Accessibility links

logo-print

ჩვენში დღეს ხშირად ლაპარაკობენ საზოგადოების არაჰუმანურობაზე


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენში დღეს ხშირად ლაპარაკობენ საზოგადოების არაჰუმანურობაზე,

ცალკეული ჯგუფების დისკრიმინაციაზე, სოციალურ სადიზმზე ხელისუფლების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არ არის უსაფუძვლო ლაპარაკი. ამაში დაგვარწმუნებს საზოგადოების დიდი ნაწილისაგან ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეული ადამიანების ყოფასა და მათდამი დამოკიდებულებაზე დაკვირვება. ამჯერად ჩვენს გადაცემაში შევეხებით უნარშეზღუდულ ადამიანთა პრობლემებს. ალბათ, გახსოვთ, ორიოდ კვირის წინ უნარშეზღუდული ადამიანების საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა, ინვალიდთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფორუმი გამართეს, სადაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, უწინარესად, ხელისუფლების წევრებს თავიანთი წუხილი მოასმენინეს. სხვადასხვა უნარშეზღუდული ადამიანების რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებშიც კი ზოგჯერ მოსახლეობის 10 %-ს აღწევს, საქართველოში ეს რიცხვი ნაკლებია, რაც მათი ცუდი აღრიცხვით არის გამოწვეული. მაგრამ აღრიცხვა არ არის პირველი რიგის სირთულე. მე ახლა სიტყვას დავუთმობ ჩემს კოლეგას, ეკა წამალაშვილს, რომელიც ინვალიდ მეომართა და ვეტერანთა კავშირის პრობლემებზე გესაუბრებათ. ვფიქრობ, პრობლემათა უმეტესობის განზოგადება შეიძლება ინვალიდთა სხვა ორგანიზაციებზეც და, საერთოდ, უნარშეზღუდულ ადამიანებზე. მერე კი გავესაუბრებით გოგა კოხრეიძეს, პარლამენტის წევრს, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს და შევეცდებით გავარკვიოთ, რით შეუძლია ხელისუფლებას, დაეხმაროს ინვალიდებს.

[ეკა წამალაშვილი]:

ბოლო ათწლეულის სიმძიმემ, ომმა და სამოქალაქო დაპირისპირებამ, ძირითადად, იმ თაობის ზურგზე გადაიარა, რომელსაც 90 – იანი წლების დასაწყისამდე ომზე წარმოდგენას ფილმებში ნანახი და წიგნებში ამოკითხული ამბები უქმნიდა. იყო დრო, როცა ამ თაობის წარმომადგენლებს ეგონათ, რომ ომი არასოდეს განმეორდებოდა. დღეს მისი ნაწილი ომის ვეტერანთა და ინვალიდთა რიგებშია და გრძნობს, რომ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ არაფერი მიუღია. სახელმწიფოსგან მიტოვებულები, საზოგადოებისთვის თავის შეხსენებას ისინი თავად ცდილობენ, რადგან მათი პრობლემები საზოგადოებასაც ნაკლებად ახსოვს. ამას ისიც მოწმობს, რომ მეომარ ინვალიდთა და ვეტერანთა პროგრამების დაფინანსება, ძირითადად, უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული და რომ ქართველი შეძლებულები, ამ მხრივ, მაინცდამაინც არ აქტიურობენ.

აფხაზეთის ომის ვეტერანებს და მეომარ ინვალიდებს მათ მიმართ საზოგადოების გულგრილობამ დაანახვა, რომ საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად ბრძოლა თავად უნდა დაეწყოთ. რამდენიმე წლის წინ მათ გაერთიანება და საკუთარი მომავლისთვის ზრუნვა გადაწყვიტეს. ასე შეიქმნა “ინვალიდ მეომართა და ვეტერანთა კავშირი – დემეტრე თავდადებული”, რომელსაც რამდენიმე წლის მანძილზე აფხაზეთში ნაომარი მეორე ჯგუფის ინვალიდი ჯემალ არქანია ედგა სათვეში. დღეს ამ კავშირს ქალბატობი მანანა მებუკე ხელმძღვანელობს. კავშირი 2000 წევრს აერთიანებს. შესაბამისად, 2000 ნაომარი ინვალიდის შესახებ შეგროვილი მონაცემები მანანა მებუკეს საშუალებას აძლევს თქვას, რომ ეს ადამიანები, ძირითადად, სოციალურად დაუცველთა ფენას მიეკუთვნებიან და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

[მანანა მებუკის ხმა] “ ძირითადად, დეპრესიულ მდგომარეობაში არიან. დღითიდღე ინვალიდ მეომართა და ვეტერანთა რაოდენობა კლებულობს. უკვე მერამდენე შემთხვევაა თვითმკვლელობის. ეს საშინელებაა. ბევრი გალოთებულია. ძალიან ბევრია დეპრესიული მდგომარეობის გამო სხვადასხვა დეპრესანტებზე მიჯაჭვული. როგორ არ არიან ეს ადამიანები მიტოვებულები? მე ვკითხულობ, სად არის მათთვის რეაბილიტაციის ცენტრები, სახელმწიფო დონეზე გაკეთებული. უნდა იყოს თუ არა ასეთი ცენტრები?”

ასეთი ცენტრები არ არის. ერთი პერიოდი იყო მცდელობა ინვალიდთა, მათ შორის, ყოფილ მეომართა, დახმარების პროგრამები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო. 98-99 წლებში ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა ასეთი პროგრამები, მაგრამ - დროებით. პროცესი შეწყდა. მას შემდეგ საქართველოს მთავრობაში ხშირად საუბრობენ ინვალიდთა პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხების დატაცებაზე, თუმცა რა შუაშია აქ ის ათასობით ადამიანი, რომელიც ომში გაღებულმა მსხვერპლმა შრომისუუნაროდ აქცია და სახელმწიფოს თანადგომას საჭიროებს, გაუგებარია. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხელისუფლება ამ ადამიანების ინვალიდთა ეტლებით უზრუნველყოფისთვისაც არ ზრუნავს. ამას გარდა, მან გააუქმა აფხაზეთის ომში ნაომარი ინვალიდების, ვეტერანებისა და ამ ომში დაღუპულთა თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის დაწესებული შეღავათები, რომლის აღდგენაც, მანანა მებუკის თქმით, მხოლოდ ინვალიდთა ამასწინანდელი თავყრილობის შემდეგ მოხერხდა.

[მანანა მებუკის ხმა] “ ვეტერანებს, ინვალიდებს, ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს ჰქონდათ შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე. ეს არის: დენი, გაზი, ტელეფონი. მიიღეს გადაწყვეტილება და ამ ხალხს ეს შეღავათები გაუუქმეს. მოხდა საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, მაგრამ ფორუმის შედეგი იყო ის, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში პარლამენტის თავჯდომარე ჩაერია.”

როგორც მანანა მებუკე ამბობს, ინვალიდთა და ვეტერანთა ფორუმებს, კონფერენციებს და მსგავს ღონისძიებებს ერთადერთი მიზანი აქვს: ამ ადამიანების პრობლემების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებამდე და საზოგადოებამდე მიიტანოს, რადგან ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ინვალიდების პრობლემებს ივიწყებს ხოლმე.
ასეთ პირობებში ადამიანები, ძირითადად, ახალგაზრდები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას ჯანმრთელობა შესწირეს, საკუთარი გაერთიანებების იმედად არიან დარჩენილები. ასეთი გაერთიანებები კი სახელმწიფოს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს.

მაგალითისთვის: “აფხაზეთის ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირი – დემეტრე თავდადებული” უცხოელი დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების ხარჯზე ახორციელებს ცალკეულ საქველმოქმედო პროგრამებს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებიდან ყოველწლიურად 30 ბავშვი მიჰყავს დასასვენებლად იტალიაში, სხვები - საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე. კავშირი მიზნად ისახავს აფხაზეთის ომის შედეგად დაინვალიდებული მებრძოლებისთვის დასაქმების პროგრამების განხორციელებას, მათთვის და აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანი კანონების ლობირებას, ომის ინვალიდთა და ვეტერანთა ადგილობრივი ორგანიზაციების ინტეგრაციას ინვალიდთა და ვეტერანთა მსოფლიო მოძრაობაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია. “ კავშირი – დემეტრე თავდადებული” “ინვალიდთა და ვეტერანთა საკოორდინაციო საბჭოს” წევრია. თავის მხრივ, ეს საბჭო კოალიციაშია “ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭოსთან”, რაც მოწმობს, რომ საქართველოში ინვალიდთა მოძრაობა არსებობს. მაგრამ ამ მოძრაობას შესაფერისი შედეგები ჯერ არ ახლავს. ადამიანები, რომლებმაც აფხაზეთში იბრძოლეს, უწინდებურად მიტოვებულები არიან.



[დავით პაიჭაძე]:

ადამიანები, რომელთა ამბავს ეკა წამალაშვილი მოგითხრობდათ, ძირითადად, ახალგაზრდები არიან. უნარშეზღუდული პირების სოციალური ადაპტაცია საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ამასთან, დახმარებას და მხარდაჭერას მხოლოდ ომის ვეტერანები და ინვალიდები არ საჭიროებენ. [გოგა კოხრეიძის ხმა]: “ახალგაზრდების პრობლემა დგას ძალიან სერიოზულად, და მაინც, ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა ქალებში დგას. ჩვენს პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ძალიან ძნელი იყო ქალების, ახალგაზრდა გოგონების გარეთ - ასე ვთქვათ, ცხოვრებაში -გამოყვანა სხვადასხვა - განსაკუთრებით ქალური - პრობლემების გამო. ამიტომაცაა, სულ რამდენიმე ქალთა ორგანიზაცია არსებობს ინვალიდების კუთხით”.

საქართველოს პარლამენტის წევრი, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე გოგა კოხრეიძე ამბობს, რომ 3 წლის წინ სახელმწიფოში მოხდა წყვეტა, ინვალიდებზე ზრუნვის თვალსაზრისით. უნარშეზღუდულ პირთა პრობლემებმა პოლიტიზება განიცადა და მოგვიანებით დადასტურდა, რომ ინვალიდებისთვის გამიზნული პროგრამების შეწყვეტით ის ადამიანები იყვნენ დაინტერესებულნი, ვისი სახელიც ქვეყანაში არალეგალურ მოგებას, შავ ფულს უკავშირდება. ეგ არის, რომ ამ ადამიანთა სახელებს პარლამენტის წევრებიც არ აკონკრეტებენ.

გოგა კოხრეიძეს მზადა აქვს საპროექტო წინადადებები, რომელთა მიზანი უნარშეზღუდული ადამიანების დასაქმებაა საწვავის ბიზნესში. ამ შემთხვევაში მთავრობისაგან ინვალიდები ფულს არ ითხოვენ, პირიქით, გოგა კოხრეიძე ამბობს, რომ აქეთ მოუტანენ სახელმწიფოს შემოსავლებს. წინადადებების საქმედ ქცევას სჭირდება მათი გარდაქმნა ჯერ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტად, შემდეგ კი – კანონის ნორმებად. ეს ნიშნავს, რომ ამ წინადადებებმა უამრავი ბიუროკრატიული თუ პოლიტიკური ბარიერი უნდა გადალახონ. [გოგა კოხრეიძის ხმა]: “თუ საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ექსპერიმენტი, 6 ათასი ინვალიდი დასაქმდება, ხოლო თუ მხოლოდ თბილისის მასშტაბით გაკეთდა – 3 ათას ადამიანს დავასაქმებთ”.

საქართველოში მცხოვრებ ინვალიდთა 2/3-ს გოგა კოხრეიძე შრომისუნარიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ დასაქმებულია სულ 2%. უნარშეზღუდულ პირთა 14 ნოემბერს გამართულ ფორუმზე სახელმწიფო მინისტრმა დაპირებები არ დაიშურა ინვალიდებისათვის. ჯერჯერობით, ამ ორ კვირაში რაც გაკეთდა, ისაა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შევიდა თანხა ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქონებისა და მიწის გადასახადის სუბსიდირებისათვის.

სოციალური ჰარმონია საზოგადოებაში პრაქტიკულად მიუღწეველია, მაგრამ საზოგადოება უნდა ისწრაფოდეს ამ მიზნისკენ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, მოქალაქეთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით. უნარშეზღუდული ადამიანების მივიწყება და დისკრიმინაცია მხოლოდ მათ არ აზარალებს. მე ვკითხე გოგა კოხრეიძეს, რომელი პრობლემის მოხსნა არის ინვალიდისთვის ყველაზე საშური: ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ სოციალურ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა? [გოგა კოხრეიძის ხმა]: “ჩვენ თუ ადამიანს მივეცით ის, რაც წესითა და კანონით ეკუთვნის, რადგან გაჩნდა ამქვეყნად, – ანუ თუ ის დასაქმდება და რეალიზდება, ეს დასაქმება ინვალიდთა ძალიან დიდ ნაწილს ფსიქოლოგიურ პრობლემას მოუხსნის. მაგრამ არის მეორე მომენტიც – სოციალური პრობლემა. მისი მოგვარება, ალბათ, დროში უფრო გახანგრძლივდება იმიტომ, რომ საზოგადოების დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული. საზოგადოება კი ინვალიდებს ჯერ არ ეკიდება და არ უყურებს ისე, რომ ისინი დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ. ეს შეხედულება თანდათან იკიდებს ფეხს. მოკლედ, სოციალიზაცია ცოტა რთული პროცესია, მაგრამ თუ ისინი თვითრეალიზდებიან დასაქმებით, ეს სოციალურ ადაპტაციასაც შეუწყობს ხელს”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG