Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 463-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ “მეათე სტუდიას”. რადიოჟურნალის 463-ე გამოშვება ძირითადად კულტურისა და მეცნიერების საკითხებს ეძღვნება; თუმცა, გესაუბრებით საზოგადოების განვითარების ზოგიერთ პრობლემაზეც; გიამბობთ ქართული პრესის კომპიუტერულ არქივზე; წარმოგიდგენთ ახალ კომპაქტ-დისკს, რომელიც პირველმა ქართული ელექტრონულმა გამომცემლობამ გამოუშვა; მოგითხრობთ გამოფენაზე სახეწოდებით: “საქართველო – განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან”, რომელიც გერმანიის ქალაქ ვისბადენში გაიხსნება 1 დეკემბერს; ბოლოს კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის კათედრის ქართველ პროფესორთან გაგა შურღაიასთან. “მეათე სტუდიას” დღეს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

საქართველოს საზოგადოების განვითარების ზოგიერთი პრობლემა

დავით კაკაბაძე:
დღევანდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ვითარება გვიჩვენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას არაერთი სირთულე ახლავს თან. ამდენად, შეიძლება ვისაუბროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. ამასთან, ეს უკანასკნელი, იქნებ კიდეც ჭარბობდეს პირველს. ზოგიერთი ასეთი ტენდენციის გარშემო მსჯელობენ მწერლები თამაზ ვასაძე და ზაზა თვარაძე, რომლებსაც გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
საქართველოში თანდათან მკვიდრდება დემოკრატია და ლიბერალიზმი, ახალი ფასეულობები, მაგრამ თამაზ ვასაძის აზრით, ეს პროცესები ძალიან ზედაპირულ ხასიათს ატარებს მაშინ, როცა, როგორც ის ამბობს, ამ ფასეულობებით ცხოვრება უფრო ადვილია და მოსახერხებელი, უფრო ადვილია საზოგადოების გადარჩენა, თვითშენარჩუნება და განვითარება. მაგრამ მწერლის თქმით, დემოკრატია და ლიბერალიზმი ჯერჯერობით ვერ იქცა იმ საშუალებად, რომლის გამოყენებითაც საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება არსებობას და განვითარებას შეძლებდა.

[თამაზ ვასაძის ხმა] “საერთოდ, იმის თქმა მინდა, რომ დემოკრატიამ და ლიბერალიზმმა კი არ შეგვცვალა ჩვენ, კი არ დაგვიმსგავსა თანდათან, არამედ ჩვენ ვიმსგავსებთ დემოკრატიას და ლიბერალიზმს და ძალიან ბევრი ისეთი მოვლენა იჩენს თავს, რომელიც ამ ცნებებს არ შეეფერება, არსებითად. ჩვენებური დემოკრატია და ლიბერალიზმი ჩამოვაყალიბეთ.”

თუმცა, თამაზ ვასაძე ამბობს, რომ საქართველოში, ჯერჯერობით, შეიძლება სუსტია სახელმწიფოებრივი ცნობიერება, მაგრამ უკვე გაჩნდა იმის შეგრძნება და ჩვევა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და ეს არ არის მცირე მონაპოვარი.

ზაზა თვარაძეც იზიარებს ამ მოსაზრებას. ამასთან, ორივე მწერალი მიიჩნევს, რომ პოზიტიური პროცესებიდან ერთ-ერთ უმთავრესს საქართველოში დასავლეთის საფუძვლიანი შემოსვლა წარმოადგენს.

რაც შეეხება კონკრეტულ ხელისშემშლელ ტენდენციებს, ზაზა თვარაძის აზრით, ისინი, ალბათ, მაინც ჩვენი ცნობიერებით არის განპირობებული.

[ზაზა თვარაძის ხმა] “იმპერიიდან წამოყოლილია, თუ თვითონ ქართველებს საუკუნეების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს აქ განიხილავენ როგორც რაღაც სახმარ მასალას. ამას მოწმობს, თუნდაც, ადამიანის გატაცების მრავარიცხოვანი ფაქტები და ეს შუასაკუნეობრივი ტრადიცია ჯერაც ჩვენთან არის - ამან დაღუპა თავის დროზე საქართველოს სამეფო. დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთია, რომ ქურდს მეტი პატივი და წონა აქვს, ვიდრე გენერალს.”

მწერალი ამბობს, რომ ასეთი ცნობიერების დროს ნიველირებულია პიროვნება, ფეხს იკიდებს ნიჰილიზმი და შეუძლებელი ხდება საზოგადოების შეთანხმებული მოქმედება.

[ზაზა თვარაძის ხმა] “კულტურულ ფონს ვერ შექმნის რამდენიმე, თუნდაც, ნიჭიერი ხელოვანი. ეს უნდა იყოს კულტურული საზოგადოება, საზოგადოებრივი კულტურა უნდა არსებობდეს, ურთიერთობების კულტურა, მაგრამ როდესაც ადამიანი, პიროვნება ყველაფერს უყურებს გამოყენების თვალსაზრისით, სხვა ადამიანს უყურებს გამოყენების თვალსაზრისით, ვთქვათ, ხელოვანი პოლიტიკოსს, პოლიტიკოსი ხელოვანს, მრევლი მღვდელს და თვითონ ადამიანი ღმერთსაც კი გამოყენების თვალსაზრისით უყურებს, - ე.ი. რა შეიძლება მიიღოს და მოიგოს მისგან, - მაშინ არანაირ კულტურაზე ლაპარაკი არ შეიძლება.”

კიდევ ერთ ნეგატიურ ტენდენციასთან დაკავშირებით, მწერალი ამბობს, რომ საქართველოს ტელეარხების უმრავლესობით, მხატვრულ ფილმებს და, რაც კიდევ უარესია, საბავშვო ფილმებს, რუსულ ენაზე გადასცემენ. ზაზა თვარაძის თქმით, რუსული ჟარგონი მკვიდრდება ახალგაზრდებში და ქუჩაშიც ეს ჟარგონი მოქმედებს. მწერლის განმარტებით, ესეც სწორედ ცნობიერების და არა ენის პრობლემაა.

“მთავარი ის კი არ არის, თუ სადაური წარმოშობის სიტყვებს გამოვიყენებთ, არამედ ის, რომ ამ სიტყვებს თავისებური ცნობიერება და სამყაროს თავისებური აღქმა მოჰყვება, რადგან ენა და ცნობიერება განუყოფელია” – ამბობს მწერალი.

[თამაზ ვასაძის ხმა] “ზაზამ სწორად თქვა, ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია რუსული ზეგავლენა, მათ შორის ყოფაშიც, კულტურაშიც. აქ უარყოფით ზეგავლენაზეა, რასაკვირველია, ლაპარაკი.”

მაგრამ, როგორც თამაზ ვასაძე მიიჩნევს, ამავე დროს ძალიან სუსტდება იმ ადამიანების არგუმენტები, ვინც საქართველოს პერსპექტივას რუსეთთან კავშირში ხედავს.

მწერლის თქმით, თვითონ რუსეთი ისეთ სახეს ავლენს, რომ პრორუსული ორიენტაციის ახსნა და გამართლება ძალიან ძნელი ხდება, რაც, ალბათ, პოზიტიურ ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

დავით კაკაბაძე:
1996 წელს, როცა დამოუკიდებელი ქართული ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობამ ახალ ტექნოლოგიებს მიმართა, რაც კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაში გამოიხატა, ირაკლი იაკობაშვილს ყველა გაზეთის ერთ საინტერნეტო გვერდზე განთავსების იდეა გაუჩნდა. იდეა სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და ქართული პრესის კომპიუტერული არქივი უკვე 6 წელია, არსებობს. იაკობაშვილსა და მის რამდენიმე თანამოაზრეს ფინანსურ დახმარებას ერთ ხანს ევრაზიის ფონდი უწევდა. დღეს კი ენთუზიასტები მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობენ, თუმცა ახალი იდეების ნაკლებობას მაინც უჩივიან. ვისთვის არსებობს ქართული პრესის კომპიუტერული არქივი? პასუხს ამ კითხვაზე თამარ ჩიქოვანის მასალიდან შეიტყობთ.

თამარ ჩიქოვანი:
ირაკლი იაკობაშვილის 6 წლის წინანდელი მოგონებებით, იმ ეტაპზე ყველაზე რთული გაზეთების რედაქტორების დარწმუნება აღმოჩნდა, გამოსული გაზეთების საკომპიუტერო ვერსიის მისთვის გადაცემის აუცილებლობაში. ზოგიერთის დარწმუნება მოხერხდა, გაზეთების რედაქტორების ერთი ნაწილი დღესაც უარს ამბობს ქართული პრესის კომპიუტერულ არქივთან თანამშრომლობაზე.

[ირაკლი იაკობაშვილის ხმა] “გაზეთების ნაწილმა მაშინვე მითხრა, რომ არქივს გადმომცემდა. ნაწილმა თავიდანვე უარი მითხრა. არ ვიცი, პრინციპის ბრალია თუ უპრინციპობის – ისინი არც ახლა გვაძლევენ და შლიან ფაილებს. რახან კერძო ორგანიზაციებია, ვერც ვაძალებ. ნაწილმა – ერთი-ორი გაზეთია – ძველი არქივებიც მომცა.”

დღეს ქართული პრესის კომპიუტერულ არქივში 40-ზე მეტი გაზეთია თავმოყრილი. გაზეთების ნაწილი აღარ გამოდის, ნაწილმა სახელი შეიცვალა, ნაწილი – ორად გაიყო და ა.შ. მომხმარებელს არა მხოლოდ თბილისში გამომავალი, არამედ რამდენიმე რეგიონული გაზეთის ახალი ნომრების წაკითხვის საშუალებაც აქვს, რაც დღევანდელ ცოტა არანორმალურ ვითარებაში – როცა თბილისელი მკითხველი უკეთ არის ინფორმირებული იმაზე, რა ხდება ვაშინგტონში და წარმოდგენა არა აქვს, დავუშვათ, გურიაში მიმდინარე მოვლენებზე – ოდნავ მაინც ანელებს ინფორმაციულ შიმშილს. ირაკლი იაკობაშვილის განმარტებით, თავიდან, როცა ეს პროექტი გაჩნდა, არც ერთ გაზეთს არ ჰქონდა დამოუკიდებელი საიტის გაკეთების საშუალება.

[ირაკლი იაკობაშვილის ხმა] “ჩვენი მიზანი თავიდან იყო, რომ გაზეთს, რომელსაც არა აქვს საშუალება, საიტი გააკეთოს – ასეთი კი საკმაოდ ბევრია – მათ მივხმარებოდით. თუ ვიღაცამ შესძლო საკუთარი საიტის გაკეთება, ღმერთმა ხელი მოუმართოთ.”

ირაკლი იაკობაშვილის თქმით, ინტერნეტგამოცემები მთელს მსოფლიოში არ ითვლება მომგებიან ბიზნესად. მით უფრო საქართველოში, სადაც, ჯერ ერთი, რეკლამის ბაზარი მწირია და, მეორე, სადაც ინტერნეტის მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. მისი დაკვირვებით, [ირაკლი იაკობაშვილის ხმა] “საქართველოს მომხმარებელი არის მკითხველის დაახლოებით 30 პროცენტი. 70 პროცენტია საქართველოს ფარგლებს გარეთ. დაახლოებით 30 პროცენტი ამერიკიდან შემოდის, 30-ის მახლობლად – გერმანიიდან, ოდნავ ნაკლები – რუსეთიდან, მერე მოდის ბელგია, ჰოლანდია და სხვა ქვეყნები. სულ წელიწადში შემოდის მომხმარებელი 92 ქვეყნიდან. ძალიან ეგზოტიკური ქვეყნებიდანაც – ვიღაცა კითხულობს სისტემატურად ჰონკონგიდან. შეიძლება, ვინმე ქართველი მუშაობს იქ.”

რაც შეეხება ახალ იდეას – ნებისმიერი ინტერნეტგამოცემის ძლიერი მხარეა საძიებო სისტემის არსებობა. ქართული პრესის კომპიუტერული არქივის შემქმნელებმა, გაზეთების მიერ გამოყენებული ქართული შრიფტის “მრავალფეროვნების” მიუხედავად, შეძლეს საძიებო სისტემის შექმნა, მაგრამ მომხმარებელი მას ჯერჯერობით ვერ იყენებს ორგანიზაციის სერვერის მცირე შესაძლებლობების გამო. არადა, ქართული პრესის ექვსწლიანი არქივი წარმოუდგენლად საინტერესო მასალას ინახავს არა მხოლოდ საქართველოს უახლოესი ისტორიის თვალსაზრისით, არამედ თუნდაც პოლიტიკური პარტიების ორიენტაციის ტრანსფორმაციისთვის თვალის გადევნების მხრივ. გარდა ამისა, თბილისური გაზეთებისგან განსხვავებით, რეგიონულ პრესას დღესაც არა აქვს საშუალება, საკუთარი საიტები შექმნას. შესაბამისად, ქართული პრესის კომპიუტერული არქივის დირექტორმა უკვე მიმართა რამდენიმე ფონდს ფინანსური დახმარებისთვის. და თუ ფონდები ამ პროექტებს საინტერესოდ ჩათვლიან, შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელს არჩევნების წინ დიდი აღმოჩენები ელის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ქართული ფოლკლორი კომპაქტ-დისკზე

დავით კაკაბაძე:
ჩვენს მსმენელებს, შეიძლება, ახსოვდეთ კიდეც, რომ წელს, ადრე გაზაფხულზე, მოგითხრობდით პირველი ქართული ელექტრონული გამომცემლობის შესახებ, რომელმაც წამოიწყო კომპაქტ-დისკების სერია "ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისთვის". პირველ დისკზე დატანილი იყო გალაკტიონ ტაბიძის პოეზია, საარქივო მასალები, დოკუმენტური ფილმი პოეტის შესახებ. გამოცემის მესვეურებმა, კახა დავითურმა და მამუკა ხანთაძემ მაშინ თქვეს, რომ მომდევნო დისკზე ქართულ ფოლკლორს განათავსებდნენ. და აი, ეს დისკიც გამოვიდა. მისი პრეზენტაცია პარასკევს, 29 ნოემბერს გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გამომცემლობის დირექტორთან, კახა დავითურთან ერთად, დავით პაიჭაძე გესაუბრებათ ამ, ბევრწილად, უნიკალური გამოცემაზე, რომელიც იტევს სამ დოკუმენტურ ფილმს, ხალხური პოეზიის, მუსიკალური კულტურის ათეულობით ნიმუშს, ლეგენდებს, ანდრეზებს, ზღაპრებს, კაფიებს და ხალხური შემოქმედების მრავალ სხვა ფორმას.

დავით პაიჭაძე:
ახალი ელექტრონული გამოცემის თავისებურება ის გახლავთ, რომ ხალხური შემოქმედების ნიმუშები, ასე ვთქვათ, პირვანდელი, ავთენტური სახით არის მოცემული და მათ არ ატყვია პიროვნული დამუშავებისა თუ ინტერპრეტაციის კვალი. ხალხურ ლექსებს აქ არ კითხულობენ ცნობილი არტისტები და ხალხურ სიმღერებს არ მღერიან ასევე ცნობილი აკადემიური ანსამბლები თუ შემსრულებლები. დისკზე ისმის სახალხო მთქმელების, ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანების ხმა, რომელიც ზოგჯერ ათწლეულების წინათ არის ჩაწერილი. ბუნებრივია, ასეთი მასალების მოპოვებას და დამუშავებას მხოლოდ გამომცემელთა შრომა არ ეყოფოდა. კახა დავითური ემადლიერება კონსერვატორიის არქივს, უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრას, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, საიდანაც უნიკალური, ხშირ შემთხვევაში გამოუქვეყნებელი მასალები, ტექსტები და ჩანაწერები მიაწოდეს. ლიტერატურული რედაქცია გამოცემას ვახტანგ კოტეტიშვილმა გაუწია, მუსიკალური – კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, ხოლო მხატვრულად თენგიზ მირზაშვილმა გააფორმა. სასურველი რუბრიკის, კონკრეტული ტექსტისა და სიმღერის მიწვდომას აადვილებს მარტივი და მკაფიო საძიებო სისტემა.

ტექსტების საგრძნობ ნაწილს დაინტერესებული მკითხველისათვის პროფესიული კომენტარი ახლავს. კახა დავითურს გული წყდება, რომ დისკზე ახლა ვერ მოხერხდა ქართული ცეკვებისა და საბრძოლო ხელოვნების დატანება. თუმცა, როგორც თავად ამბობს, საამაყოც აქვს [დავითურის ხმა]: “ერთი განყოფილება მთლიანად ანდრეზებს ეთმობა. ანდრეზი არის მითოლოგიზებული გადმოცემა, ძირითადად ვიწრო კუთხური დანიშნულებისა და ეხება ამა თუ იმ გვარს, ციხეს, ხატს... ის გადაეცემა პაპიდან შვილიშვილს და ა.შ. გამოცემაში შევიტანეთ ანდრეზების უნიკალური ჩანაწერები, მათ შორის რამდენიმე წინა საუკუნეში გახმოვანებულია ხევისბერების მიერ.” ბუნებრივია, ყველა ანდრეზი ჩაწერილი და ზოგჯერ ახმოვანებულია იმ დიალექტზე, რომლითაც ის გამოთქვეს. დისკზე ჩაწერილია აფხაზური ფოლკლორის ნიმუშებიც.

კომპაქტ-დისკზე დაცული სამი დოკუმენტური ფილმიდან ერთი 1927 წელს არის გადაღებული და შატილის ყოფას ასახავს. მისი ავტორი მავანი რუსი დოკუმენტალისტია, რომელიც იმხანად თურმე მთელ საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა ალკოჰოლის საწინააღმდეგო პროპაგანდის მიზნით და რატომღაც ხევსურთა ცხოვრების წესიც აღუბეჭდავს ფირზე.

რაც შეეხება ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას, კახა დავითურის თქმით, გამომცემლებმა საყოველთაოდ ცნობილი სიმღერები შეარჩიეს, ოღონდ მათი შესრულება განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ აკადემიური ანსამბლების თუ სხვა ჯგუფების მოსმენისას [დავითურის ხმა]: “დამერწმუნეთ, დიდი განსხვავებაა ამ შესრულებებს შორის. მაგალითად, “ლილე”, ცნობილი სვანური სიმღერა; თანამედროვე ანსამბლები მას სხვაგვარად ასრულებენ, სხვა შინაარსით ტვირთავენ. მე თვითონ სვანური ენა არ ვიცი, მაგრამ ჩვენს ჩანაწერში კარგად იგრძნობა განწყობა, რომელიც თანამედროვე შესრულებისას უგულებელყოფილია. ეს არის სევდიანი სიმღერა. თანამედროვენი კი ვმღერით ომახიანად, მაჟორულად და ა.შ. აქ კი, ასე ვთქვათ, დედნისეული ტონალობაა.”

[მუსიკა. "ლილე"]

“ლილეს” ამ ფრაგმენტით, რომელიც ათობით სხვა სიმღერასთან ერთად ქართული ელექტრონული გამომცემლობის უკვე მეორე დისკზეა ჩაწერილი, ვასრულებთ ჩვენს სიუჟეტს. მომდევნო დისკი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიეძღვნება.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

“განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან” – 1 დეკემბერს ვისბადენში საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება

დავით კაკაბაძე:
გამოფენა, რომელიც 1 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ვისბადენში გაიხსნება, უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა. შეცდომა არ გეგონოთ, მართლაც ასეა: ექსპოზიცია, რომელსაც ვისბადენის სამხარეო მუზეუმი ზუსტად ნახევარი წელიწადს უმასპინძლებს, მანამდე თითქმის ათ თვეს სტუმრობდა ბოხუმის სამთო მუზეუმში. ასე რომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: გამოფენა სახელწოდებით "განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან" განაგრძობს წარმატებულ სვლას გერმანიის ქალაქებში.

გამოფენას, რომელიც გერმანელ და ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობის ნაყოფია, შარშან და წელს რამდენიმე რეპორტაჟი თუ გადაცემა მივუძღვენით. ამჯერად, ვისბადენის ექსპოზიციის გახსნამდე ორიოდე დღით ადრე, ტელეფონით დავუკავშირდი გამოფენის სულისჩამდგმელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომელს ირინე ღამბაშიძეს.

მაგრამ ვიდრე სიტყვას ქალბატონ ირინეს გადავცემდე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო გამოფენის იდეის ხორცშესხმაში პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძის დიდი წვლილი. შარშან, ბოხუმის გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ გადაცემაში, ბატონი ოთარიც მონაწილეობდა. სულ რამდენიმე თვეში მან ყველას გული დაგვწყვიტა ამ ქვეყნიდან მოულოდნელი წასვლით. მაგრამ იმედია, პათეტიკურობას არ დამწამებთ, თუ ვიტყვი, რომ მისი საქმე გრძელდება. მეტად სასიამოვნოა ისიც, რომ ექსპოზიციის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ვისბადენისა და ბოხუმის მუზეუმების დირექტორებთან, ჰესენის მხარის მეცნიერებისა და ხელოვნების სახელმწიფო მდივანთან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან ერთად, მოხსენებას წაიკითხავს ოთარ ლორთქიფანიძის ქალიშვილი ნინო ლორთქიფანიძე.

ახლა კი ეთერს ირინე ღამბაშიძეს ვუთმობ. მასთან საუბარში დავინტერესდი, შეიცვალა თუ არა გამოფენის კონცეფცია, რომელშიც აქცენტი მეტალურგიის განვითარებაზე კეთდება და, ამდენად, ის, რაც ბოხუმის სამთო მუზეუმისთვის ზედგამოჭრილი იყო, ვისბადენის სამხარეო მუზეუმისთვის შეიძლებოდა მიუღებელი გამხდარიყო.

[ირინე ღამბაშიძის ხმა] "კონცეფცია იგივე დარჩა, იმიტომ, რომ ამან არაჩვეულებრივი ასახვა ჰპოვა გერმანელი დამთვალიერებლის თვალში, ბოხუმში. იმიტომ, რომ აქ დამთვალიერებელი ეცნობა არა მარტო მეტალურგიის ისტორიას, არამედ მთელ საქართველოს. როგორც თავიდან დაიგეგმა ჩვენი კონცეფცია, რაღაცა აკლდა მას. აკლდა ეს ისტორიული ნაწილი, და აღმოჩნდა, რომ აუცილებელი იყო ამ ხალხისთვის გაგვეცნო საქართველო საერთოდ სად მდებარეობს, იმიტომ, რომ არ იციან საქართველო სად არის, ვინ არიან, როგორ გამოიყურება ეს ხალხი... გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაწილი გაგვეკეთებინა. და ამიტომ ამ გამოფენას დაემატა კიდევ ერთი დარბაზი, სადაც ფოტოებით იყო ეს ყველაფერი გამოფენილი: კულტურა, ლიტერატურა, ენა, ანბანი, არქიტექტურა, დღევანდელი დღე, წარსული, უახლოესი წარსული, გერმანელების ისტორია, თუ როგორ დაუკავშირდა გერმანია საქართველოს, საიდან იწყება ეს... და, იცით, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში ხდება უკვე საქართველოს გაცნობა გერმანელი მეცნიერების მიერ: როგორ მოგზაურობენ ისინი, რას წერენ საქართველოს შესახებ. აი, ასეთი ძალიან ფართომასშტაბიანი ინფორმაცია არის მიწოდებული დამთვალიერებლისათვის."

ირინე ღამბაშიძისგან ერთი მეტად სასიხარულო ამბავიც შევიტყე.

[ირინე ღამბაშიძის ხმა] "გერმანიის მხარე გვჩუქნის მთელი ამ გამოფენისათვის თუკი რამე დასჭირდა, თუკი რამე გაკეთდა: მთელი ვიტრინები, "არგო", ჩვენი ლოგო – სულ ყველაფერი მოდის საქართველოში."

არის კიდევ ერთი, ალბათ, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა და რესტავრატორებმა საქართველოს უძღვნეს.

[ირინე ღამბაშიძის ხმა] "საქართველოდან წამოღებული ნივთები, რაც ამ გამოფენაზე არის წარმოდგენილი – ძალიან დიდი ნაწილი ამ ნივთებისა – იყო სულ ახალი აღმოჩენილი, რომელსაც სჭირდებოდა მოვლა და სჭირდებოდა რესტავრაცია. საქართველოში ეს დღეს სრულიად შეუძლებელია. ამდენად, რადგან გერმანელებმა შემოგვთავაზეს ჩვენ ამ ნივთების რესტავრაცია, ფაქტიურად ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი ნივთი წამოსულიყო, რომ იქნებ როგორმე მეტი ნივთი გადაგვერჩინა. ამ შემთხვევაში უკვე 700-მდე ნივთი არის რესტავრირებული. ყველა არ არის გამოფენილი, იმიტომ, რომ ნაწილი დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ნივთები დღეს უკვე პირველხარისხოვანი ექსპონატებია, რომელიც ყველა მუზეუმს დაამშვენებს. აქაც, გამოფენილიც, სრულიად სხვანაირად ჩანს, ის ნივთებიც, რაც ჩვენ იგივე საქართველოში გვაქვს, იმიტომ, რომ ფაქტიურად ბევრი დუბლიკატი გვაქვს და წამოვიღეთ ის დუბლიკატები. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოდან, ექსპოზიციიდან, არ მოგვიხსნია არც ერთი ნივთი. ყველაფერი წამოვიდა მხოლოდ ფონდებიდან და ის ნივთი, რასაც შველა სჭირდებოდა. აი, ამ ნივთებით არის გაკეთებული ეს გამოფენა."

მე კი შეგახსენებთ, რომ ეს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომელი ირინე ღამბაშიძე. იგი გვიამბობდა გამოფენაზე სახელწოდებით "განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან", რომელიც 1 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ვისბადენში იხსნება.

[მუსიკა]

ინტერვიუ გაგა შურღაიასთან

დავით კაკაბაძე:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და რომის პაპის აღმოსავლური ინსტიტუტის აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ვენეციისა და ბეზანსონის უნივერსიტეტების სერტიფიკატების მფლობელი, რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის კათედრის პროფესორი, საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი, რომის პაპის აღმოსავლური ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი, მონოგრაფიები, სტატიები, რეცენზიები, პუბლიცისტური წერილები, მხატვრული ნაწარმოებები... ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ნაყოფიერი საქმიანობა, თუ სამეცნიერო წრეებში მოპოვებული აღიარება სულ 33 წლის ადამიანის სახელს უკავშირდება. ეს ადამიანი გახლავთ გაგა შურღაია, რომელიც 1991 წლიდან ძირითადად იტალიაში მოღვაწეობს და დღეს პირველად არის "მეათე სტუდიის" სტუმარი. მას რომში ტელეფონით დაუკავშირდა მარიამ ჭიაურელი.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ამოიწურა არა მხოლოდ პროფესორ გაგა შურღაიასთან საუბრისთვის განკუთვნილი ათი წუთი, არამედ "მეათე სტუდიისა" და მთელი ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი საეთერო დროც. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG