Accessibility links

logo-print

ბუშმა კისინჯერი 11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 27 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი დანიშნა იმ კომისიის თავმჯდომარედ, რომელიც 11 სექტემბრის ტერორისტული

აქტების წინა პერიოდში მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს გამოიძიებს.

კომისიაში 10 წევრი იქნება, ხუთი რესპუბლიკელი და ამდენივე დემოკრატი. პრეზიდენტმა, რომელიც უწინ ეწინააღმდეგებოდა თავდასხმების დამოუკიდებელი გამოძიების იდეას, კანონზე ხელისმოწერისას უთხრა ტერაქტებს გადარჩენილებსა და მსხვერპლთა ოჯახის წევრებს, რომ კომისიის გამოძიების შედეგად მთავრობა საკუთარი შეცდომებიდან დასკვნებს გამოიტანს, რაც დაეხმარება მას მომავალში თავიდან აიცილოს ტერორისტული თავდასხმები.

[ბუშის ხმა] "ეს გამოძიება გულდასმით შეისწავლის ყველა სამხილს და ბოლომდე გაადევნებს თვალს ყველა ფაქტს, რაზეც უნდა მიუთითებდნენ ისინი. ჩვენ უნდა გამოვააშკაროთ 11 სექტემბრის ყველა დეტალი. ჩემი ადმინისტრაცია იმოქმედებს იმ გაკვეთილების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკეთ დასაცავად ვისწავლით."

79 წლის კისინჯერმა, გამოეხმაურა რა პრეზიდენტის მოთხოვნას, ბოლომდე ჩასწვდეს ფაქტებს, თქვა, რომ მუშაობაში არავითარ შეზღუდვებს არ შეურიგდება.

კომისია გამოიყენებს კონგრესის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს. მასში აღნიშნულია, რომ იგნორირებულ იქნა ან არასწორად იქნა გაგებული ზოგიერთი ნიშანი, რომელიც თვითმფრინავების გატაცებაზე მიუთითებდა.

კანონმდებლებმა გააკრიტიკეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართრ!ველო, იმისთვის, რომ ის 2000 წელს ბოლომდე არ ჩასწვდა "ალ ყაიდის" ორი წევრის საქმიანობას. შემდეგ აღმოჩნდა, რომ პენტაგონს დაჯახებული თვითმფრინავის ხუთ გამტაცებელს შორის ეს ორი ალყაიდელიც იყო.

კონგრესის გამომძიებლებმა მიუთითეს, აგრეთვე სუსტ კომუნიკაციაზე გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შორის ტერორიზმის სფეროში.

გაკრიტიკებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო პოლიტიკაც, რომელმაც დაუშვა რომ ამერიკაში დაუბრკოლებლად შეაღწია თვითმფრინავების 19-ვე გამტაცებელმა.

დემოკრატებმა და მსხვერპლთა ოჯახის წევრების ნაწილმა მოითხოვეს, რომ მთავრობის მოქმედება 11 სექტემბრის წინა პერიოდში უფრო კრიტიკულად შეფასდეს.

აქამდე არ არის ნათელი, რამდენად ღრმა უნდა იყოს გამოძიება. მაგალითად, მოეთხოვება თუ არა თვით ბუშს ჩვენებების მიცემა. პრეზიდენტის მიერ კომისიის შექმნის შესახებ კანონზე ხელმოწერის წინა დღეს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბუში, როგორც ჩანს, არ წარდგება კომისიის წინაშე, ვინაიდან ამის პრეცედენტი არ არსებობს, თუმცა როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, არც მთლად ასეა საქმე.

მაგალითად, პრეზიდენტმა რონალდ რეიგენმა ჩვენება მისცა ე.წ."ირანგეიტის" საქმის შემსწავლელ კომისიას, ხოლო პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს მოუხდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე, თუ რატომ შეიწყალა პრეზიდენტი ნიქსონი.

დემოკრატი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი მოითხოვს, რომ ბუშმა კომისიას მისცეს ჩვენებები. "გამიკვირდება, თუ ეს კომისია, რომელიც, სიმართლის დადგენას ცდილობს, არ მოინდომებს პრეზიდენტთან და მისი ადმინისტრაციისა და წინა ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან საუბარსო," თქვა დემოკრატმა სენატორმა.
XS
SM
MD
LG