Accessibility links

ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, ჯერ კენიაში, ხოლო შემდეგ თავად ისრაელში, ისრაელ


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, ჯერ კენიაში, ხოლო შემდეგ თავად ისრაელში, ისრაელ მოქალაქეებზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა.

როგორც შვეიცარიის გაზეთი "ნოიე ციურხერ ცაიტუნგი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მომხდარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაოდენ სერიოზულია ტერორისტული თავდასხმის საფრთხე მთელს მსოფლიოში. გაზეთი წერს:

"შარშანდელი 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტებმა ვერ შეძლეს რომელიმე მსხვილი ობიექტის განადგურება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უშიშროების საგანგებო ზომებს, როგორც ჩანს, სასურველი შედეგი მოსდევს. ამიტომაც გადადიან ტერორისტები უფრო ადვილ სამიზნეებზე, რომლებიც საკმარისზე მეტია: შეუძლებელია საიმედოდ დაიცვა ყოველი დისკოთეკა, სასტუმრო ან კიდევ თეატრალური ცენტრი. მით უმეტეს არ უნდა გვეგონოს, რომ დღეს სრულიად გამორიცხულია ფართომასშტაბიანი ტერაქტის შესაძლებლობა. ის, რომ ტერორისტებს აქამდე არ აუფეთქებიათ ატომური ელექტროსადგური თუ კაშხალი, როდი ნიშნავს, რომ ეს არც მომავალში მოხდება."

"ყოველ ახალ ტერაქტთან ერთად იბადება კითხვა: საერთოდ თუ არის შესაძლებელი ტერორის დამარცხება?" – წერს გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" და დასძენს, რომ სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცხადია, ვერსად მოხერხდება. შემდეგ გაზეთი განაგრძობს:

"შიში ხდება ტერორისტების მთავარი იარაღი განვითარებული ქვეყნების წინააღმდეგ წამოწყებულ ასიმეტრიულ ომში. და ტერორიზმთან ბრძოლაში მხოლოდ მკაცრი სამხედრო-პოლიციური მეთოდები არ არის საკმარისი. მასობრივ მკვლელობათა ჩამდენი ადამიანები არ გვთავაზობენ უკეთესი მომავლის საკუთარ თვალთახედვას; მათ მხოლოდ სიძულვილი ამოძრავებს, და მაინც, ეს ადამიანები ახერხებენ, ფართო მასების მხარდაჭერა მოიპოვონ ისლამურ სამყაროში და ფანატიკოსების დასამარცხებლად აუცილებელია, რომ მათ აღარ ჰქონდეთ ამგვარი მხარდაჭერა, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებითაა შესაძლებელი."

უკანსკნელ თვეებში, წერს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი", გერმანელ, ფრანგ, ავსტრალიელ და ახლა უკვე ისრაელ მოქალაქეებზეც მოხდა თავდასხმა იმ უბრალო მიზეზით, რომ მათი ქვეყნები შეერთებულ შტატებთან არის კავშირში; ტუნისი, ინდონეზია და ახლა უკვე მაროკოც შეარჩიეს ტერორისტებმა თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. სარედაქციო სტატიაში გაზეთი განაგრძობს:

"ტერორისტების ლოგიკა გასაგებია: ისინი იმედოვნებენ, რომ ამერიკის მოკავშირეებზე თავდასხმით ანტიტერორისტულ კოალიციას დაასუსტებენ, ხოლო ისრაელი მოქალაქეების დახოცვით ოსამა ბინ ლადენს შემატებენ მომხრეებს არაბულ სამყაროში. მაგრამ ტერორისტები ორივე შემთხვევაში ცდებიან. თუ 11 სექტემბრის შემდეგ ავსტრალიელები, გერმანელებისა თუ ფრანგების მსგავსად, ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ალ-ყაიდა რეალურ საფრთხეს უქმნიდა მათს ქვეყნებს, დღეს მათ ამაში ეჭვი აღარ ეპრებათ. ხოლო პალესტინელებმა, ისევე, როგორც ინდონეზიელებმა თუ ტუნისელებმა, დაინახეს, რომ ალ-ყაიდასთან კავშირი მათ კარგს არაფერს უქადის."

დასავლეთის პრესაში არ წყდება კრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის გამო. "სტალინი, პუტინი და ჯორჯ ორუელი" – ასეა დასათაურებული ვრცელი კომენტარი გერმანიის გაზეთ "ველტში".

"1941 წელს აშშ მოკავშირე გახდა იოსებ სტალინის, მეოცე საუკუნის ამ უდიდესი მკვლელისა, რომელსაც შიმშილობით, უკრაინაში, 12 მილიონამდე ადამიანი ახალი გასტუმრებული ჰყავდა საიქიოს, ხოლო მისი წითელი არმია ფინეთს, ჰიტლერელებთან ერთად კი პოლონეთს უტევდა. მაგრამ როცა ვერმახტი საბჭოთა კავშირში შეიჭრა, ისეთმა აშკარა ანტიკომუნისტმა, როგორიც ჯორჯ ორუელი იყო, ასეთი სიტყვებით მიმართა თავის ამერიკელ მეგობრებს: "არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე წარმატებას ვუსურვებდი ამხანაგ სტალინს, მაგრამ ახლა ამგვარი სურვილი აღმეძრაო". ჯალათთან კავშირი ამაზრზენი, მაგრამ აუცილებელი იყო. ამერიკა მაშინ იაპონიასა და გერმანიას დაუპირისპირდა და მარტო ბრიტანეთთან ერთად ვერას გახდებოდა, ამიტომაც დადო სტალინთან პაქტი ჰუმანისტმა და დემოკრატმა პრეზიდენტმა რუზველტმა.

და აი, დღეს, 21 საუკუნეში, ამერიკა უძველეს კულტურას, ისლამს დაუპირისპირდა. თქმა არ უნდა, რომ ისლამმა დაუდო სათავე ფილოსოფიურ ტრადიციასა და უდიდეს ქმნილებებს, თუმცა ისლამური სამყაროს სახალხო გმირებად დღეს ისეთი მოღვაწეები მოგვევლინენ, როგორიც არიან არაფატი, ბინ ლადენი ანაც სადამ ჰუსეინი. ეგვიპტის მკვიდრთა ორი მესამედი, გამოკითხვის თანახმად, მიესალმა 11 სექტემბრის ტერაქტებს, ხოლო გახარებული არაბი ბებიები ქუჩებში ცეკვავენ, როცა თვითმკვლელი ტერორისტები თავს იფეთქებენ ებრაელ ბავშვებთან ერთად.

"და აი, ბედის ირონიაც: რუსეთი, კვლავ დასავლური დემოკრატიების ბანაკში აღმოჩნდა. დღევანდელი რუსეთი, რა თქმა უნდა, სტალინისდროინდელი საკონცენტრაციო ბანაკი არ არის, მაგრამ ესაა სახელმწიფო, რომელსაც მართავს უულვაშო ყოფილი ჩეკისტი. ქვეყანაში შეზღუდულია პრესის თავისუფლება, მაფია სპეცსამსახურებთან იყოფს ძალაუფლებას. სტალინური წმენდები არ ტარდება, მაგრამ სამაგიეროდ ჩეჩნეთში რუსი ჯარისკაცები, თავშესაქცევად, ხელფეხშეკრულ ბავშვებსა და მოხუცებს ნაღმებზე აფეთქებენ. როგორც ჩანს, ამგვარ რუსეთთან კავშირს არა აქვს ალტერნატივა. მიზეზები აშკარაა. ამერიკელებს ბაზები ესაჭიროებათ შუა აზიაში, რაზეც პუტინის თანხმობაა საჭირო."

საფრანგეთის გაზეთ "მონდში" გამოქვეყნებულია ღია წერილი, რომელსაც ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობით აღშფოთებული ინტელიგენციის 130 წარმომადგენელი, მათ შორის ცნობილი რეჟისორები: ჟან-ლუკ გოდარი და კლოდ ლანზმანი აწერენ ხელს. წერილში ვკითხულობთ:

"ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე დავუმატოთ საფრანგეთისა და საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს, რუსეთისა და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეუთოს მეთვალყურეთა საანგარიშო მოხსენებებს ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის შესახებ. ჩვენი სურვილია აგვიხსნან, რა ვუწოდოთ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების პროცესს, რაც დღეს ხდება ჩეჩნეთში?

ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გლობალური ფრონტის შექმნა სურს ტერორიზმის წინააღმდეგ. მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ ჩუმად, როცა ჩეჩნეთში სახელმწიფო ტერორი ხორციელდება? გვინდა ვირწმუნოთ, რომ რუსეთს დემოკრატიული მომავალი აქვს. მაგრამ აგვიხსნან, რატომ ვეხმარებით რუსეთს, ამ გზით იაროს, როცა თვალს ვხუჭავთ იმ ექსცესებზე, რასაც სჩადის ბატონი პუტინი, რომელიც კაგებეს სტილში მართავს ქვეყანას, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, აქეზებს რასიზმს რუსეთში მცხოვრები კავკასიელებისა და მაჰმადიანთა წინააღმდეგ და არაფრად უღირს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა სიცოცხლე, იქნებიან ეს დუბროვკაზე მდებარე თეატრის მაყურებლები თუ გროზნოს მკვიდრნი.

ვფიქრობთ, რომ ევროპელ ლიდერებს საერთო სახლის აშენება სურთ რუსეთთან ერთად. მაგრამ მათ უნდა აგვიხსნან, როგორღა აპირებენ ამგვარი სახლის აშენებას, თუკი მოსკოვს უფლება ეძლევა, ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო კონვენციები, აბუჩად აიგდოს ეუთო, ევროპის საბჭო და, ბოლოს, ევროკავშირიც. ევროპა იძულებულია ნავთობი და გაზი შეისყიდოს, გაყიდოს აერობუსები თუ სწრაფმავალი მატარებლები. მაგრამ საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ დადებული გაუხმაურებელი შეთანხმებით ხომ არ არის გამოწვეული დუმილი ჩეჩნეთის საკითხში?"
XS
SM
MD
LG