Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ექსპერტები ერაყში საქმიანობის პირველი ორი დღის შედეგებით კმაყოფილი არიან


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს 28 ნოემბერს, ერაყში მივლინებულმა გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ორი ობიექტი შეამოწმეს ბაღდადის შემოგარენში. ექსპერტებმა, ერაყის ოფიციალურ წარმომადგენელთა თანხლებით,

მოინახულეს ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორია და ბიოქიმიური ლაბორატორია. წინა დღით, ბაღდადის მახლობლად, შემოწმებულ იქნა 3 ობიექტი, რომლებიც, შესაძლოა, ბირთვული შეიარაღების პროგრამასთან იყოს დაკავშირებული. შემოწმების შედეგები არ გამოქვეყნებულა.

ხუთშაბათს, განიარაღების ექსპერტთა ერთმა ჯგუფმა ბაღდადის სამხრეთით, დორას შემოგარენში მდებარე ბიოქიმიური ლაბორატორია შეამოწმა. ხოლო მეორე ჯგუფმა ნასრის, ანუ გამარჯვების კომპლექსი მოინახულა ბაღდადის ჩრდილოეთით, 25 კილომეტრში მდებარე თაჯის რაიონში, სადაც ქარხნები ჩვეულებრივი შეიარაღებისათვის საჭირო ტყვია-წამალსა და სამოქალაქო დანიშნულების მძიმე დაზგებს აწარმოებენ.

ორივე ჯგუფს, რომლებსაც ერაყის ოფიციალური წარმომადგენლები ახლდნენ, უმალვე მისცეს ხსენებულ ობიექტებში შესვლის უფლება. "ჩვენ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გვესაჭიროება ერაყში ობიექტების შემოწმება" – უთხრა კორესპონდენტებს გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის წევრმა მელისა ფლემინგმა.

დორას შემოგარენში მდებარე ბიოქიმიურ ლაბორატორიაში მისულმა ექსპერტებმა ჯერ შენობის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს, შეამოწმეს წყლის ვეებერთელა ავზები და, საწყობში ოცწუთიანი შეყოვნების შემდეგ, ლაბორატორიის მთავარ შენობაში შევიდნენ.

თაჯის რაიონში მისულ ექსპერტებს, ერაყელი მცველები დახვდნენ საწარმოო კომპლექსის მთავარ შესასვლელთან, რომელსაც ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის უზარმაზარი პორტრეტი "ამშვენებდა".

ოთხშაბათს, გაეროს განიარაღების ექსპერტებმა 3 ობიექტი შეამოწმეს ბაღდადის მახლობლად: თავდაცვის სამინისტროს მექანიკური საამქრო, გრაფიტის ქარხანა და რაკეტების გამოსაცდელი პოლიგონი ალ-რაფა. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათების მეშვეობით, აშშ-ის სადაზვერვო უწყების ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ალ-რაფაში შეიძლება ისეთი რაკეტებისათვის საჭირო ძრავების გამოცდა, რომელთა წარმოებას ბაღდადს გაეროს რეზოლუციები უკრძალავს. ერაყს უფლება აქვს, რაკეტები აწარმოოს, მაგრამ მათი მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

გაეროს განიარაღების ექსპერტები ჯერჯერობით კმაყოფილებას გამოთქვამენ ერაყში თავიანთი საქმიანობის განახლებით და აცხადებენ, რომ ერაყის ხელისუფლება ყოველმხრივ თანამშრომლობს მათთან.

განიარაღების ექსპერტებმა იანვრის მიწურულს უნდა მოახსენონ გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყში განახლებული მისიის პირველი შედეგები. ხოლო ბაღდადმა 8 დეკემბრისათვის უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია თავისი არსენალის შესახებ. თუ ექსპერტები ოფიციალურად დაადასტურებენ, რომ ერაყის ხელისუფლება ყოველმხრივ თანამშრომლობდა მათთან და უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ყველა მოთხოვნა შეასრულა, მაშინ გაერო გააუქმებს იმ ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც ერაყის წინააღმდეგ იქნა მიღებული 1990 წელს – მას შემდეგ, რაც ბაღდადმა შეიარაღებული აგრესია განახორციელა მეზობელ ქუვეითში.
XS
SM
MD
LG