Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად დაცულია ადამიანის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივი ინტერესისგან?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დასავლეთის პრესაში ზოგჯერ აქვეყნებენ ამა თუ იმ ცნობილი პირის სურათს, გადაღებულს მისთვის საჩოთირო პირობებში. დასავლეთის ჟურნალისტური პრაქტიკის კოდექსი, როგორც წესი,

არ მიესალმება ისეთი მასალების პუბლიკაციას, რომელიც ინდივიდის პირად ცხოვრებაში გაუმართლებლად შეჭრას გულისხმობს. საკითხავია, სადამდე შეიძლება წავიდეს ჟურნალისტი ამ გზაზე?

ბრიტანეთის ქალაქ შეფილდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორი ბობ ფრანკლინი ამბობს, რომ საჭიროა, ბალანსის დაცვა ორ პრინციპს შორის: პირველი – ინდივიდს აქვს პირადი ცხოვრების უცხო თვალიგან დაცვის უფლება. მეორე – პრესას აქვს უფლება, გამოიძიოს და გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

ბრიტანეთში ამ ბალანსის დაცვას ცდილობს ე.წ. პრესასთან დაკავშირებული საჩივრების კომისია. მისი კოდექსით, ნებისმიერი პირის ოჯახი და პირადი ცხოვრება დაცული უნდა იყოს. მაგალითად, ჟურნალისტს არა აქვს უფლება ტელეობიექტივით შეიჭრას ისეთ ადგილას, სადაც ინდივიდი უცხო თვალს არ მოელის.

გამონაკლისი დაიშვება, როცა ესა თუ ის პირი საზორგადოებისთვის ინტერსს წარმოადგენს ანუ, როგორც ნათქვამია, "მასალის გამოქვეყნება საზოგადოებისთვის სასარგებლოა." მაგრამ როგორც ირკვევა, ბრიტანეთის ყვითელი პრესის აზრით, საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს გამოჩენილი პირები და, განსაკუთრებით, მათი სექსუალური ცხოვრება.

აქამდე ბრიტანეთში ყველაზე სკანდალური იყო ფეხმძიმე პრინცესა დაიანას სურათი პლაჟზე, ბიკინიში. ან დაიანას ფოტო ნავში, როცა ის კოცნის თავის სატრფოს დოდი ალ-ფაიედს.

მაგრამ ყოველივე ამის შედარებაც კი არ შეიძლება იმ სკანდალურ შემთხვევასთან რომელიც ამას წინათ სომხეთში მოხდა. ყოველდღიურ გაზეთ "ორში" გამოქვეყნდა ფოტოების სერია, რომელზეც გამოსახული იყო კონკურენტი გაზეთის "არავოტის" მთავარი რედაქტორი აბრამ აბრაჰამიანი, ქალთან, ინტიმური ურთიერთობის მომენტში. ფოტოების საერთო სათაური იყო "გაახილე თვალი" – როგორც ჩანს, გაზეთის რედაქტორს, გაიანე მიქოიანს სურდა მკითხველის ყურადღება იმ ფატისთვის მიექცია, რომ აბრაჰამიანი, რომელიც ხშირად აკრიტიკებს მთავრობას, ანგელოზი არ არის.

სად მთავრდება პირადი ცხოვრება და სად იწყება საზოგადოებრივი ინტერესი? სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა სასამართლოში უჩივლა ბრიტანეთის გაზეთ "დეილი მირორს" იმისთვის, რომ მან გამოაქვეყნა კემპბელის სურათი, როცა ის ნარკოტიკების გადასაჩვევი კლინიკიდან გამოდის. მოსამართლემ ჩათვალა, რომ რაკი მოდელი თავის ნარკომანობას უარყოფდა, ეს სურათი საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს.

როგორც ფრანკლინი აღნიშნავს, ზღვრის დადგენა ძნელია. [ფრანკლინის ხმა] "თუ, მაგალითად, გადავწყვიტე, ცოლს ვუღალატო, ეს, შესაძლოა, ჩემი პირადი საქმე იყოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის წევრი ვარ, და საჯაროდ ვქადაგებ ოჯახის სიწმინდის ფასეულობებს, მაშინ ჩემი საქციელი საზოგადოებრივ ასპექტსაც შეიცავს."

თუ აბრაჰიმინს დავუბრუნდებით, ის აკრიტიკებს ხოლმე მთავრობაში კორუფციას, ოჯახის ფასეულობებზე კი არ ლაპარაკობს. აბრაჰამიანმა თქვა, რომ პუბლიკაცია მისი რესპექტაბელური გაზეთის კომპრომეტირებას ისხავდა მიზნად. აბრაჰამიანის თანამდებობრივი პოზიციისთვის ამას ზიანი არ მოუტანია. გაიანე მიქოიანი კი გაკრიტიკებულ იქნა "ჟურნალისტური ეთიკის დარღვევისთვის" და გარიცხულ იქნა სომხეთის ეროვნული პრესკლუბიდან.

საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პუბლიკაციის მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ე.წ. "პროფუმოს საქმე". 1960-იან წლებში გახმაურდა ამბავი, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ჯონ პროფუმოს წაასწრეს მეძავ ქალთან, რომელთანაც ურთიერთობა, ბრიტანელი მინისტრის გარდა, საბჭოთა კავშირის საზღვაო ატაშესაც ჰქონდა. ეს სენსაცია აშკარად იმსახურებდა საზოგადოებრივ ინტერესს. გამოქვეყნებული სურათი იმის დამამტკიცებელი იყო, რომ მინისტრის საქციელი ბრიტანეთის უსაფრთხოებას ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG