Accessibility links

logo-print

არსებობს თუ არა რაიმე კავშირი სიღარიბესა და ტერორიზმს შორის?


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოთქვა მოსაზრება, რომ არ არსებობს არავითარი კავშირი სიღარიბესა და ტერორიზმს შორის; ანუ სიღარიბე, თავისთავად, არ უბიძგებს ადამიანს ტერორისტული აქტისკენ.

მიმომხილველები, რომლებსაც ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი ესაუბრა, იზიარებენ ამ აზრს და აღნიშნავენ, რომ ამერიკას მდიდარი ისლამისტი ექსტრემისტები უქმნიან საფრთხეს, ის ადამიანები, კატეგორიულად რომ უარყოფენ თანამედროვე ფასეულობებს.


ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ფსიქოლოგი ჯეროლდ პოსტი ტერორიზმში ეჭვმიტანილ 35 პატიმარს ესაუბრა ახლახან ისრაელში იმის გასარკვევად, რა აიძულებს ამ ადამიანებს, თავი გაწირონ ტერორისტული აქტის განხორციელებისას.

"ყველაზე მეტად ამ ადამიანების ნორმალურმა აზროვნებამ გამაოცა. ისინი სულაც არ არიან გონებაარეული ფანატიკოსები. როცა ვკითხე, რამ მიგიყვანათ ამგვარ გადაწყვეტილებამდე-მეთქი, პასუხები იდენტური იყო – ჩვენი მიმდევარია ყველაო" – განაცხადა ჯეროლდ პოსტმა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბუშმა გლობალური ომი გამოუცხადა ტერორიზმს, რაც გასული წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა შედეგად, ამერიკაში არ ცხრება პოლემიკა იმის თაობაზე, თუ რა მოტივი ამოძრავებს ტერორისტებს. ტერორიზმის გამომწვევ ძირითად ფაქტორად მრავალმა მიმომხილველმა მაშინ სიღარიბე დაასახელა. თუმცა დღეს, თითქმის აღარავინ ეთანხმება ამ აზრს. მიმომხილველები და ოფიციალური პირები ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ნომერ პირველი ტერორისტი მთელს მსოფლიოში ოსამა ბინ ლადენი მულტიმილიონერია, ხოლო უმრავლესობა იმ 19 თვითმკვლელი ტერორისტისა, 11 სექტემბრის თავდასხმაში რომ მონაწილეობდნენ, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში მცხოვრები შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ.

როგორც პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, სიღარიბე არ წარმოშობს მკვლელებს: [ჯორჯ ბუშის ხმა] "საერთაშორისო ტერორისტებისთვის სიღარიბე მხოლოდ ბერკეტია თავიანთი რიგების შესავსებად. მაგრამ სიღარიბე არ წარმოშობს მკვლელებს და ეს მნიშვნელოვანი განსხვავება გასათვალისწინებელია."

მიმომხილველები ეთანხმებიან ამ აზრს. ისინი ამბობენ, რომ სიღარიბე ნაწილობრივ ასრულებს ამ რთულ პროცესში როლს, როცა ექსტრემისტები, რომლებიც უარყოფენ თანამედროვე ფასეულობებს და ჰგმობენ აშშ-ის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, "საზარბაზნე ხორცად" იყენებენ სასოწარკვეთილ არაბ ახალგაზრდებს.

პროფესორ ჯეროლდ პოსტის აზრით, მრავალი ახალგაზრდა მუსლიმანი იმედგაცრუებულია იმით, რომ ფაქტობრივად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები ისეთ ავტორიტარულ საზოგადოებებში, როგორიც ეგვიპტე და საუდის არაბეთია, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს. ხოლო ისლამისტები სარგებლობენ შემთხვევით და მათი აგიტაციის წყალობით, არაბი ახალგაზრდების უკმაყოფილება მიმართულია არა ხსენებული ავტორიტარული რეჟიმების, არამედ ისრაელის, დასავლეთისა და მისი მთავარი სიმბოლოს, ამერიკის წინააღმდეგ.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან ბრაუნი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაჰმადიანებში ფართოდ გავრცელდა აზრი იმის შესახებ, რომ აშშ თავის იდეალებს ღალატობს არაბულ სამყაროში: [ნათან ბრაუნის ხმა] "ისინი ხედავენ, რომ შეერთებული შტატები ავტორიტარულ რეჟიმებს უჭერს მხარს. ისინი ხედავენ, რომ შეერთებული შტატების მოქმედება არაბეთ-ისრაელის კონფლიქტში თავისუფლების იდეალებს ეწინააღმდეგება. ისინი, ფაქტობრივად, აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები თვალთმაქცობს, და არა იმიტომ, რომ მაჰმადიანებს არ მოსწონთ მისი იდეალები, არამედ იმიტომ, რომ შეერთებული შტატები საკუთარ იდეალებს ღალატობს."

თუმცა პრეზიდენტი ბუში ხშირად ამბობს, რომ ტერორისტებს თავისუფლებისადმი სიძულვილი ამოძრავებს. "ისინი თავს გვესხმიან, ვინაიდან ამერიკა თავისუფლების შუქურაა მთელს მსოფლიოში" – აცხადებს ჯორჯ ბუში.

თუ პრეზიდენტმა ბუშმა "რადიკალური რელიგიური ტერორიზმის" კატეგორიას მიაკუთვნა ოსამა ბინ ლადენის ექსტრემიზმი, პროფესორი ჯეროლდ პოსტი ტერორიზმის კიდევ სამ სახეობას გამოყოფს: ნაციონალისტ-სეპარატისტებს (ბასკების ორგანიზაცია ეტა); მარქსიზმით მონუსხულ სოციალ რევოლუციონერებს, (წითელი ბრიგადები იტალიაში); და მემარჯვენე ტერორისტებს, რომლებსაც მთავრობის დამხობა სურთ, როგორიც იყო ამერიკელი ტიმოთი მაკვეი, რომელმაც 168 ადამიანი მოკლა, როცა 1995 წელს, ოკლაჰომაში, შენობა ააფეთქა.
XS
SM
MD
LG