Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ჩეჩნეთში რეფერენდუმის ჩატარების გეგმები, შეიძლება ფუჭი მცდელობა აღმოჩნდეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კრემლმა მოიწონა ჩეჩნეთში რეფერენდუმის ჩატარების გეგმა ახალი კონსტიტუციის თაობაზე. მას მხარს უჭერენ მოსკოვის მიმართ კეთილგანწყობილი ჩეჩნები, რომელთა აზრით,

ეს არის მშვიდობის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა. ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ რეფერენდუმს აზრი არ ექნება, თუ მასში სეპარატიcტები არ მიიღებენ მონაწილეობას.




იდეა პირველად პრომოსკოვურად განწყობილმა ჩეჩნებმა წამოაყენეს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვაში მათ თქვეს, რომ ჩეჩნეთის მთავარი პრობლემა კონსტიტუციის უქონლობაა. კრემლის მიერ მოწონებული კონსტიტუცია ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და ერთპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ასლანბეკ ასლახანოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმს წინ უნდა უძღოდეს საერთაშორისო კონფერენცია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი ვინ დაესწრება მას. ასლახანოვის თქმით, მან ეს საკითხი კრემლთან განიხილა და გადაწყდა, რომ კონფერენციაზე უნდა მიიწვიონ ჩეჩნეთის ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვისზეც რუსეთის მიერ ძიება არ არის გამოცხადებული.

საკითხი, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს კონფერენცია ღიად რჩება, ვინაიდან ჩეჩენ სეპარატისტთა თითქმის ყველა ლიდერი, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ჩათვლით, რუსეთის ხელისუფლები მიერ დამნაშავედ არის აღიარებული. ორი კვირის წინათ პრეზიდენტმა პუტინმა მასხადოვს მკვლელი და არამზადა უწოდა და რესპუბლიკის თითქმის ყველა უბედურება მას დააბრალა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და მისი ყოფილი თავმჯდომარე ივან რიბკინი თვლის, რომ თუ რეფერენდუმში სეპარატისტთა ლიდერები არ მიიღებენ მონაწილეობას, მას წარმატება არ ექნება. მისი თქმით, "ადამიანებმა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ 100-ათასიან ფედერალურ ჯარს, უნდა მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში."

ბრიუსელის ევროპის პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის ანალიტიკოსი, რუსეთის პოლიტიკის სპეციალისტი მარიუს ვალი იზიარებს ამ აზრს და თვლის, რომ რეფენდუმისთვის ან არჩევნებისთვის ჩეჩნეთი ჯერჯერობით მზად არ არის. მისი თქმით, სეპარატისტები არ შეწყვეტენ ბრძოლას მხოლოდ იმის გამო, რომ რუსებმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს.

ვალი ფიქრობს, რომ რუსებს შეიძლება სურდეთ რეფერნდუმით აჩვენონ დასავლეთს, რომ ცდილობენ ჩეჩნეთის კრიზისის მოგვარების მშვიდობიანი გზის გამონახვას. მაგრამ მხოლოდ რეფერენდუმი მაინცდამაინც დამაჯერებელი საშუალება არ არის.

[ვალის ხმა] "მე ვფიქრობ, დასავლეთის აზრი ნათელია – თქვენ გმართებთ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვა, პოლიტიკური დარეგულიოების მისაღწევად საჭიროა მოლაპარაკებები მებრძოლ მხარეებს შორის. არა მგონია რეფერენდუმის ჩატარებამ იმ ნაწილში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, დასავლეთზე რაიმე შთაბეჭდილება მოახდინოს."

ვალის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებს ფრანგი ექსპერტი დოვ ლინჩი. მისი თქმით, რეფერენდუმი "პოტიომკინის სოფლის" მაგვარი ღონისძიება იქნება.

ანალიტიკოსების პროგნოზით, კენჭისყრა რუსეთისთვის სასურველ შედეგს გამოიღებს, ვინაიდან სეპარატისტები მას ბოიკოტს გამოუცხადებენ, სამაგიეროდ ჩეჩნეთში დისლოცირებულმა 100 ათასმა რუსმა ჯარისკაცმა შეიძლება მიიღოს რეფერენდუმში მონაწილეობა
XS
SM
MD
LG