Accessibility links

ეროვნული თანხმობის დარბაზმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კურსი აიღო


ეროვნული თანხმობის დარბაზი საქართველოს პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა სათათბიროა, საკმაოდ პრეტენზიული განაცხადით - მიღწეულ იქნას საერთო ეროვნული თანხმობა

ქვეყნისათვის სისხლხორცეულ ყველა მნიშვნელოვან საკითხში. ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა, მით უმეტეს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რადიკალიზაცია უფრო ახასიათებს, ვიდრე კონსენსუსისკენ სწრაფვა. ასეთ ფონზე კი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეროვნული თანხმობის დარბაზმა დაფუძნებისთანავე შეიძინა ფუნქცია: შეძლო განსხვავებული აზრის ადამიანების შეკრება და რამდენიმე საერთო დოკუმენტის შექმნა. მას შემდეგ იყო თითქმის ორწლიანი პაუზა, რომელიც შეიძლება უკვე დასრულებულად მივიჩნიოთ.

ეროვნული თანხმობის დარბაზი 1998 წლიდან შეუდგა მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოღვაწეობა სკეპსისის სერიოზულ საბაბს იძლეოდა, დარბაზმა არსებობის პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 40-ჯერ შეძლო დაპირისპირებულ მხარეთა ერთ მაგიდასთან დასმა და რამდენიმე საერთო დოკუმენტის გაფორმება. ამათგან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც მოგვიანებით განსახილველად პარლამენტში იქნა წარდგენილი. აქვე შეგვიძლია დარბაზის აქტივში მოხვედრილი ისეთი საკითხის გახსენება, როგორიცაა 1991-92 წლების მოვლენათა პოლიტიკური შეფასება, რისი პირველი ინიციატორიც სწორედ დარბაზი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მოგვიანებით სწორედ ამ ინიციატივას მოჰყვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მიღებული ცნობილი დადგენილება.
გრძელვადიანი დღის წესრიგი კი ამჯერად შემოიფარგლება სამი ძირითადი საკითხით,
რომელთაგან საკვანძოდ მიჩნეულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა. მისი მოგვარების სავარაუდო მოდელზე დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ექს-მინისტრი ბაკურ გულუა საუბრობს. დიდი პოლიტიკიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ იგი დღეს, პრაქტიკულად, პირველად ჩნდება ავანსცენაზე.
ბაკურ გულუას საუბრიდან გამომდინარე, უახლოეს ხანში ეროვნული თანხმობის დარბაზის წევრებად - გნებავთ, მონაწილეებად, უკეთეს შემთხვევაში - საქართველოს სეპარატისტული კუთხეების წარმომადგენლებიც უნდა ვიგულისხმოთ. აქვე უპრიანია ვახსენოთ მეორე არანაკლებ ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა, საქართველოს სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც სწორედ დარბაზში გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ, რუსული მხარის მოთხოვნით, მას უახლოეს ხანში ქართულ-ოსური კონფლიქტის მედიატორის როლში ვიხილავთ. ვახტანგ რჩეულიშვილი სტატუსის განსაზღვრას საქართველოს პარლამენტისგან ელის. ამ რანგში იგი თავს ან საქართველო-რუსეთის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ მოიაზრებს ან საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად კონფლიქტის ზონაში.
ვახტანგ რჩეულიშვილის არათავმდაბლობა და ქართულ-ოსური კონფლიქტის რუსეთის დახმარებით მოგვარების პერსპექტივა ძალზე მკვეთრად და რადიკალურად შეაფასა დარბაზის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, სახალხო ფრონტის ლიდერმა ნოდარ ნათაძემ. მან ეროვნული ინტერესებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია რუსული ლობი ვახტანგ რჩეულიშვილის სახით და დარბაზს ამგვარი საკითხების ბლოკირებისაკენ მოუწოდა. შესაბამისად, თანხმობა დარბაზის პირველსავე სხდომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
XS
SM
MD
LG