადასხვა არასახელმწიფო სტრუქტურაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საომარი მდგომარეობის დროს სამხედროებს უფლება ეძლევათ, გამოიყენონ კომერციული სტრუქტურების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები. იუკურიძე დარწმუნებულია, რომ ამ ცვლილებას არ შეეწინამდეგებიან კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები, რადგან მასში გათვალისწინებულია გარკვეული ფულადი კომპენსაციის გადახდა ექსპლუატირებული ქონების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG