Accessibility links

რუსეთის არმიამ ძველი საბჭოთა სიმბოლო აღიდგინა


ანდრო ეული, პრაღა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ კვირაში დააკმაყოფილა ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობის თხოვნა არმიის ძველი სიმბოლოს, საბჭოთა კავშირის დროინდელი წითელი ვარსკვლავის,

აღდგენის შესახებ. ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი – რევოლუციის, სოციალიზმისა და ერთ დროს ძლევამოსილი საბჭოთა სამხედრო პოტენციალის ეს სიმბოლო –კვლავ დაამშვენებს რუსეთის არმიის დროშებსა და ალმებს. მოელიან, რომ სახელმწიფო სათათბირო ერთხმად მოიწონებს პრეზიდენტის მიერ სამშაბათს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას.

ეს ქვეყნის საბჭოური წარსულის თაყვანისცემის პირველი ნიშანი როდია. არცთუ დიდი ხნის წინათ რუსეთში ასევე იქნა აღდგენილი, თუმცა შეცვლილი ტექსტით, საბჭოთა ჰიმნი, ხოლო ჯარს წთელი ფერის დროშა დაუბრუნდა.

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლოების აღდგენის ამგვარი ტენდენცია რუსეთში, წარსულისადმი ნოსტალგიის ჩარჩოებს არ სცილდება. თუმცა სხვები შიშობენ, ვაითუ ყოველივე ეს უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული ცვლილებების მომასწავებელი იყოსო.

როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი, მოსკოველი პაველ ფელგენგაუერი აღნიშნავს, წითელი ვარსკვლავის აღდგენა კარგს არაფერს მოასწავებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჯერ ერთი, რიცხობრივად შემცირდა და, მეორეც, უწინდელი ბრძოლისუნარიანობა და პრესტიჟი დაკარგა:

[პაველ ფელგენგაუერის ხმა] "ესაა შეტყობინება მთელი ბიუროკრატიული სტრუქტურის, როგორც სამხრეულიანი, ისე რიგითი ბიუროკრატებისთვის, რომ არაფერი არ იცვლება და საბჭოთა ჯარი უცვლელი დარჩება. მართალია, ჯარს რუსეთისა ჰქვია, მაგრამ მისი სტრუქტურები საბჭოურია და რეფორმირებას საჭიროებს."

ფელგენგაუერის თქმით, წითელი ვარსკვლავის აღდგენა წერტილს დაუსვამს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ესოდენ აუცილებელი რეფორმების განხორციელების იმედს: [პაველ ფელგენგაუერის ხმა] "ზოგიერთი გამოანგარიშების თანახმად, რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის თითქმის 80 პროცენტი დღეს სწორედ დასავლეთზეა დამიზნებული, რაც, სხვათა შორის, ბუნებრივია, ვინაიდან ეს ჩვენ საბჭოთა ეპოქამ დაგვიტოვა მემკვიდრეობით. და ბევრისთვის დროშაზე წითელი ვარსკვლავი იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩება."

რუსეთის შეიარაღებული ძალების სიმბოლოებს, ფელგენგაუერი, საბჭოთა და მეფის დროინდელი ემბლემების სურეალისტურ სიმბიოზს უწოდებს.

ხოლო პარიზში დაფუძნებული ევროკავშირის უშიშროების შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარს დოვ ლინჩს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი სიმბოლოების აღდგენით პრეზიდენტ პუტინს ელექტორატის გულის მოგება სურს მოახლოებული არჩევნების წინ.

გაზეთ "ვრემია ემ-ენის" კორესპონდენტს ლეონიდ რაძიხოვსკის ეჭვი არ ეპარება, რომ სიმბოლოები, საბჭოთა კავშირის დროინდელი თუ რევოლუციამდელი, ბევრს არაფერს ნიშნავს იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის, რომლებსაც მეტად რთულ პირობებში უხდებათ დღეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახური.

"არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჯარისკაცები შეგნებულად, იდეოლოგიურად კარგად არიან განწყობილი კომუნისტებისადმი. ისინი უკმაყოფილო არიან ცხოვრების პირობებით, ხოლო იდეოლოგიურად ინდიფერენტული და სრულიად გულგრილი არიან ყოველგვარი სიმბოლოს მიმართ" – განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ლეონიდ რაძიხოვსკიმ.

ლეონიდ რაძიხოვსკი არც იმას გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა კავშირის დროინდელი სახელი სტალინგრადი დაუბრუნოს ქალაქ ვოლგოგრადს, სადაც საბჭოთა ჯარმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და უკან დაახევინა გერმანელებს მეორე მსოფლიო ომში.
XS
SM
MD
LG