Accessibility links

logo-print

მეორე საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთის საკითხებზე


გერმანიაში, ბონის მახლობლად მდებარე დაბა კიონიგსვინტერში, ორშაბათს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა ავღანეთში ბოლო ერთი წლის მანძილზე მიღწეული

შედეგები განიხილეს და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ზუსტად ერთი წლის წინათ იქვე, პეტერსბერგის მთაზე მოწყობილ საკონფერენციო ცენტრში, მიღწეულ იქნა შეთანხმება ავღანეთის გარდამავალი მთავრობის, მისი თავმჯდომარისა და დროებითი კაბინეტის თაობაზე. მაშინვე, ცხრადღიანი დაძაბული მუშაობის შედეგად, განისაზღვრა ახალი კონსტიტუციის მიღებისა და საყოველთაო არჩევნების ჩატარების გრაფიკი.

ამჯერად ბონის კონფერენციის წინაშე ასეთი რთული ამოცანები არ დასახულა. მიუხედავად ამისა, კონფერენციაში მაღალი რანგის არაერთმა პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა; მათ შორის, მასპინძელი ქვეყნის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ და სხვებმა.

ჰამიდ კარზაიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ განვლილი ერთი წლის მანძილზე ავღანეთში ბევრი გაკეთდა, თუმცა არც ის დაუმალავს, რომ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ცენტრალური მთავრობა ჯერჯერობით საკმარისად ეფექტიანად ვერ მოქმედებს რეგიონებში, რომელთაგან ზოგიერთში მისი გავლენა, ფაქტობრივად, არც ვრცელდება.

უსაფრთხოება, კარზაის თქმით, ავღანელი ხალხის უმთავრესი საზრუნავია. [ჰამიდ კარზაის ხმა] "ჩვენი ხალხისთვის უმთავრესი საკითხი უსაფრთხოებაა. ხალხს მხოლოდ უსაფრთხო გარემოში ექნება საშუალება, გასაქანი მისცეს თავის სამეწარმეო ნიჭსა და უნარს. სხვაგვარად მისი ძალისხმევა მეტისმეტად დიდ რისკს უკავშირდება."

უსაფრთხოების მხრივ ავღანეთში ყველაფერი რიგზე რომ ვერ არის, იქიდან ორშაბათს მიღებული ცნობებიც ცხადყოფს. ქვეყნის დასავლეთში, კერძოდ, ჰერათის პროვინციაში, განახლდა ბრძოლა ურთიერთდაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის. ორშაბათსვე, სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, ერთ-ერთი ადგილობრივი საველე მეთაურის რაზმსა და პოლიციელებს შორის მოხდა შეტაკება, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი – დაიჭრა.

თავისი მთავრობის წინაშე მდგარ უმთავრეს ამოცანებს შორის ჰამიდ კარზაიმ ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება დაასახელა, რომელიც სამთავრობო უწყებებს უფრო ქმედითუნარიანს გახდის; პრეზიდენტმა ისაუბრა, აგრეთვე, სასამართლო, საფინანსო და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე.

კონფერენცია გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა გახსნა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, განაგრძოს "მშვიდობისა და თავისუფლების გზაზე დამდგარი" ავღანეთისთვის დახმარების გაწევა. კანცლერმა ქებით მოიხსენია განვლილი ერთი წლის მანძილზე ავღანეთის მთავრობის მიერ მოპოვებული წარმატებები და დასძინა, რომ ავღანელებს მომავალშიც უნდა ჰქონდეთ დასავლეთის მხრიდან სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი.

[გერჰარდ შრიოდერის ხმა]

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა, რომელიც, სხვათა შორის, ახლახან დაბრუნდა ქაბულიდან, და გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ, ყურადღება უსაფრთხოების პრობლემაზე გაამახვილეს.

ბრაჰიმის თქმით, ავღანელი ხალხის მთავარი მტერი უსაფრთხოების უქონლობაა. სულ ერთია, რით არის გამოწვეული ეს პრობლემა: ექსტრემისტთა თავდასხმებით, დაპირისპირებული დაჯგუფებების ქიშპობით თუ უბრალო ბანდიტიზმით: თუ ქვეყანაში კანონმა არ იკანონა, მოსახლეობა საბოლოოდ დაკარგავს რწმენას სამშვიდობო პროცესისადმიო, განაცხადა ლახდარ ბრაჰიმიმ.
XS
SM
MD
LG