Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა ედუარდ შევარდნაძისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა სულ უფრო ხშირად საუბრობს შევარდნაძის შემცვლელის თემაზე და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე ორ წელზე მეტი დარჩა.

ასე იყო წინა კვირაშიც.

26 ნოემბრის გაზეთი “მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერს, რომ “უკანასკნელ წლებში საქართველომ დასავლეთის ქვეყნებიდან ორმილიარდ-ნახევარი მიიღო, გრანტებისა და კრედიტების სახით. მარშალის გეგმით გერმანიამ ომის შემდეგ მხოლოდ 1,3 მილიარდი დოლარი მიიღო. რასაკვირველია, დოლარი მაშინ მეტს “იწონიდა”, მაგრამ საქართველოც ხომ გერმანიაზე უფრო პატარა ქვეყანაა, - ის, დაახლოებით, ბავარიის ხელაა”.

შემდეგ გაზეთი წერს:

“ამბობენ, რომ ყოველ ახალშობილ ქართველს დასავლეთის, დაახლოებით, 600 დოლარი მართებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკის კრახი აშკარაა: ქვეყანა პრაქტიკულად არაფერს არ აწარმოებს, პენსია – 14 ლარს ანუ 7 დოლარს შეადგენს. მასწავლებლები და ექიმები, დაახლოებით, 30 ლარს იღებენ...
როგორც ჩანს, შევარდნაძის ეპოქა, მართლაც, მიუახლოვდა დასასრულს. რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის მუქარამაც კი ვერ გამოიწვია ერის შესამჩნევი გაერთაინება 74 წლის პრეზიდენტის გარშემო.

ოპტიმისტები ამბობენ, რომ მისი რეიტინგი ნულიდან 8-9%-მდე გაიზარდა. პესიმისტების აზრით კი, 2-3% შეადგინა. ვინ მოდის მის შესაცვლელად?”

“მოსკოვსკი კომსომოლეცის” ვარაუდით, “მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლა გაიშლება ჩრდილოეთზე (ანუ რუსეთზე) ორიენტირებულ კანდიდატს, პროდასავლურ კანდიდატსა და საპრეზიდენტო კლანის წარმომადგენელს – შევარდნაძის მემკვიდრეს შორის. ასეთად კი ბოლო დროს უფრო ხშირად სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს ასახელებენ”.
“პროდასავლური კანდიდატები არიან პარლამენტის ყოფილი სპიკერი ზურაბ ჟვანია და იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი”.

გაზეთი მიიჩნევს, რომ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არც ჩრდილოეთის ბანაკს მიეკუთვნება და არც სამხრეთისას, ან მიეკუთვნება ორივეს ერთად.

27 ნოემბრის გაზეთი “ვრემია მნ”-ი კი, ჩამოთვლილი კანდიდატების გარდა, ექს-სახელმწიფო მინისტრ ვაჟა ლორთქიფანიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს ასახელებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ყოფილ ფავორიტებს, მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას, გაზეთის აზრით, მათ არც მოთმინების უნარი აღმოაჩნდათ და არც მადლიერების გრძნობა. “მათ ტალახში ამოსვარეს თავისი მწყალობელი და მიიჩნიეს, რომ სავსებით შეუძლიათ სახელმწიფოში პირველ როლებზე პრეტენზია იქონიონ მაშინაც კი, როცა პრეზიდენტს მემკვიდრე ჯერ კიდევ დასახელებული არ ჰყავს. თუმცა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში მაინცდამიანც არ გამოუვიდათ. მათ საზოგადოება გათიშეს და საგონებელში ჩააგდეს: ადამიანები ვერ გარკვეულან, ვინ ვინაა”.

ამასთან ერთად, “ვრემია მნ” წერს:

“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოგანიზაციები, გაეროს ჩათვლით, საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში არსებული კორუფციის საშინელ დონეს აღნიშნავენ, შევარდნაძის ფიგურა მათთვის ჯერ კიდევ მისაღებია. ჯერ ერთი, ის სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერესების საიმედო გამტარებელია; დასავლეთსაც ჯერჯერობით არ გამოუხატავს თავისი პოზიცია საქართველოს მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შევარდნაძე დაჯილდოებულია ბალანსირების ნიჭით მართვადი ქაოსის პირობებში, რაშიც დასავლეთი მას აქტიურად ეხმარება –მატერიალურადაც და საკუთარი სამხედრო ყოფნითაც”.
საერთოდ კი, “ვრემია მნ”-ის აზრით, “აშკარაა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, უპირველესად, დასავლეთისთვის უნდა იყოს მისაღები, მაგრამ რუსეთის ზედმეტ გაღიზიანებასაც არ უნდა იწვევდეს”.
XS
SM
MD
LG