Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარღვევები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების წინ


შესავალი: დარღვევების გამოაშკარავების თვალსაზრისით 30 ნოემბრის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დაწყებულად მივიჩნიოთ. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის

საერთაშორისო საზოგადოებამ” დაადგინა, რომ ოთხი საარჩევნო ოლქიდან სამში გამოქვეყნებული საარჩევნო სიების უზუსტობა ათ პროცენტზე მაღალია, მეოთხე – საბურთალოს ოლქში კი სიები 27 ნოემბრისთვისაც კი არ იყო გამოქვეყნებული. რა საშიშროების წინაშე დგას მომავალი არჩევნების ჩატარება და რამ შეიძლება იხსნას იგი.

ქართველი ამომრჩეველი უკვე მოელის კიდეც, რომ ყოველ არჩევნებს წინ უსწრებს, ახლავს და მოსდევს უხეში დარღვევები და მათთან დაკავშირებული დაუსრულებელი დისკუსიები. ერთის მხრივ ამომრჩევლებში ეს ხელისუფლების მიმართ ისედაც შერყეული ნდობის კიდევ უფრო შესუსტებას იწვევს, მეორეს მხრივ კი წინასწარ ეჭვის ქვეშ დგება მომავალ დამარცხებულთა და გამარჯვებულთა რეიტინგი და შეიძლება სინამდვილეც კი.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლებმა არჩევნების წინ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა სიების აუდიტი - გადამოწმება ჩაატარა კარდაკარ სიარულის გზით. დადგინდა, რომ უზუსტობის მაჩვენებელი რუსთავისა და აბაშის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში თვრამეტ პროცენტს აღწევს, სამტრედიის ოლქში კი - თერთმეტს. რუსთავის მაგალითზე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელსაც ტელეფონით ქუთაისში დავუკავშირდი, პროცედურას ასე აღწერს:

[ჭიაბერაშვილის ხმა]
“სიიდან შემთხვევითი შერჩევით ამოირჩა რვაასი გვარი და გადამოწმდა რვაასი ადამიანი, რვაასი ამომრჩეველი. მთელი სიის გადამოწმება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო”.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიების დაგვიანებით გამოქვეყნების და მათში არსებული უზუსტობების გამო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საფრთხე ემუქრება, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ არჩევნების ხარისხი შეიძლება ამომრჩეველთა მაღალმა აქტივობამ გააუმჯობესოს.

[ჭიაბერაშვილის ხმა]
“ორი ტიპის აქტივობაზე უნდა ვილაპარაკოთ: ერთი თვითონ ამომრჩევლის მისვლა, ე.ი. იმ დროს, როდესაც სიები ასეთი დაუზუსტებელია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ თითოეული მოქალაქე მივიდეს თავის უბანში და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რითაც შეამცირებს იმ პროცენტუილ რაოდენობას, სადაც შესაძლებელია ვინმე გასაყალბებლად ე.წ. “კარუსელისთვის” მივიდეს. ესა არის ერთის მხრივ ამომრჩევლის აქტიურობა. მაგრამ თვითონ თითოეულმა მოქალაქემ და ამომრჩეველმა შეიძლება იაქტიუროს იმ თვალსაზრისით, რომ თვალი გაადევნოს – ხომ არ ტარდება ე.წ. “კარუსელი”, უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებლების გამართული მუშაობა და ა.შ., რათა, თუ ფიქსირდება დარღვევები არჩევნებზე, ეს დარღვევები სწრაფადვე საჯაროდ იქნას გამოტანილი სააშკარაოზე და საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი”.

ყველაზე დიდი ვნებათაღელვა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიამ გვაჩვენა, თბილისის საბურთალოს რაიონის საარჩევნო ოლქშია მოსალოდნელი, რადგან აქ დეპუტატობის მანდატზე ყველაზე დიდი კონკურსია და ოთხ უპარტიო კანდიდატთან ერთად პარლამენტში მოსახვედრად “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტისა” და “მოქალაქეთა კავშირის” კანდიდატები იყრიან კენჭს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG