Accessibility links

logo-print

მოსალოდნელია თუ არა მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების კავშირის თანამშრომლობა


იმის შემდეგ, რაც ვახტანგ რჩეულიშვილმა სტრატეგიულ პარტნიორად ავთანდილ ჯორბენაძე და მოქალაქეთა კავშირი გამოაცხადა, პრესაში გაჩნდა ვერსია, რომ სოციალისტური პარტიის ლიდერი

შუამავლის როლს ასრულებს ცენტრსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. თითქოს, ამ ვერსიის დასტურად, ხუთ დეკემბერს ბათუმში იგეგმება სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი, რომელიც აჭარის ლიდერთან სწორედ ვახტანგ რჩეულიშვილმა შეათანხმა.


ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის ფარული კავშირი და თანამშრომლობა ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს. ამ თვალსაზრისს დაბეჯითებით ამკვიდრებს პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შევარდნაძე-აბაშიძის ხელისუფლებად მოიხსენიებს.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ედუარდ შევარდნაძემ იწინასწარმეტყველა, რომ ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრიდა. მაშინ, აჭარის ლიდერთან მწვავე დაპირისპირების ფონზე, შევარდნაძის განცხადება მეტისმეტად თამამ პროგნოზად ჟღერდა, თუმცა ბოლოს სწორედ ეს პროგნოზი გამართლდა. უფრო მეტიც, როდესაც ასლან აბაშიძემ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა, აჭარის მოსახლეობის ხმები არა საკუთარი ბლოკის წევრს – ჯუმბერ პატიაშვილს, არამედ სწორედ ედუარდ შევარდნაძეს დაუთმო.

აბაშიძის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება პრაგმატიზმის ლოგიკას ექვემდებარება და ამის უარყოფა შეუძლებელია. ამავე ლოგიკით, აჭარის ლიდერი ხან უახლოვდება, ხან შორდება თბილისის პოლიტიკური ცენტრის გავლენიან ფიგურებს. ედუარდ შევარდნაძეც ხან ტიტულებით და მედლებით აჯილდოებს ასლან აბაშიძეს, ხან კი მკაცრი ტონით ითხოვს მისგან “თამაშის წესების” დაცვას.

ქართულ პოლიტიკურ ინტერიერში შევარდნაძე-აბაშიძის ურთიერთობას საგანგებო სივრცე ეთმობა. მაგრამ ეს სივრცე შეუვალია ქართული პოლიტიკის სხვა პერსონაჟებისთვის. სამაგიეროდ, ისინი აჭარის ლიდერთან ურთიერთობას საკუთარი ინტერესების შესაბამისად აგებენ და მასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმებიც აქვთ. ამჟამად პარლამენტში ორი დიდი ჯგუფია: ერთი მხრივ, ავთანდილ ჯორბენაძის ირგვლივ შემოკრებილი პარტიები და, მეორე მხრივ, ჟვანია-გამყრელიძის არაოფიციალური კოალიცია. თითოეული ბანაკი ცდილობს, მოიპოვოს უპირატესობა მეორესთან შედარებით. ჯორბენაძესა და რჩეულიშვილს ასლან აბაშიძის იმედი აქვთ და ცდილობენ, აღორძინების კავშირი ახალი უმრავლესობის წევრად აქციონ. ვახტანგ რჩეულიშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ საკუთარ მისიას ცენტრსა და რეგიონს შორის პრობლემების მოგვარებაში ხედავს.

არის თუ არა მოსალოდნელი მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების კავშირის პოლიტიკური დამეგობრება? ალბათ, არა და ეს “არა” ორ სერიოზულ არგუმენტს ეფუძნება. პირველი ის არის, რომ აჭარის ლიდერი არასოდეს აღარ გააძლიერებს ედუარდ შევარდნაძეს. მან პრეზიდენტისგან მიიღო იმის მაქსიმუმი, რისი მიღებაც სურდა: კერძოდ, ჩანაწერი კონსტიტუციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. თავის მხრივ, ედუარდ შევარდნაძეც არასოდეს დაუშვებს, რომ თბილისის ცენტრში გავლენის მხრივ მეორე ფიგურა – ავთანდილ ჯორბენაძე – მეტისმეტად დაუახლოვდეს ბათუმის ცენტრის ლიდერს - ასლან აბაშიძეს.

ის უმრავლესობა, რომლის ხელმძღვანელობასაც პარლამენტში ვახტანგ რჩეულიშვილი აპირებს და რომელიც, თითქოს, ავთანდილ ჯორბენაძის ირგვლივ იკრიბება, სინამდვილეში, ედუარდ შევარდნაძის უმრავლესობაა. რასაკვირველია, ასლან აბაშიძე არც მოტყუვდება და ვერც თავს მოიტყუებს, რომ ჯორბენაძესთან დაახლოება და მოქალაქეთა კავშირთან პარტნიორობა შესაძლებელი იყოს პრეზიდენტთან ინტეგრაციის გარეშე.

ცხადია, აბაშიძე ითანამშრომლებს ჯორბენაძესთან პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში; ცხადია, ჯორბენაძე შეეცდება, მიიღოს აჭარის ლიდერისა და მისი საპარლამენტო დეპუტაციის მხარდაჭერა; ცხადია, ვახტანგ რჩეულიშვილი საკუთარ ფუნქციას განსაკუთრებულად წარმოაჩენს ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაში; ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების კავშირის სტრატეგიული პარტნიორობა არ იქნება. ამგვარ დაახლოებას პოლიტიკური პროცესის ლოგიკა ორმხრივად გამორიცხავს: არც შევარდნაძეს აძლევს ხელს ჯორბენაძის გაძლიერება აბაშიძის მხარდაჭერით და არც აბაშიძეს სჭირდება პრეზიდენტის ახალ გუნდში გაწევრიანება.

ასე რომ, პრესის ვერსია მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების კავშირის სავარაუდო დაახლოების შესახებ უსაფუძვლოდ გამოიყურება. მართალია, შევარდნაძის ძალაუფლება განაპირობებს აბაშიძის ძალაუფლებას, მაგრამ ორი სახელისუფლო პარტიის ერთ ბანაკად გაერთიანება მოსალოდნელი არ არის. ცალკეული გადაწყვეტილებების მისაღებად კი ასლან აბაშიძე ნებისმიერ საპარლამენტო ძალასთან ითანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG