Accessibility links

logo-print

რამდენად შესაძლებელია პოლიციის რეფორმირება


დავით პაიჭაძე, თბილისი სამართლებრივი რეფორმა საქართველოში, კარგა ხანია, შეჩერდა. სასამართლო რეფორმის პოზიტიური ეფექტი უკიდურესად შეამცირა სხვა სამართალდამცავი სამსახურების – პროკურატურის,

უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენარჩუნებამ პრაქტიკულად უცვლელი სახით. ყველაზე მეტად ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც არათუ რეფორმა, არამედ, აგერ უკვე ერთი წელია, ერთი ისეთი უწყინარი საკადრო ცვლილებაც ვერ ხორციელდება, როგორიცაა მინისტრის მოადგილის დანიშვნა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. არადა, კობა ნარჩემაშვილის დამტკიცებისას მომავალმა მინისტრმა ამის პირობა დადო. თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პოლიციის რეფორმირება დაწყებულია და მის გაგრძელებას კანონმდებელთა მხარდაჭერა სჭირდება – შესაბამისი ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსებში, აგრეთვე, კანონში პოლიციის შესახებ. პოლიციის რეფორმას საქართველოში სკეპტიკურად უყურებენ ის ადამიანები, რომელთაც წილი დაიდეს ამ რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმათა დასაწყებად საკანონმდებლო ცვლილებებს ელიან. ისინი უნდა განხორციელდეს იმ კონცეფციისა და რეკომენდაციების შესაბამისად, რომელზედაც შეთანხმდა სამართალდამცავი სამსახურების რეფორმაზე მომუშავე სპეციალური კომისია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით. მაგრამ, მანამდე თუ მინისტრს სააამისო ნება და ძალა ექნა, ნამდვილად შეიძლება კონკრეტულ ცვლილებათა შეტანა შიდაუწყებრივი ბრძანებების საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი პაატა გომელაური აცხადებს, რომ ასეთ ფარგლებში რეფორმა უკვე დაიწყო და ის შეეხო სამინისტროს საფინანსო და მატერიალური მომარაგების სამსახურს, რომელსაც სამოქალაქო პირი ჩაუდგა სათავეში და მალე ყველა იქ დასაქმებული მოხელე სამოქალაქო პირი იქნება.

იურისტ დავით უსუფაშვილის აზრით, არ არის საკმარისი, სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის ფორმა გახადო და სამოქალაქო სამოსი ჩააცვა. მოლდოვას მაგალითი ადასტურებს, რომ ასეთ პირობებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (ამ შემთხვევაში - საპასპორტო განყოფილებებში) მომუშავე სამოქალაქო პირები (ხშირად - ყოფილი პოლიციელები) ზუსტად იმავე კორუფციული ურთიერთობის ჩარჩოებში მოქმედებენ, როგორშიც ამ ე.წ. რეფორმამდე მოქმედებდნენ. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პოლიციაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს ისეთი ხალხის თავმოყრას, რომელიც ხალხის მსახურად აღიქვამს თავს და არა ხალხის მძარცველად. [უსუფაშვილის ხმა] “ის, რაც არ არის დაგეგმილი, არ კეთდება და, ჩემი აზრით, უკიდურესად აუცილებელია დღესვე, გახლავთ პოლიციური სტრუქტურების დეცენტრალიზაცია, ანუ ადგილობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციის მქონე პოლიციის უშუალო დაქვემდებარება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის”.

დავით უსუფაშვილის შენიშვნით, დეცენტრალიზაციას საქართველოში საერთოდ უნდობლად ეკიდებიან: სკოლის დირექტორი განათლების მინისტრმა უნდა დანიშნოს, რაიონის გამგებელი – პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ არჩეულმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძლება ფული არ გადმოურიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტს. ასეთივე მიმართებაა პოლიციისადმი [უსუფაშვილის ხმა]: “თუ ვინმე თვლის, რომ პოლიცია არსებული ხელისუფლების უსაფრთხოების გარანტია, მაშინ ის, მართლაც, ცენტრალიზებული უნდა იყოს, ვინაიდან ხელისუფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა უნდა ჩადგეს მის სამსახურში. მაგრამ თუ ჩვენ პოლიციის ფუნქციად ჩავთვლით თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაშინ სრულიადაც არ არის აუცილებელი, უბნის ინსპექტორი გურჯაანში, რომელსაც ქუჩაში წესრიგის დაცვა ან არასრულწლოვანებთან მუშაობა ევალება, უშუალოდ მინისტრის ბრძანებას ემორჩილებოდეს”.

ამ და სხვა კითხვებს პასუხი უნდა გასცეს პოლიციის რეფორმამ, რომელიც, საეჭვოა, სერიოზულად დაიწყოს, დღევანდელი პრეზიდენტის თუ არა, დღევანდელი პარლამენტის მოქმედების დროს.
XS
SM
MD
LG