Accessibility links

logo-print

დაიწყება თუ არა თბილისში მორიგი საპროტესტო აქციები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2 დეკემბერს ვარკეთილისა და კახეთის გზატკეცილის მოსახლეობამ ალყაში მოაქცია “ეი-ი-ეს თელასის” ცენტრალური ოფისი და შენობიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა ამ ამერიკული კომპანიის თანამშრომლებს.

თბილისის ამ განაპირა რაიონების მოსახლეობა, 8 დღეა, ელექტროენერგიას არ იღებს. მართალია, რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის ხარჯზე მდგომარეობის გამოსწორების დაპირების შემდეგ ალყა მოიხსნა, მაგრამ, სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თბილისელები უფრო რადიკალური აქციების ჩატარებით იმუქრებიან. დაიწყება თუ არა თბილისში მორიგი საპროტესტო აქციები?

შეგახსენებთ: ზუსტად ერთი წლის წინათ, 2001 წლის ნოემბერში, თბილისს მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. თბილისის ცენტრალური რაიონის – ვაკის მაცხოვრებლების მიერ დაწყებულ გამოსვლებს თბილისის სხვა რაიონების მოქალაქეებიც აჰყვნენ და რამდენიმე ღამის განმავლობაში თბილისი “რევოლუციურ” ქალაქს წააგავდა. აქციების შედეგად, თბილისს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე კარგი ზამთარი ჰქონდა, როცა დენიც იყო და გაზიც.
წლევანდელ ზამთარს მთავრობა ისევე მოუმზადებელი შეხვდა, როგორც ყველა წინა ზამთარს. უკვე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ საქართველოში კვლავ ენერგეტიკული კრიზისია. თუმცა, წინა ზამთრისგან განსხვავებით, მოსახლეობა თითქოს მეტ მოთმინებას იჩენს და მორჩილად ელის ხან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის დაწყებას, ხან მე-9 ენერგობლოკის ასამუშავებლად გაზის შეძენის პირობების თაობაზე“ეი-ი-ეს თელასსა” და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გარკვევას, ხან ენგურჰესის მთელი სიმძლავრით ასამუშავებლად დაწყებული ღონისძიებების დასრულებას და ა.შ. და ა.შ. და თუ თბილისის ცენტრალური რაიონების მაცხოვრებლებმა მხოლოდ ბოლო 5 დღის განმავლობაში იგრძნეს უდენობა, გარეუბნებში უკვე, დაახლოებით, 10 დღეა აბსოლუტურ სიბნელეში ცხოვრობენ.
37 წლის ელენე ვაზისუბანში ცხოვრობს. შარშანდელ ზამთართან შედარებით წლევანდელს იგი კოშმარულს უწოდებს და აეჭვებს, ხელისუფლებამ მდგომარეობის გამოსწორება შეძლოს.
[ ხმა] “მე არ ვიცი, რას ელოდებიან. არა მგონია, რაიმე გამოსწორდეს. რა ხდება, არ ვიცი. მე მგონი, თვითონ ებრძვიან ერთმანეთს, ერთმანეთს დაერივნენ და გაჭირვებულ ხალხზე არავინ ფიქრობს.ბავშვები რომ ლამპის შუქზე სწავლობენ 21-ე საუკუნეში, უბრალოდ, სამარცხვინოა. ჩვენთვის კი არა – ხელისუფლებისთვის...”
ჟურნალისტი სოსო სიმონიშვილი ლოტკინის დასახლებაში ცხოვრობს. დენის პრობლემები იქ ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა დენი საერთოდ არ მიეწოდებოდა ლოტკინის მოსახლეობას. მისი თქმით:
[სოსო სიმონიშვილის ხმა] “ ისე, უცნაურია, მთელი კვირა დენი არ იყო და არავინ გაჩუჩუნებულა, არავის ხმა არ ამოუღია, არაფერი არ მომხდარა. ის, რომ საზოგადეობა ხმას არ იღებს, ცუდის ნიშანია. ეტყობა, პროტესტის გრძნობა საერთოდ დაეკარგა საზოგადეობას.”
ამ მოსაზრებას არ იზიარებს 56 წლის თემური, რომელსაც მიაჩნია, რომ საზოგადოება საკმაოდ აქტიურად გამოთქვამს თავის პროტესტს. კერძოდ:
[ხმა] “ გამოვიდა ხალხი – მე თვითონ მაქვს საკუთარი თვალით ნანახი, ვაკეში როგორ დაწვეს საბურავები, როგორ ნერვიულობდნენ. ახლაც ვარკეთილში გადაკეტეს გზა, ხალხი ილანძღება. ახალგაზრდებმა პოლიციის მანქანა წიხლების ცემით, ქვის სროლით, გინებით გააგდეს. ეს ხომ ხელისუფლების სისუსტეა. წყალი არა აქვთ, გაზი არა აქვთ, შუქი არა აქვთ. რა ქნას ამ ხალხმა?”
2 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თბილისის მერმა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრივილეგირებული უბნების გაუქმება მოითხოვა. 2 დეკემბერს “ეი-ი-ეს თელასის” პროფკავშირების თანამშრომლებმა თავისი მოთხოვნები კომპანიის ადმინისტრაციას წარუდგინეს. სოციალური დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 5 დეკემბერს პროფკავშირის წევრები გამაფრთხილებელ აქციას მოაწყობენ და თბილისს ელეტქროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტენ.
XS
SM
MD
LG