Accessibility links

logo-print

პოლიტიკური სამკუთხედი: შევარდნაძე-ჯორბენაძე-რჩეულიშვილი


ავთანდილ ჯორბენაძისა და ვახტანგ რჩეულიშვილის პოლიტიკური ტანდემი, როგორც წესი, პარტიული კუთხით წარმოჩნდება: საზოგადოებას ატყობინებენ,

რომ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და სოციალისტური პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთ ბლოკში გაერთიანდება.

მაგრამ ამ პოლიტიკურ მეგობრობას ახლავს ერთი კითხვის ნიშანი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ავთანდილ ჯორბენაძის თანამდებობას და მის საქმიანობას სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.


1995 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კურსი ეჭვს არ იწვევს. ეს კურსი გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველო გაწევრიანდა ევროსაბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ახალი ქართული კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად დაუახლოვდა დასავლურ სტანდარტებს, ოფიციალურად გამოცხადდა ქვეყნის მისწრაფება ნატოში ინტეგრაციისკენ...

საქართველოს სახელმწიფოს დასავლური კურსის ავტორად და ამ კურსის განხორციელების უპირველეს გარანტად მიჩნეულია ქვეყნის პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე. სახელმწიფო მინისტრი კი – კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის საგანგებო დავალებათა შემსრულებელია. პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფო მინისტრი, არ შეიძლება იგი დაპირისპირებული აღმოჩნდეს სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ კურსთან.

ავთანდილ ჯორბენაძისა და ვახტანგ რჩეულიშვლის პოლიტიკური დამეგობრება უშუალოდ კრავს სამკუთხედს: შევარდნაძე-ჯორბენაძე-რჩეულიშვილი. იმის გამო, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი ქართულ პოლიტიკაში რუსული ინტერესების ღია და საჯარო ლობისტია, საკითხავი ხდება, რა პოლიტიკურ კურსს შესთავაზებს ამომრჩეველს მოქალაქეთა კავშირისა და სოციალისტების ერთიანი საარჩევნო ბლოკი. ამის გარდა, საკითხავი ხდება, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ის საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის შექმნასაც აპირებს სახელისუფლო პარტია სოციალისტებთან ერთად. დაბოლოს, საკითხავი ხდება, სახელმწიფო მინისტრი მოვა წინააღმდეგობაში პრეზიდენტთან თუ პრეზიდენტი დაუპირისპირდება თავის მიერვე ათასგზის დეკლარირებულ სახელმწიფო კურსს.

ერთი შეხედვით, ორი პარტია უახლოვდება ერთმანეთს პრაგმატული მოსაზრებებით. ბევრი პოლიტიკოსი მიესალმება კიდეც ამ გამჟღავნებულ პარტნიორობას. თუმცა საქმე მარტივად ნამდვილად არ არის, რაკი სახელისუფლო პარტიის ლიდერი უახლოვდება პრორუსული ინტერესების ლობისტი პარტიის ლიდერს, ხოლო სახელმწიფოს კურსი არაფრით არ თავსდება ამ გაერთიანებული პოლიტიკური ძალის ინტერესებში.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიწადი რჩება. ვიდრე ავთანდილ ჯორბენაძე სახელმწიფო მინისტრია და, იმავდროულად, სახელისუფლო პარტიის თავმჯდომარეც არის, წესით და რიგით, პრეზიდეტნმა უნდა განმარტოს, იცვლება თუ არა სახელმწფოს პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის სფეროში და რჩება თუ არა თავად ედუარდ შევარდნაძე დასავლური კურსის გარანტად. ამის შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილმა უნდა განმარტოს, ცვლის თუ არა იგი სოციალისტური პარტიის სტრატეგიულ კურსს სახელისუფლო პარტიასთან დაახლოების შემდეგ. თუ პრეზიდენტიც და სოციალისტების ლიდერიც ძველ გზაზე აგრძელებენ სვლას, მაშინ სახელმწიფო მინისტრმა და, იმავდროულად, სახელისუფლო პარტიის ლიდერმა ავთანდილ ჯორბენაძემ უნდა განმარტოს, რას სთავაზობს იგი საზოგადოებას: პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული დასავლური კურსის განხორციელებას თუ სოციალისტური პარტიის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტის გაზიარებას, ანუ რუსეთის ინტერესების ლობირებას.
XS
SM
MD
LG