Accessibility links

logo-print

ქართულმა საზოგადოებამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის


ქართულმა საზოგადოებამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის

გამო ეროვნული თეატრის დაარსების 150 წლისთავი ვერ იზეიმა. წელს აღუნიშნავი დარჩა კიდევ ერთი იუბილე: 80 წლის წინ კოტე მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა, რუსთაველის თეატრში ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყარო” დადგა და ქართული თეატრის განახლებას ჩაუყარა საფუძველი. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს მარჯანიშვილის საქართველოში დაბრუნების დეტალებს გავიხსენებთ.


80 წლის წინ კოტე მარჯანიშვილს თბილისში ტაშით და იმედით შეხვდნენ. გასაბჭოებული საქართველოს ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მარჯანიშვილი თეატრის “რევოლუციურ სულს” ქართულ კულტურასაც შთაბერავდა. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხომ მარჯანიშვილმა, რუს რეჟისორებთან -პიოტროვსკისთან, პეტროვთან და სხვებთან ერთად, წარმატებით მიმართა ამ რევოლუციის ინსცენირებას პეტროგრადის ზამთრის სასახლისა და საფონდო ბირჟის მოედნებზე (წარმოდგენები ახალ დღესასწაულებზე - პირველ მაისს და შვიდ ნოემბერს დაიდგა). ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ მაქსიმ გორკის მეგობარი, ბოლშევიკების მიერ აღიარებული რეჟისორი ქართულ თეატრსაც ბოლშევიკური კულტურის პოეტიკით გაამდიდრებდა. თეატრალურ საზოგადოებას კი სჯეროდა, რომ მარჯანიშვილი ეროვნული თეატრის აღორძინებას შეუწყობდა ხელს. თავად ფაქტი, ის, რომ მარჯანიშვილი სამშობლოში შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში დაბრუნდა, უკვე იძლეოდა ამის იმედს. მით უმეტეს, რომ ბოლშევიკურ რევოლუციას კოტე მარჯანიშვილის კარიერაზე არ უმოქმედია. 1920 წელს მარჯანიშვილმა პეტროგრადში კომიკური ოპერა დააარსა. მას ისევ იწვევდნენ რუსეთის წამყვანი თეატრები. არ არის გამორიცხული, რომ მარჯანიშვილი სამშობლოში შემოქმედებითი თავისუფლების საძებნელად ჩამოვიდა. შეიძლება ხედავდა კიდეც, რომ რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკები თანდათან ახორციელებდნენ თეატრალურ ხელოვნებაზე კონტროლს, ქართველები კი ახალი ცენტრიდან შორს იმყოფებოდნენ და ბოლშევიკური ცენზურა აქ ჯერ კიდევ არ იყო გამოწრთობილი. მით უმეტეს, რომ 10-იან წლებში რუსეთში დადგმულ წარმოდგენებში უკვე შეიმჩნეოდა სამშობლოს მიმართ მარჯანიშვილის ნოსტალგია, რასაც, სხვათა შორის, იგი არც მალავდა. “ცხოვრების ბრჭყალების” წარმატებით დადგმის შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა აღნიშნა:

“ჭეშმარიტად ასეა, “ცხოვრების ბრჭყალებში” ჩემი პირველი ქართული წარმოდგენა იყო. მართალია, მას თამაშობდნენ რუსულ ენაზე, რუსი არტისტები, რუსულ თეატრში, მაგრამ მაინც მთლიანად ქართული ქმნილება იყო. და ეს მოვიმოქმედე არა მე, არამედ ჩემი მშობლების მიერ შთაგონებულმა სამშობლოს მოგონებამ. ბოლომდე გაუცნობიერებელი გრძნობებით მივდიოდი ნემიროვიჩთან თხოვნით, ჩემთვის დაეტოვებია პიესა დასადგმელად... ეს იყო შეჯახება ორი დამოუკიდებელი ნაციონალური კულტურისა... არა, “ცხოვრების ბრჭყალებში” – ეს იყო კავკასიელი აბრაგის აშკარა ყაჩაღური თავდასხმა წყნარ, ფიქრმორეულ სამხატვრო თეატრზე.”

რას ნიშნავს “კავკასიელის თავდასხმა წყნარ სამხატვრო თეატრზე?” ნუთუ აქ მარჯანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ სამხატვრო თეატრის აკადემიურ ესთეტიკას გულისხმობს? საეჭვოა, რადგან სამხატვრო თეატრზე “ესთეტიკურ თავდასხმას” ამ დროისთვის უკვე ცდილობენ მარჯანიშვილის რუსი კოლეგები, თეატრის საბჭოთა რეფორმატორები, მეიერჰოლდი, მაგალითად, რომელმაც იმხანად სრულიად განახლებული თეატრის, “თეატრალური ოქტომბრის” იდეა წამოაყენა. კოტე მარჯანიშვილი კი ხაზს უსვამს, რომ მისი წარმოდგენები იყო “შეჯახება ორი დამოუკიდებელი კულტურისა”... საბჭოთა რუსეთიდან საბჭოთა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ დამოუკიდებელი კულტურის, ქართული კულტურის აღმავლობას შეუწყობს ხელს.

საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე წლით ადრე, 1919 წელს, მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყარო”, იგივე “ფუენტე ოვეხუნა,” დადგა. სწორედ “ცხვრის წყარო” აირჩია კოტე მარჯანიშვილმა თბილისში, რუსთაველის თეატრში, დასადგმელად... ანუ ეროვნული თეატრის განახლებაზე ფიქრში უპირატესობა მიანიჭა დრამატურგს, რომელმაც ესპანურ კულტურაში იტალიური რენესანსის ტრადიციები დაამკვიდრა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა რიტორიკულ თეატრს, შექმნა ტრაქტატი, სახელწოდებით “ბუნების მიბაძვა”, რომელშიც სწორედ “ბუნება” გამოაცხადა იდეალად ნებისმიერი ხელოვანისთვის. თეატრის ისტორიკოსების მტკიცებით, ლოპე დე ვეგას პოეტიკას, ესპანელი დრამატურგის კათოლიკურ მსოფლმხედველობას სწორედ “ცხვრის წყაროს” ქართული და არა კიევში დადგმული წარმოდგენა გამოხატავდა. ვალერიან სიდამონ-ერისთავმა, რომელმაც რუსთაველის თეატრში მარჯანიშვილის პირველი ქართული სპექტაკლი გააფორმა, “ცხვრის წყარო” განათების მკვეთრ კონტრასტებზე ააგო. თანაც, განათებულ მხარეზე შავი და თეთრი ფერი ბატონობდა, ნათდებოდა მხოლოდ ის სცენა, რომელზედაც მოქმედება მიმდინარეობდა, ხოლო მთელი დანარჩენი სცენური სივრცე სიბნელეში რჩებოდა. სასამართლოსა და სასახლის სცენებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, მაქსიმალურად შეიზღუდა არქიტექტურული დეტალები. მარჯანიშვილმა აქცენტი ისევ ადამიანზე, უფრო ზუსტად, ადამიანის ვნებებზე გადაიტანა. იმას, ვინც სპექტაკლის ასეთი მინიმალისტური ესთეტიკა ვერ დააფასა, კოტე მარჯანიშვილმა ასე მიმართა:

“მოიწმინდეთ თვალები. ნუთუ ავტორის გახამებული საყელო და შეზეთილი თმები უნდა იქცეს იმ ფარდად, რომლის მიღმაც თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ პოეტის შემოქმედება... ცხოვრების სიმართლე მხატვრული სიმართლე არ არის. ტლანქ სინამდვილეს კარგ გამონაგონზე ბევრად ნაკლები ღირებულება აქვს.”

გამოდის, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა არა მარტო რუსული “სამხატვრო თეატრის” პერედვიჟნიკურ ტრადიციებზე თქვა უარი – გაითვალისწინა ქართული ეროვნული მხატვრული ფორმისთვის დამახასიათებელი სისადავე, განტვირთულობა, სიჭრელის მიუღებლობა... მარჯანიშვილმა საერთოდ “არ შეიმჩნია” არც ბოლშევიკური კულტურის მთავარი მოთხოვნა – მხატვრულ ნაწარმოებში (პროპაგანდის მიზნით) ეგრეთ წოდებული “სიმართლის” ასახვა. ეს სიმართლე, მართლაც, მხოლოდ და მხოლოდ “ეგრეთ წოდებული” იყო. იმ პერიოდში ხელოვნების რეფორმატორები ამ “სიმართლეს” წვრილბურჟუაზიულს, მეშჩანურს უწოდებენ. თუმცა ვერავინ ბედავს ახსნას, თუ რა შეიძლება იყოს “სიმართლე” თუ “ზესიმართლე” მხატვრულ ნაწარმოებში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კოტე მარჯანიშვილი მაინც შეეცადა ახალი თეატრის ესთეტიკური პრინციპები ჩამოეყალიბებინა:

“როგორი უნდა იყოს ჩვენი თეატრი? რეალისტური, რომანტიკული, სიმბოლისტური თუ ლირიკული? მხოლოდ მომაჯადოებელი, მხოლოდ დამათრობელი, თეატრი უნდა იყოს ამაგზნებელი და ისეთი ნაწარმოები, რომელიც ჩვენს გულს აწვდის იმას, რაც ხიბლავს ჩვენს გონებას, ყოველთვის გვატყვევებს, გვიპყრობს ცხოვრებისეული ძალით და დამათრობელი სიმშვენიერით.”

მომაჯადოებელი და დამათრობელი... ცხადია, ირაციონალურის გამძაფრებას გულისხმობს მაყურებელში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სამშობლოში დაბრუნებული რეჟისორი-დემიურგი თავისი ხალხის გამოფხიზლებას ცდილობს თეატრის საშუალებით. "თეატრი უნდა იყოს ამაგზნებელი," -წერს მარჯანიშვილი, ე.ი. არ მალავს, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ფსიქოთერაპევტის როლს თამაშობს თავისუფლებადაკარგული საზოგადოების დასახმარებლად.

მაგრამ საქართველოს ახალი ხელისუფლება ყურადღებით ადევნებდა თვალს რუსთაველის თეატრში მიმდინარე მოვლენებს. ბოლშევიკებს თბილისშიც გამოუჩნდნენ თავიანთი იდეოლოგები, რომლებმაც იმხანად ახმეტელის მიერ დადგმული “სალომეას” წინააღმდეგ გაილაშქრეს. სანდრო ახმეტელის წინააღმდეგ გაჩაღებულმა კამპანიამ პირველად მარჯანიშვილი აღაშფოთა; იგი გვერდში ამოუდგა ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც ასე მიმართა:

“სალომეა” ჯერ არ დადგმულა და თქვენ უკვე აკრძალული ხართ! აკრძალული ხართ არა მთავრობის მიერ, რომელიც “სალომეაში” ვერ ხედავს ვერც ახალ არქიტექტონიკას, ვერც იმ ღრმა ტრაგიკულ პროტესტს ადამიანის სულისა, რომელმაც მოისურვა ბედნიერება ქვეყანაზე... არაფერია. დადგება დრო და ის ხელები, რომლებიც მზად არიან ჩაგქოლონ ქვით, დარცხვენით დაეშვებიან... ჩვენ კი გავწყვიტოთ კავშირი მათთან და ვეძებოთ თეატრი - ვაჟკაცური, თეატრი - ქვეყანაზე ცხოვრების დამამკვიდრებელი.”

კოტე მარჯანიშვილი, ეტყობა, მაინცდამაინც კარგად ვერ ხვდებოდა, თუ საით მიემართებოდა მისი ქვეყნის კულტურა... და არამარტო კულტურა. ხელები, რომლებიც მზად იყვნენ ქვებით ჩაექოლათ თავისუფალი მხატვარი, სულ მალე დარცხვენით კი არ დაეშვებიან, არამედ შავი ხელთათმანებით შეიმოსებიან. “ვაჟკაცური”, “ქვეყანაზე ცხოვრების დამამკვიდრებელი” თეატრი საქართველოში სულ რამდენიმე წელი იარსებებს. მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვა. ახმეტელი კი ჩაქოლვას მაინც ვერ გადაურჩება.
XS
SM
MD
LG