Accessibility links

logo-print

პუტინის ვიზიტი ჩინეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 2 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეკინში ჩავიდა. მისი მიზანია ჩინეთის ახლანდელ და მომავალ ლიდერებთან საერთო ენის გამონახვა,

განსაკუთრებით ისეთ საკითხებში როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა და ერაყი და, აგრეთვე, ტერორიზმთან ბრძოლა.

პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა ძიან ძემინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდისა და ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მოწოდება გამოთქვეს. დეკლარაცია მოითხოვს აგრეთვე, ერაყის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას.

სანამ ლიდერები საპატიო ყარაულის წინ მიემართებოდნენ ხალხთა დიდ დარბაზში, ტიანანმენის მოედნის მახლობლად, სადაც დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ისინი რუსულად საუბრობდნენ. ძიან ძემინი საბჭოთა კავშირში ნამუშევარია და რუსული იცის. შემდეგ მათ შამპანურით ადღეგრძელეს ერთმანეთი.
"ჩინეთი და რუსეთი სამუდამოდ იქნებიან კეთილი მეზობლები, მეგობრები და პარტნიორები", თქვა ძიან ძემინმა

ორი სახელმწიფოს მეთაურების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ლიდერები "ცდას არ დააკლებენ მათი ქვეყნების მეგობრული და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განსამტკიცებლად."

შემდეგ პუტინი შეხვდა ვიცე-პრეზიდენტსა და კომპარტიის ახალ ლიდერს ჰუ ძიანტაოს. მოსალოდნელია, რომ მარტში პარლამენტი ჰუ ძიანტაოს უკვე ქვეყნის პრეზიდენტად დანიშნავს. პუტინი არის რანგის პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ჰუ ძიანტაოს შეხვდა.

მოლაპარაკებების მსვლელობაში ხელმოწერილ იქნა მთელი რიგი შეთანხმებები: პატიმრების ექსტრადიციის, მინისტრების რეგულარული შეხვედრებისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკები შეთახმდნენ, რომ გაცვლიან ინფორმაციას ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ჩარჩოებში.

[პუტინის ხმა] "საუბარია გლობალური და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მექანიზმზე, სადაც ყურადღება გამახვილებულია ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშროლობაზე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ", თქვა პუტინმა

ეს მომენტი დეკლარაციაშიც აისახა: "საერთაშორისო ტერორიზმის დანაშაულებრივი ქმედებები ნიუ-იორკში, მოსკოვში, კუნძულ ბალიზე და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მოწმობს, რომ ტერორიზმი, სეპარატიზმი და ექსტრემიზმი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის გლობალურ მასშტაბში", აღნიშნულია დეკლარაციაში.

უფრო კონკრეტულად კი დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ჩინეთის ბრძოლას მაჰმადიან სეპარატისტებთან – ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია სინძიანში მცხოვრებ უიღურებთან; საპასუხოდ კი პეკინი მხარს დაუჭერს მოსკოვის ოპერაციას ჩეჩენ მეაბოხეთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG