Accessibility links

logo-print

საქართველოში კვლავ მწვავე ენერგეტიკული კრიზისი მძვინვარებს


საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ზამთრის პერიოდში ელექტროენერგია გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდება, ისევე როგორც დედაქალაქის განაპირა რაიონებს. ენერგეტიკული კრიზისი

საქართველოს მოსახლეობისათვის უცხო არ არის, თუმცა მოქალაქეები სტაბილურ ელექტროკრიზისს შეეჩვივნენ და მწვავედ მხოლოდ ამ სტაბილურობის დარღვევაზე რეაგირებენ. საქართველოს ენერგეტიკის მესვეურები ამჯერადაც მხოლოდ მას შემდეგ აფორიაქდნენ, რაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თითქმის მთელი აღმოსავლეთი საქართველო.

29 ნოემბერს, 11 საათზე, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “AES-თელასი” ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან მიღებული დირექტივით ხელმძღვანელობდა. ამის გაკეთებას ელექტრობაზარი თელასს “იმერეთის” 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო სთხოვდა. მისი დაზიანება სათაფლიის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლმა ტყვიამ გამოიწვია. გადამცემი ხაზის შეკეთების დასრულებამდე – 17 საათამდე, 220 კილოვოლტიან “იმერეთის” ხაზს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროსისტემის სტაბილურობა უნდა შეენარჩუნებინა. ეს კი თბილისის, ეგრეთ წოდებული, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ელექტრომომარაგებისთვის იყო საჭირო.

იმერეთის 220 კილოვოლტიანი ხაზი ჩართვისთანავე მწყობრიდან გამოვიდა, არაოფიციალური ინფორმაციით, დასაშვებზე მაღალი დატვირთვის გამო. შესაბამისად, თბილისში სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები - საავადმყოფოები, პურის საცხობები, მეტროპოლიტენი, სატელევიზიო ანძა და თვით პარლამენტის შენობაც კი - ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ავარიიდან დაახლოებით ერთ საათში აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროსისტემის აღდგენა მოხერხდა, თუმცა 500 კილოვოლტიანი ხაზის ამოქმედებამდე ელექტროენერგიით სრულყოფილი მომარაგების უზრუნველყოფა შეუძლებელია.

გაერთიანებული ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბეგიაშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ მწყობრიდანაა გამოსული ენგურჰესის 200 კილოვატიანი გენერატორიც. მისი ფუნქციონირების გარეშე თბილისის სრული ელექტრომომარაგება ვერ მოხერხდება. თუ როდის აღდგება ენგურჰესის დაზიანებული გენერატორი, ჯერჯერობით არავინ იცის.

ამ დროს უმოქმედოდ დგას თბილისის თბოელექტროსადგურის მეცხრე ენერგობლოკი, რომელსაც, თბილისის მოსახლეობის ელექტრომომარაგების უზრუნველყოფასთან ერთად, სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაც შეუძლია. AES -ის კუთვნილი ეს ენერგობლოკი კორპორაციის ფინანსური სირთულეების გამოა გაჩერებული.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარანტიით თელასმა ენერგობლოკის ასამუშავებლად საჭირო 3 მილიონიანი კრედიტის აღება მოახერხა, ჯერჯერობთ გაურკვეველი რჩება ბლოკის მწყობრში შესვლის ზუსტი თარიღი. AES –ის ლობისტი თბილისში არ იმყოფება, ხოლო სხვა თანამშრომლები ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილნი არ არიან.

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა კი იმედოვნებს, რომ მეცხრე ენერგობლოკის ამოქმედება ერთი კვირის შემდეგ მოხერხდება. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა სხვა დამაიმედებელი სიტყვებიც წარმოთქვა და მის მიმართ საბოტაჟი გამორიცხა.

[დავით მირცხულავას ხმა] “არა, არა მგონია, იმიტომ რომ ეს რეალური სირთულეებია, უბრალოდ. გარკვეული ფინანსური სირთულეები აქვს ენერგოსისტემას, თელასსაც საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს ფინანსურად. ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით, ახლა იმპორტის ხელშეკრულება მიჭირავს მე უკვე ხელში. გუშინ უკვე დაიწყო სალხინოს ხაზით ენერგიის შემოტანა, დღეს კავკასიონის ხაზი ჩაირთვება და აღდგება ნორმალური სიტუაცია.”

დავით მირცხულავას მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, არის კიდევ სხვა საფრთხეებიც, რომელთა გამო საქართველოს ელექტროსისტემა გასული 3 დღის მანძილზეც არასტაბილურად მუშაობდა. ესენია: გენერაციის ობიექტების თანამშრომელთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება, რის გამოც სხვადასხვა საბაზისო ელექტროსადგურების პერსონალი გაიფიცა. ასევე, იმ უდენოდ დარჩენილი რეგიონების მოსახლეობა, რომელთა ტერიტორიაზე გენერაციის ობიექტები ფუნქციონირებს. 29 ნოემბერს წალკის მოსახლეობა AES –ის კუთვნილ “ხრამჰესში” შეიჭრა და დენის მიწოდების აღდგენამდე სადგურის ბლოკირებით დაიმუქრა. საგზაო მაგისტრალის ბლოკირებით პროტესტი გამოხატა სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობამაც. ისინიც ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG