Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა მაჟორიტარებთან ბიუჯეტის თაობაზე ”ვაჭრობს”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ დღეებში ფინანსთა მინისტრმა მაჟორიტარ დეპუტატთა საკოორდინაციო საბჭოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მაჟორიტარები საბიუჯეტო დებატებისას

ყოველთვის განსაკუთრებული თემა იყო და, სავარაუდოდ, გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ეს დებატები იქნება.

მთავრობამ საკანონმდებლო ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფორმალურად კონსტიტუციური ვადების დაცვით წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პროექტი მთავრობას დასამუშავებლად დაუბრუნდა და ამჟამად ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის კულუარებში მორიგ საბიუჯეტო ”კარუსელს” ატარებს.

მირიან გოგიაშვილს 26 ნოემბერს მაჟორიტარების წინაშე მოუხდა გამოსვლა. ამ მოწვევის პარლამენტში 75 მაჟორიტარი დეპუტატია. ბიუჯეტის დასამტკიცებლად საკანონმდებლო ხელისუფლებაში მთავრობას, მინიმუმ, 118 მხარდამჭერი სჭირდება. შესაბამისად, მაჟორიტართა კეთილგანწყობა ამ პროცესში ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით ღირებულია.

საბიუჯეტო ვაჭრობაში მაჟორიტარებს - განსაკუთრებით, რეგიონებში არჩეულ დეპუტატებს - ყოველთვის საგანგებო ადგილი ეჭირათ და, სავარაუდოა, რომ ეს ტრადიცია ამჯერადაც შენარჩუნებული იქნება. ალბათ, ამიტომ მაჟორიტართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მირიან გოგიაშვილს, სახელმწიფო მინისტრის სახით, ”მძიმე არტილერიაც” ახლდა.

”რეგიონალებმა” მთავრობას წინასწარ მომზადებული პირობები წარუდგინეს, რომელთა შესრულებაზეც იქნება დამოკიდებული მათი პოზიცია ბიუჯეტის კანონის მიღებისას. საბიუჯეტო განხილვას საკოორდინაციო საბჭოზე რაიონების გამგებლებიც ესწრებოდნენ.

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ”იმის თქმა, თითქოს 2003 წლის ბიუჯეტის პროექტი არაფერს წარმოადგენს, არ იქნება მართალი. გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, გაზრდილია შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილიც, 12 მილიონამდე გაიზარდა ტრანსფერების რაოდენობა ”. თუმცა კომიტეტში შენიშვნები მაინც აქვთ და, ალბათ, სწორედ ამ შენიშვნების ირგვლივ გაიმართება საბიუჯეტო ვაჭრობა.

ნებისმიერი მოწვევის პარლამენტში რეგიონის მაჟორიტარების მთავარ ფუნქციას მათი რაიონებისათვის რაც შეიძლება მეტი თანხების გამოყოფა წარმოადგენდა. საბოლოოდ, რეგიონის ლობირებას უკეთ ახერხებდა ის მაჟორიტარი, რომელსაც მეტი გავლენა ჰქონდა. ქართული პარლამენტარიზმის ეს ტრადიცია, ალბათ, არც ამჯერად დაირღვევა და ბიუჯეტის მხარდაჭერის კოეფიციენტი ამა თუ იმ რეგიონის ტრანსფერების პირდაპირპროპორციული იქნება. წინასწარი ინფორმაციით, 2003 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, 5 მილიონი ლარის ”წამატებაზეა” საუბარი. მაგრამ, თუ რეგიონების დეპუტატების გულის მოგება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, ამას ვერ ვიტყვით აჭარის დეპუტაციაზე, რომელიც, უნდა ვივარაუდოთ, ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მინისტრი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და მას 118 მხარდამჭერის მოგროვება დღევანდელ საკანონმდებლო ხელისუფლებაში პრობლემად არ მიაჩნია.
XS
SM
MD
LG