Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს, და არამხოლოდ მათ, მიენიჭათ უფლება


ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს, და არამხოლოდ მათ, მიენიჭათ უფლება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელით მიმართონ ევროსასამართლოს.

თუმცა იმისათვის, რომ მიმართვა ეფექტიანი იყოს და საკითხი განხილვამდე მივიდეს, საჭიროა განსაზღვრული წესებისა და პროცედურის დაცვა სარჩელის მომზადებისას. ქართველი ადვოკატების დიდი ნაწილი, როგორი ძლიერიც უნდა იყოს მათი სურვილი და კეთილი - მათი განზრახვა, ვერ ახერხებს ან შეიძლება აზრადაც არ მოსდის, საქართველოში წაგებული საქმე ევროსასამართლოში განაგრძოს.

ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლო, პროცედურული თვალსაზრისით, წარმატებული სარჩელის მაგალითი გახლავთ ე.წ. “ჩეჩნების საქმე”, ანუ სარჩელი, რომლითაც ქართველმა ადვოკატებმა საქართველოდან ჩეჩნების ექსტრადიციის კანონიერების დასადგენად მიმართეს სტრასბურგს. 26 ნოემბერს ევროსასამართლომ მორიგი შუალედური გადაწყვეტილებით მოხსნა თბილისში დარჩენილ ჩეჩენთა ექსტრადიციაზე დაწესებული მორატორიუმი. უკვე ექსტრადირებული 5 ჩეჩნის საკითხი ახლო მომავალში განიხილება. როგორც იცით, მორატორიუმის მოხსნას მეორე დღესვე მოჰყვა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ კიდევ სამი ჩეჩნის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება. მიუხედავად საქმის ასეთი განვითარებისა, მოსარჩლე მხარის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ევროსასამართლომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. ჩემთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს 4 ოქტომბრის მორატორიუმმა თავისი ფუნქცია შეასრულა: მან აიძულა რუსეთის ხელისუფლება აეღო პასუხისმგებლობა ექსტრადირებულთა უფლებების დაცვაზე და მეორე – ამ დროის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილების შედეგად, არავის ექსტრადიცია აქ არსებულ ყველა სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების გარეშე აღარ მოხდება. მუხაშავრია აცხადებს, რომ მიზნის მიღწევა არ არის ყოველთვის თავად საქმის მოგება, ეს შეიძლება მისი მსვლელობის დროსაც მოხდეს:

[მუხაშავრიას ხმა]
“ამ თვალსაზრისით, იმ 4 ოქტომბრის მორატორიუმმა თავისი ფუნქცია, მე მგონი, სრულიად შეასრულა. საქმის განხილვა გაგრძელდება და ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საბოლოოდ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც მე მივიღებ იმ შედეგს, რისთვისაც დავიწყე ეს საქმე, თუ ეს იქნება შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც მე მაინც მივაღწევ იმას, რაც მინდოდა”.

საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან დღემდე ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ასამდე სარჩელი შევიდა. მათგან რამდენიმე სარჩელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგანაც იყო. თუმცა სასამართლომ განიხილა მხოლოდ 7 საქმე, არსებითად განსახილველად კი დღეისთვის მიღებულია ორი მათგანი. როგორც ევროსასამართლოს ადმინისტრაციული აპარატის თანამშრომელმა, ქართველმა იურისტმა თეა წულუკიანმა მითხრა, პროცედურული თვალსაზრისით საქმის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან სტრასბურგის სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანამდე ორი წელია საჭირო.

მსმენელისთვის არცთუ უცნობი ქართველი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც რვა წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და 150-მდე საქმე უწარმოებია, - აქედან 50 შემთხვევაში ის ჟურნალისტებს იცავდა, - დღეს მონაწილეობს სემინარში, რომლის მიზანიც ქართველი ადვოკატებისთვის ევროსასამართლოში სარჩელის შეტანისა და საქმის წარმართვის სწავლებაა. მან მე განმიცხადა:

[ხატიაშვილის ხმა]
“მე საერთოდ არ ვიცოდი ის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებებში სასამართლოს პრეცედენტი იდგა ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მაღლა და ის აბზაცი, რაც სტრასბურგის სასამართლო მივიდა ამ დასკვნამდე, უნდა ნებისმიერ სასამართლოში მიმეთითებინა და მეთქვა, რომ აი, სტრასბურგის ამა და ამ გადაწყვეტილებაზე ანალოგიურად დაფიქსირდა ეს და, აქედან გამომდინარე, ანალოგიის გავლებით მომეთხოვა... ეს, მაგალითად, არც შეიძლებოდა მცოდნოდა”.[სტილი დაცულია]

ამ სახის ინფორმაციის მიღება ქართველმა ადვოკატებმა ისევ და ისევ საკუთარი კოლეგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლეს. დღეს ოცი ქართველი ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლისა” და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ეტაპობრივად სწავლობს ევროსასამართლოსთან ურთიერთობას. დღემდე ზაზა ხატიაშვილი ვერ აძლევდა თავს უფლებას სტრასბურგისთვის მიემართა, დღეს კი უკვე შვიდი საქმე აქვს მზად იქ წარსადგენად.

სწავლების პროგრამის ერთ-ერთი ორგანიზატორი “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის” წარმომადგენელი მონიკა ვანდევენი, რომელიც დღემდე ჩატარებულ ყველა მეცადინეობას ესწრებოდა, ქართველ ადვოკატებს მაღალ შეფასებას აძლევს. ჩემთან საუბრისას მან დასძინა:

[ვანდევენის ხმა]
“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართველი ადვოკატები ძალიან ჭკვიანები არიან. გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებდნენ. იმედი მაქვს, ამ პროექტის შედეგად, ისინი შეიძენენ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტები ადგილობრივ სასამართლოებში და, აგრეთვე, ევროპის სასამართლოებთან მუშაობაშიც”.

თუკი დღეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში არსებული სარჩელების სათაურებს გადავავლებთ თვალს, არალოგიკური სურათი იხატება: სარჩელების უმეტესობა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ არის მიმართული. მეორე მხრივ, სწორედ ამაშია ლოგიკა: დემოკრატიის განვითარება ხომ იმასაც გულისხმობს, რომ იმ ქვეყნებში მოქალაქეებმაც და მათმა ადვოკატებმაც უკეთესად იციან თავიანთი უფლებებისა და მათი დაცვის გზების შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG