Accessibility links

logo-print

არასამთავრობოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაჰუმანური საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ


მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისგან მოთხოვნილი თანხების

მიღების ყოველგვარი იმედი გადაეწურა, სამხედრო უწყება ცდილობს დამატებითი თანხები ისევ წვევამდელების ოჯახებს გადაახდევინოს. აღსანიშნავია, რომ, თავდაცვის სამინისტროს აშკარა ლობირებით, მიმდინარე თვის ივლისში უკვე შევიდა შესწორება სამხედრო ვალდებულების შესახებ არსებულ საკანონმდებლო აქტში და ოფიციალურად დაკანონდა 200 ლარიანი მოსაკრებელი არმიაში სამსახურის გადავადებისთვის. ამჟამად ქართველი სამხედროები კიდევ უფრო შორს მიდიან და ცდილობენ დაბეგვრის რეჟიმი წვევამდელთა იმ კონტინგენტზეც გავრცელდეს, რომელიც უფასო გადავადების შეღავათით ჯერ კიდევ სარგებლობს. მათ შორის კი აღმოჩნდა დედისერთა და ერთშვილიან ჭაბუკთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რაც ხელისუფლების მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციათა მძაფრ პროტესტს იწვევს.

თუ იმპერატორი ვესპასიანე ისტორიაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების დაბეგვრით შევიდა, საქართველოს ხელისუფლება კაცობრიობის მეხსიერებას ყიდვა-გაყიდვის საგნად სამხედრო ვალდებულების დაკანონებით შემორჩება.

პარლამენტის მიერ ამა წლის 20 ივლისს მიღებული შესწორებით, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა წვევამდელებმა უფლება მოიპოვეს 200 ლარის თანხის საფასურად ყოველ წელს გადაივადონ კონსტიტუციით დაკისრებული მხედრული ვალი. თანაც 27 წლის ასაკამდე ამ უფლებით მათ იმდენჯერ შეუძლიათ ისარგებლონ, რამდენჯერაც აღნიშნული თანხის შეგროვებას მოახერხებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ლამის კბილებით გაიტანა ეს ინიციატივა, დარწმუნებული იყო, რომ ამ ცვლილებით საშვილიშვილო საქმეს აკეთებდა.
[დავით თევზაძის ხმა] "გადავადებაშია პრობლემა. გადავადებაში ჩვენ პრობლემას მოვხსნით. იქნება გარკვეული თანხა, რომელიც, გარკვეულწილად, შეენაცვლება მის ბეგარას, გარკვეულწილად, ეს თანხები მოიზიდება და მოემსახურება იმ ადამიანების ყოფას, რომლებიც თავის ქვეყანას ემსახურებიან".[სტილი დაცულია]

მიუხედავად ამ კეთილშობილური ჩანაფიქრისა, ქრთამის ოფიციალურმა დაკანონებამ საქმეს ვერ უშველა. პროგნოზირებადი 16 მილიონი ლარის სანაცვლოდ, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე პირველ წელს მხოლოდ 250 ათასი ლარი შევიდა. თანაც, კონსტიტუციური მოვალეობის გაყიდვით შემოსულმა ფულმა მალე აუშვა სუნი: ახალგაზრდა ოფიცრებში, რომლებიც არმიაში სამსახურს ღირსების საქმედ მიიჩნევენ, ამგვარმა მიდგომამ მძაფრი პროტესტი გამოიწვია.

იურისტი შალვა თადუმაძე მოწოდებით სამხედროა. მან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოფიცრის კარიერა აირჩია და მუშაობა თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში განაგრძო.
[შალვა თადუმაძის ხმა] "იმიტომ რომ, მე ვთვლი, რომ კაცი, თუნდაც 18 წლის, რომელიც სამხედრო სამსახურში დგას, ჩემზე ერთი ნაბიჯით წინ არის სახელმწიფოს წინაშე; იმიტომ რომ, ჩემზე წინ მიდის ტყვიაზე და მხოლოდ იმის შემდეგ მივდივარ მე სახელმწიფოს დასაცავად. და, გარდა ამისა, არის რაღაც ვაჟკაცური დამოკიდებულება, ის ქართული ტრადიცია იარაღთან ურთიერთობისა, ბრძოლისა."[სტილი დაცულია]

ასეთი ძლიერი ფსიქოლოგიური მოტივაციის მიუხედავად, შალვა თადუმაძე იძულებული გახდა სამხედრო სამსახურზე სულ მალე ეთქვა უარი. ამის მიზეზად იგი სწორედ სამხედრო წრეებში სამსახურისადმი მერკანტილურ მიდგომას ასახელებს.

[შალვა თადუმაძის ხმა] "წამოვედი იმიტომ, რომ ასეთი თვითშეგნება არ არის იქ. ისინი თვლიან, რომ მთავარია სხვა რაღაცეები, ვიდრე თვითშეგნება, ანუ გეცვას ფორმა და ეს ფორმა იყოს შენთვის ფარი, აკეთო ფული."[სტილი დაცულია]

შალვა თადუმაძემ და მისმა თანამოაზრეებმა, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს იცავენ, ორი თვის წინ ჩამოაყალიბეს კოალიცია “სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობისთვის" და ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც ისინი ხელისუფლებას მწვავედ უპირისპირდებიან, სწორედ საკონსტიტუციო მოვალეობის ყიდვა-გაყიდვის საგნად ქცევაა. მათი აზრით, ამგვარი მიდგომით, ეცემა სამხედრო სამსახურის პრესტიჟი და მოსახლეობას, ფაქტობრივად, არაპირდაპირ სამხედრო ხარკის გადახდა ეკისრება.

ამ ფონზე მათი სრული აღშფოთება გამოიწვია თავდაცვის სამინისტროში მომზადებულმა ახალი ცვლილებების პროექტმა, რომელიც სამხედრო სამსახურიდან უფასო გადავადების უფლებას ართმევს დედისერთა და ერთშვილიან წვევამდელებს. იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომელიც სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის ერთ-ერთი თანაავტორია, ფიქრობს, რომ წვევამდელთა ამ კატეგორიისთვის შეღავათის მოხსნა სერიოზულ პრობლემას შექმნის.

[ლევან ალაფიშვილის ხმა] :"სამხედრო სამსახური ნებისმიერ ქვეყანაში განიხილება მომეტებული რისკის მქონე სამსახურად და, შესაბამისად, იმ ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით და, გნებავთ, დაცვის მიზნით, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ ჰყავთ სხვა მემკვიდრე აღმავალი ხაზით, ანუ მე მხედველობაში მაქვს ვაჟი, გათვალისწინებული იქნა ეს ყველაფერი და მივიღეთ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 96 წელს, რომ დედისერთები გაგვეთავისუფლებინა სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდისაგან."[სტილი დაცულია]


გარდა ამისა, გასაწვევი რესურსი საქართველოში 90 ათას, გაწვევის გეგმა კი მხოლოდ 10 ათას კაცს შეადგენს. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რომ გაწვევა შეეხოს დედისერთებისა და ერთი მცირეწლოვანი შვილის მამების კონტინგენტს, რომლის საერთო რიცხვი 5000 არ აღემატება.

თანაც, როგორც კანონპროექტზე დართულ განმარტებით ბარათშია ხაზგასმული, ხელისუფლებას სურს არა კონსტიტუციური მოვალეობის წინაშე გაათანაბროს მოქალაქეები, არამედ უფრო მეტ ადამიანს ჩააყოფინოს ჯიბეში ხელი ამ მოვალეობის გამოსასყიდად. აქედან გამომდინარე, "კოალიციაში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობისთვის" შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თუ საზოგადოებრივი მუხრუჭები დროზე არ ამოქმედდა, დამატებითი საბიუჯეტო თანხების მოპოვების ეშხში შესულმა ხელისუფლებამ, გადავადება ფასიანად, შესაძლოა, მთელი მამრობითი სქესის მოსახლეობისთვის გამოაცხადოს.
XS
SM
MD
LG