Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დასრულდა


საქართველოში, პანკისის ხეობაში, განსახლებული ჩეჩენი ლტოლვილების დიდი ნაწილი ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას თავს არიდებს. ამის მიზეზი კი ჩეჩნეთში არსებული მძიმე პირობებია. არადა,

რამდენიმე თვის წინ, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებისას, თბილისი ჩეჩენი ლტოლვილების რუსეთში დაბრუნებით ცდილობდა მოსკოვის ზეწოლა შეერბილებინა. ახლა ვითარება შეიცვალა და საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების გამოსაზამთრებლად ემზადებიან.

კიშინიოვის სამიტზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჩეჩენი ლტოლვილების თემის აქტუალობა, ნაწილობრივ, მინელდა. აქამდე სახელმწიფო მოხელეები ჩეჩენი ლტოლვილების რუსეთში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტას ამ უკანასკნელთა ნების საწინააღმდეგოდ ცდილობდნენ. ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოში თავიანთ ყოფას არ უმადლიან, მაგრამ სამშობლოში, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში, დაბრუნებას პანკისის ხეობაში ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში ყოფნას ამჯობინებენ. ლტოლვილების სურსათით მომარაგებას, ძირითადად, გაერო ახორციელებს. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჩეჩნური დიასპორის ლიდერი ხიზრი ალდამოვი მაინც მადლიერია.
[ხიზრი ალდამოვის ხმა] „მაგალითად, ამ თვეში პრეზიდენტის მხარე, ჩვენ, დავეხმარეთ ცოტათი, რაც შევძელით. ეს არის მიზერი, რასაც მაგათ ვაწვდით. გაერო ეხმარება. გაერო რომ არ იყოს, შიმშილით დაიხოცებოდა ეგ ხალხი.“[სტილი დაცულია]

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 8 ათასამდე ჩეჩნეთიდან დევნილი იმყოფებოდა. 2002 წლის აპრილში ჩატარებულმა რეგისტრაციამ კი მხოლოდ 4 ათასი ჩეჩენი ლტოლვილი აღწერა. მათი ზუსტი რაოდენობის გარკვევა ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, უპირველეს ყოვლისა კი, გაეროსთვის იყო საჭირო.
რაოდენობის შემდგომი დაზუსტების მიზნით, ნოემბრის ბოლოს კვლავ გაიმართა ჩეჩენ ლტოლვილთა რეგისტრაცია, რომლის ზუსტი შედეგები ჯერჯერობით უცნობია. არაოფიციალური წყაროს ცნობით კი, გაეროს ლტოლვილთა კომიტეტმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 400 კაციანი სია გადასცა სარეგისტრაციოდ. 400 კაციდან რეგისტრაცია მხოლოდ 80-მდე ჩეჩენმა გაიარა.

გაეროს საჭიროების გარდა, ლტოლვილთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობაც მოითხოვს. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის ოთარ ყეენიშვილის განმარტებით:
[ოთარ ყეენიშვილის ხმა] „ვინაიდან ჩვენ მაინც გამჭოლი საზღვრები გვაქვს: ზოგი გადადის აზერბაიჯანში, ზოგი უკან ბრუნდება ეხლა. ეს არის კანონით გათვალისწინებული ყოველწლიურად და, როდესაც აპრილში იყო რეგისტრაცია, ამ ხალხმა ვერ გაიარა და ეს არის დამატებითი რეგისტრაცია.“[სტილი დაცულია]

ლტოლვილთა მიგრაციის ფაქტს ადასტურებს ხიზრი ალდამოვიც და ამით ხსნის საქართველოში მათი რაოდენობის შემცირების ფაქტს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთიდან ბევრი უკანაც ბრუნდება. ამ თითქმის უკონტროლო პროცესს თან მოაქვს ბევრი უარყოფითი შედეგი. ისე ხდება ხოლმე, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ჩეჩნებს ლტოლვილის საბუთები თან მიაქვთ.


ყველას კარგად ახსოვს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩეჩენი მებრძოლების დაკავების ფაქტი. მათთვის ჩამორთმეულ ლტოლვილთა ქართულ მოწმობებს ინტენსიურად აფრიალებდნენ რუსული საინფორმაციო საშუალებები საქართველოს მიერ ბოევიკების მფარველობის დასამტკიცებლად.

არადა, პანკისიდან ჩეჩნეთში გადასვლის მსურველს ახლაც მარტივად შეუძლია რუსულ-ქართული ერთობლივი სასაზღვრო პატრულის გვერდის ავლა. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც საზღვარზე ლტოლვილთა გადაადგილებას გააკონტროლებდა. ოთარ ყეენიშვილის სიტყვებით:

[ოთარ ყეენიშვილის ხმა] „უნდა იყოს ასეთი მექანიზმი, მაგრამ ხდება ისეთი რამ, რომ თუ აზერბაიჯანიდან წავიდა, მთიდან წავიდა, არავინ არ ართმევს.“[სტილი დაცულია]

საქართველოს ხელისუფლება ამას წვრილმან პრობლემად მიიჩნევს და მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საკითხი. თუმცა ჩეჩენ ლტოლვილთა აღრიცხვის ზუსტი სისტემის არარსებობა თბილისს ამ მიზნის მიღწევას ნამდვილად გაურთულებს.
XS
SM
MD
LG