Accessibility links

logo-print

ნავთობის იაფი გზით ტრანსპორტირება ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს


ჩვენს დროში ნავთობს ადამიანისა და ბუნებისთვის უდიდესი უბედურება მოაქვს.

ბევრი იფიქრებდა, რომ ეს ნავთობის ცალმხრივი შეფასებაა. ის ხომ ადამიანისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიის წყაროა. მაშ, რას ვემართლებით ნავთობს? ნავთობს არაფერს, მაგრამ იმას კი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც ბოროტად იყენებს ამ, თავისთავად, მეტად ძვირფას საწვავ წიაღისეულს. რას ნიშნავს ნავთობის ბოროტად გამოყენება? ნავთობი მსოფლიო ტვირთბრუნვაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელია, რომლის ფასიც გავლენას ახდენს საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო ოპერაციებზე. მასთან უშუალოდ არის დაკავშირებული აშშ-ის ფულადი ერთეული - დოლარი და, შესაბამისად, სხვა არაერთი ვალუტა. მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე, ნავთობისა და მისი პროდუქტების ტრანსპორტირების სფერო, რომელიც დიდ მოგებას აძლევს არა მარტო საკუთრივ ნავთობით მოვაჭრეებს, არამედ მის გადამზიდველებსაც. ნავთობის ტრანსპორტირება სხვადასხვა გზით ხდება, უმთავრესად, გემებით და მილსადენებით. ეს სატრანსპორტო საშუალებებიც საერთაშორისო გეოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. სხვაგან - ავღანეთში, ირანსა თუ ჩეჩნეთში - წასვლა არ გჭირდება კაცს, საქართველო ხომ ამ პროცესის ავანგარდში ყოფნას ესწრაფვის და მისი ხელისუფლება ცდილობს ხალხს მომავლის იმედი ნავთობსადენის საშუალებითაც ჩაუნერგოს. ნავთობის ტრანსპორტირებას რომ ზიანის მოტანაც შეუძლია, ეს აზრი საქართველოშიც ტრიალებს. ლაპარაკობენ იმაზე, რომ სადენიდან ნავთობის გაჟონვამ, შესაძლოა, ბუნების გაბინძურება გამოიწვიოს. კერძოდ, ეს თუ ბორჯომის არეალში მოხდა, საქართველოს საამაყო სამკურნალო წყალმა არათუ სამკურნალო თვისებები შეიძლება დაკარგოს საბოლოოდ, არამედ, შესაძლებელია, საწამლავადაც კი იქცეს.

მავანთ და მავანთ ნავთობის იაფი გზით ტრანსპორტირება გამდიდრების წყაროდ რომ გაიხადეს, სწორედ ამას შეეწირნენ ესპანეთის გალიციის სანაპიროს მცხოვრებნი. შეგახსენებთ, რა მოხდა ესპანეთის სანაპიროსთან: იქ ავარია განიცადა ნავთობმზიდმა, სახელწოდებით “პრესტიჟი”, რომლის ბორტზე 77 ათას ტონაზე მეტი მძიმე - როგოც ირკვევა, ციმბირის - ნავთობი იყო. ნავთობის წყალში ჩაღვრამ კატასტროფა გამოიწვია ესპანეთისა და პორტუგალის სანაპიროზე. ნავთობის უზარმაზარი ლაქა სანაპიროსკენ მოძრაობს და სულ უფრო და უფრო მეტ არეალს აყენებს აუნაზღაურებელ ზარალს. ათეულათასობით ფრინველი დაიხოცა, ნადგურდება ოკეანის სხვა უამრავი ბინადარი. მეთევზეობა, რომელიც გალიციის ეკონომიკის მნივშნელოვანი ნაწილია, ამ რეგიონში შეუძლებელი იქნება, ვინ იცის, კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში. საბოლოოდ, ავარიის მიზეზი ძნელი გასარკვევი გახდება, ძნელი გასარკვევი იქნება, ვინ იყო დამნაშავე და ვისი დაუდევრობის შედეგად მოჰყვა ავარიას ტანკერის შუაზე გადამტვრევა და ჩაძირვა. შეგახსენებთ, რომ უშუალოდ ავარიის შემდეგ ესპანეთის ხელისუფლებამ მოითხოვა თავისი სანაპიროდან ტანკერის მაქსიმალურად შორს გაყვანა, იქ მისი დაცლა და ნავთობის სხვა გემებში გადატუმბვა. ასევე მოიქცა პორტუგალიის მთავრობაც, რომელმაც უარი თქვა ტანკერის მიღებაზე თავის რომელიმე ნავსადგურში, იქ მის დაცლასა და შეკეთებაზე. უამინდობისა და დიდი ღელვის გამო შეუძლებელი გახდა გემის დაცლა გაშლილ ზღვაში. ტანკერი “პრესტიჟი,” როგორც იცით, მალევე დაიმსხვრა, ჩაიძირა და ნავთობიც თან ჩაიყოლა. აღსანიშნავია, რომ ტანკერი ინგლისში იყო დაზღვეული, ბაჰამას დროშით დაცურავდა, ლიბერიის საკუთრებას წარმოადგენდა და ლიბერიისავე სატრანსპორტო ფირმის ათენის ბიუროს საშუალებით ქირავდებოდა. ეს ფირმა, თავის მხრივ, საბერძნეთის ერთ სანაოსნო კამპანიას ეკუთვნის. გემს რუსეთში - კერძოდ, ციმბირში - მოპოვებული ნავთობი ლატვიიდან სინგაპურში მიჰქონდა, რუსეთის მოქალაქეების მიერ დასავლეთში დაარსებული ფირმის “კროუნ რისორსის” შეკვეთით. გემის ეკიპაჟი შერეული იყო: კაპიტანი ბერძენი, მატროსები კი რუმინელები და ფილიპინელები იყვნენ. გერმანიის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა დანიელი ლოცმანის იენს ტიუსენის აზრი ამ ტანკერის შესახებ, რომელსაც ის ლოცმანობას უწევდა ნოემბერში. მისი თქმით, გემის ზღვაზე გაშვება არ შეიძლებოდა ტექნიკური გაუმართაობისა და სიძველის გამო. ტანკერი უკვე 26 წლის იყო და მისი სარადარო დანადგარი აღარ მუშაობდა. საბერძნეთმა უარყო ევროპის კომისიის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ “პრესტიჟი” რეისში გასვლამდე არ შემოწმდა. ამ ქვეყნის საზღვაო-სატრანსპორტო უწყების განმარტებით, ეს გემი საბერძნეთის ნავსადგურ კალამატაში ბოლო შესვლისას სატრანზიტო სტატუსით სარგებლობდა, ამგვარ გემებს კი შემოწმებას არ უტარებენ, თუკი საგანგებო მითითება არა აქვთ. დანიელმა ლოცმანმა კი, სხვათა შორის, აღიარა, რომ თავისი კლიენტების დაბეზღება არ უყვარს და ამიტომაც არ გაამხილა, რომ “პრესტიჟი” წესრიგში არ იყო. როგორც ირკვევა, ეს ტანკერი 1999 წელს შემოწმდა ამსტერდამში, წელს კი მან კონტროლი გაიარა რუსეთში, პეტერბურგში, სადაც ეკიპაჟს ზღვაში გასვლის ნება დაერთო. “პრესტიჟის” ავარიის მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მისი ძირი ერთკედლიანი იყო. არაერთი ორგანიზაცია მოითხოვს, რომ შემუშავდეს საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სავალდებულოს გახდის საშიში ტვირთის მქონე გემების ძირის ორშრიანობას. როგორც ითქვა, ნავთობით ვაჭრობა და მისი ტრანსპორტირება მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის სერიოზული ნაწილია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ სანავთობო ფირმები უძლიერესი კორპორაციებია მსოფლიოში, არ უნდა იყოს ძნელი გემების ტექნიკური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების ზომების დაცვა, რაც, ცხადია, ხარჯებთან არის დაკავშირებული. არც ის არის დასამალი, რომ სანავთობო ფირმების ეკოლოგიური ცნობიერება ერთობ დაბალია. სანამ ეს ასეა, რუსეთის ნავთობის ექსპორტიორები იმოქმედებენ კრედოს თანახმად, რომ, რაც უფრო ძველი და დაჟანგულია ტანკერი, მით უფრო იაფია მისი დაქირავება და მეტია მოგება ოპერაციიდან.
XS
SM
MD
LG