Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ რუსეთში ნატოს გაფართოების პროცესზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესა განაგრძობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებული წერილების გამოქვეყნებას. ყოველკვირეული “არგუმენტი ი ფაკტის” ავტორები განსხვავებულად აფასებენ ამ მოვლენას.



“უნდა გვეშინოდეს თუ არა ნატოსი?” – ასეთ კითხვას სვამს ავტორი, ვიტალი ცეპლიაევი, რომლის თქმით, “ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრაღის სამიტმა რუსეთის ე.წ. “ჯანსაღი პატრიოტული ძალების” მოსალოდნელი რეფლექსი გამოიწვია, - თითქოს, პავლოვის ძაღლი ანთებულ ნათურაზე რეაგირებდეს: აღმოსავლეთისკენ ნატოს მცოცავ გაფართოებაში მათ დასავლეთის მიერ ჩვენი დაპყრობის აკვიატებული სურვილი დაინახეს. ბ-მა ზიუგანოვმა ახალ 1941 წელზეც კი დაიწყო საუბარი”.

ავტორის აზრით კი, რუსეთსაც და ნატოსაც დღეს რეალური მოწინააღმდეგე ჰყავს ტერორიზმის სახით. იგი წერს:

“ფაქტი ფაქტად რჩება: მსოფლიოსთვის რეალური საფრთხე არა რომელიმე ქვეყნიდან, არამედ რელიგიური და ეთნიკური ყაიდის ორგანიზაციებიდან მოდის. და ამ საფრთხესთან საბრძოლველად
აშშ-სა და ევროპას გაუძნელდება რუსეთზე უკეთესი მოკავშირის მოძებნა. ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მდებარეობა უკავია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირების ხაზზე”.

ამასთან ერთად, ვიტალი ცეპლიაევი მიიჩნევს და, შესაძლოა, არცთუ ისე მართებულად, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტებისთვის - პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის - ნატოში გაწევრიანება დიდ მატერიალურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. “ამიერიდან მათ საკუთარი სახსრებით მოუწევთ იარაღის ყიდვა და ნატოს ჩინოვნიკებისა და გენერლების უზარმაზარი არმიის გამოკვება”, - წერს “არგუმენტი ი ფაკტი”.

არმიის გადამდგარი გენერალი ვალენტინ ვარენიკოვი ყოველკვირეულის ფურცლებზე აცხადებს, რომ “1991 წელს ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ, რომელიც ნატოს საპირწონეს წარმოადგენდა, ამ ბლოკის არსებობა უაზრობად იქცა. თუმცა ამერიკელებმა იპოვეს მისი შენარჩუნების საბაბი – საერთაშორისო ტერორიზმი, მაგრამ ეს ბლეფია. ტანკების, ზარბაზნებისა და ბ-52 ბომბდამშენების საშუალებით ისლამისტ ფანატიკოსებს ვერ დაამარცხებ. ეს სპეცსამსახურების საქმეა და არა არმიის”.

ვარენიკოვის თქმით, “ამერიკა თანდათან ალყაში აქცევს რუსეთს და თითქმის არაფერი აშორებს რუსეთის დასავლეთის საზღვრებისგან. სამხრეთშიც აპირებს გაფართოებას, - ნატოსკენ მიიწევს “ჩვენი დაუძინებელი მეგობარი” შევარდნაძე. შუა აზიაში უკვე გაჩნდა ბაზები ბენ ლადენთან ბრძოლის საბაბით. ბენ ლადენი ვერ იპოვეს, ბაზები კი დარჩა. რკალი ვიწროვდება და ეს შემთხვევითი არ არის”.

შემდეგ ავტორი წერს:

“არ ვამბობ, რომ აშშ რუსეთზე თავდასხმას აპირებს,მაგრამ ჩვენ მიგვანიშნებენ, რომ მათ პოლიტიკას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ”.
“რასაკვირველია, ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა უნდა გვქონდეს ამერიკასთან, დასავლეთ ევროპასთან, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ ნატოს შემდგომ გაფართოებას. ეს მიჯნა მაინც უნდა შევინარჩუნოთ, - არ გავუშვათ უკრაინა, ბელორუსია, საქართველო”.
XS
SM
MD
LG