Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ნავთობსადენის მარშრუტი არ იცვლება. ბორჯომის ხეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ედუარდ შევარდნაძე იღებს


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მარშრუტთან დაკავშირებით დავას წერტილი დაესვა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დონეზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

სამინისტრომ ნავთობსადენის მშენებლობის ნებართვა გასცა. ეს 2 დეკემბერს შუაღამისას მოხდა. საბოლოო გადაწყვეტილება საქმეში პრეზიდენტის უშუალო ჩარევით იქნა მიღებული. ბორჯომის ხეობის უსაფრთხოებაზე პირადი პასუხისმგებლობაც ედუარდ შევარდნაძემ იკისრა. ასე რომ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენი ბორჯომის ხეობაზე გაივლის. მიღებული გადაწყვეტილებით, შევარდნაძემ დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დათქმულ ვადებში დაწყების გარანტია გასცა.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებაზე გარემოს დაცვის სამინიტროს ნებართვის გაცემისთვის სახელმწიფო მინისტრსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის კვირას ღამით დაწყებული მოლაპარაკება საკმარისი არ აღმოჩნდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვას ამ დროს პრეზიდენტთან შეკრებილი პირები, კერძოდ: აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრები, კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმისა” და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლები და სხვები მოუთმენლად ელოდნენ და, როცა ლოდინის პროცესი უსაშველოდ გაჭიანურდა, პრეზიდენტმა გარემოს დაცვის მინისტრიც და სახელმწიფო მინისტრიც კანცელარიაში გამოიძახა. ამის შემდეგ თათბირმა კიდევ რამდენიმე საათს გასტანა. ჩანს, გარემოს დაცვის მინისტრი იმ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა, რომელსაც ამ ორიოდე დღის წინ მოკლე და კონკრეტული წინადადებით გამოხატავდა. ‘”მილსადენი ბორჯომის ხეობაზე ვერ გაივლის,” – ამბობდა ის , მაგრამ, როგორც ღამენათევმა ედუარდ შევარდნაძემ 2 დეკემბრის ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “გადაწყვეტილებას იღებს არა ნინო ჩხობაძე, არამედ პრეზიდენტი! მე მქონდა მორალური უფლება ჩავრეულიყავი და დღეს მაქვს მორალური უფლება განვაცხადო, რომ არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არც დღევანდელობისა და არც მომავალი თაობების წინაშე. მე მიმაჩნია, რომ კეთდება ისტორიული საქმე. მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით სხვა წყაროს, რომ ამ სიცივისგან და გათოშილობისგან გამოვიდეს ქვეყანა, თუ ჩვენ თვითონ რაღაც არ მოვიპოვეთ. და მოვიპოვეთ ეს.”

ამ მონაპოვარზე საუბარი ბოლო დღეების ენერგოკრიზისით დამძიმებული მოსახლეობისთვის, უწინდებურად, ზღაპარივით ჟღერს, თუმცა ის ზღაპარი არ უნდა იყოს. უბრალოდ, როცა პრეზიდენტი აღიარებს, რომ წლევანდელი ზამთრის ენერგოპრობლემები სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა და, რომ არა პასუხისმგებელთა დაუდევრობა, ზამთრის ტრადიციულ პრობლემას მოსახლეობისთვის თავი აღარ უნდა შეეხსენებინა, ძნელია დაიჯერო, რომ პრეზიდენტის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობა ბორჯომის ხეობის უსაფრთხოების 100 პროცენტიანი გარანტია. ასეა თუ ისე, კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმის” მიერ საქართველოს მხარისთვის შეთავაზებული გარანტიები, დაახლოებით, ასეთია:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა]“ იმდენი თანამედროვე საშუალებებია, რომ ბომბდამშენის პილოტის წინაშე რომ დასვან ნავთობსადენის მწყობრიდან გამოყვანის ამოცანა, ვერ შეძლებს. “

თუ ნავთობსადენის მშენებელი კომპანიები დაარღვევენ წინასწარ განსაზღვრულ შეთანხმებას და სანიტარულ ზონებში შევლენ, საქართველოს მშენებლობის შეჩერების უფლება რჩება. ედუარდ შევარდნაძე ფიქრობს, რომ ნავთობსადენის მშენებლობა ბორჯომის ხეობას კი არ დააზიანებს, პირიქით, გადაარჩენს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ინვესტორები გამოყოფენ თანხებს ხეობაში გზების და ხიდების აღსადგენად, ხოლო, როცა დიდ ნავთობსადენს დიდი გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლაც მოჰყვება და ამით ენერგოკრიზისი დაიძლევა, ბორჯომის ტყეც გადარჩება.
ასე ფიქრობს პრეზიდენტი. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მშენებლობა სტარტს დათქმულ ვადებში აიღებს. დიდი ნავთობსადენი ბორჯომის უნიკალურ ხეობაზე გაივლის, ნულოვან რისკზე პასუხისგებელი კი საქართველოს პრეზიდენტია, კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმთან” ერთად.
XS
SM
MD
LG