Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი სკანდალი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეარყევს თუ არა ბრიტანეთის მონარქიულ სისტემას მორიგი სკანდალი,

რომელიც მას უახლოესი კვირების მანძილზე ემუქრება? სამეფო ოჯახის პოპულარობის შესახებ უკვე 15 წელია, ტარდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, მაგრამ რეიტინგი არასოდეს ყოფილა ისეთი დაბალი, როგორიც ახლაა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შეჩვეულია სკანდალებს. მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გავრცელებული ცნობები, ან თუ გნებავთ, ჭორები, განსაკუთრებით პიკანტური იყო. ჯერ იყო და აწ გარდაცვლილი პრინცესა დაიანას ყოფილი ბატლერის პოლ ბარელის სასამართლო პროცესი. ბარელს დაიანას კუთვნილი 300-ზე მეტი ნივთის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. მაგრამ სწორედ იმის წინ, როცა ბარელი სასამართლოში სიტყვით უნდა გამოსულიყო, დედოფალმა ელისაბედ მეორემ გაიხსენა, რომ ბარელმა მას უთხრა, დაიანას ნივთები გადარჩენის მიზნით გადავინახეო.

სასამართლო ჩაიშალა, მაგრამ გაისმა შეკითხვები, რატომ დასჭირდა დედოფალს ამდენი დრო, სასამრთლოსთვის ამ ინფორმაციის მისაწოდებლად. კრიტიკოსების აზრით, ამის მიზეზი იყო შიში, რომ ბარელი სასამართლოზე ვინძორებისთვის რაიმე არასახარბიელოს იტყოდა.

მაგრამ სასამართლომ ზიანი ვინძორებს ისედაც მიაყენა. ბარელის განცხადებამ პრესისკენ იპოვა გზა. ტაბლოიდებს ერგო ის, რაც ბარელს გამომძიებლისთვის არ უთქვამს.

როგორც ერთმა ენამოსწრებულმა ბრიტანელმა თქვა, დიდი ფულისთვის ბარელი იმასაც კი გაიხსენებდა, რასაც მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდები ჰყვებოდნენო.

ჭორების თუ ცნობების უმრავლესობა დაიანას ეხებოდა. კიდევ ერთი პიკანტური და ბუნდოვანი ცნობა ეხება დედოფალს, რომელსაც ერთხელ თითქოს ბარელისთვის უთქვამს: "ამ ქვეყანაში მოქმედებს ძალები, რომელთა შესახებ ჩვენ არაფერი ვიცითო."

ბარელს არც სხვები ჩამორჩებიან. დაიანას ერთ-ერთი მეგობარი ირწმუნება, რომ ელისაბედ მეორის მეუღლემ პრინცმა ფილიპმა უელსის პრინცესას გაუგზავნა სალანძღავი წერილი, რომელშიც მას მეძავი უწოდა.

მაგრამ ყველაზე სკანდალურია ხმა, რომ დაიანას ჰქონდა ერთ-ერთი მოსამსახურე ბიჭის მონათხრობის მაგნიტური ჩანაწერი, რომელშიც ეს ბიჭი ირწმუნება, რომ ის პრინც ჩარლზის პირადმა მდივანმა გააუპატიურა.

ჩვეულებრივ ბუკინგემის სასახლე არ რეაგირებს პრესაში ატეხილ ხმაურზე. ამჯერად ეს ხმაური იმდენად ხმამაღალი აღმოჩნდა, რომ სამეფო სახლმა ორი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: პირველში დედოფალმა განმარტა ბარელის საქმეში მისი ჩარევის დეტალები; მეორეში პრინცმა ფილიპმა უარყო, რომ შეურაცხყოფა მიაყენა თავის ყოფილ რძალს.

სკანდალები ამით არ დამთვრებულა. ორშაბათს დაიწყო კიდევ ერთი ბატლერის სასამართლო პროცესი. მასაც დაიანას ნივთების მითვისებაში ადანაშაულებენ. მომავალ კვირაში კი პრინც ჩარლზის პირად მდივანს მაიკლ პიტს მოუხდება საჩოთირო შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

როგორც აღვნიშნეთ, ბოლო გამოკითხვების თანახმად, ვინძორების რეიტინგი უჩვეულოდ დაბალია. გაუძლებს თუ არა სამეფო სახლი მის გარშემო ატეხილ ახალ-ახალ სკანდალებს ? პოლიტიკური კომენტატორი ბრუს ანდერსონი ამ შეკითხვაზე დადებით პასუხს იძლევა.

[ანდერსონის ხმა] "მჯერა, რომ სამეფო ოჯახი გაუძლებს ყველაფერს, რასაც მასზე უკმაყოფილო, არაკომპენტენტური, ნასვამი თუ ნახევრადშეშლილი ყოფილი მსახურები იტყვიან, განსაკუთრებით ყვითელი პრესის წაქეზებით, რომელიც ინგლისში სამეფო ოჯახის შესახებ ნებისმიერ ჭორს დაბეჭდავს, რაგინდ უსაფუძვლოც უნდა იყოს ის. მათი პრინციპია: "ჯერ დაბეჭდე, მერე შეამოწმე".

ანდერსონის აზრით, სკანდალებით მიყენებული ზიანი მალე მიეცემა დავიწყებას. ამის დასამტკიცებლად ის იხსენებს, რომ რეიტინგი უწინაც ყოფილა დაბალი, მაგრამ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის 50 წლის იუბილე ასიათასობით ადამიანმა იზეიმა, ხოლო დედა-დედოფლის დაკრძალვას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაესწრო.

ამას არ ეთანხმებიან მონარქიის გაუქმების მომხრეები. ერთ-ერთი მათგანია სტივენ ჰეისლერი, ავტორი წიგნისა "ვინძორების სახლის დასასრული". ის მოითხოვს, რომ ბრიტანეთს არჩეული მეთაური ჰყავდეს. მისი თქმით, ბოლო სკანდალები არა უბრალოდ პერსონალურ, არამედ კონსტიტუციურ პრობლემებს ასახავს, იმას, რომ მონარქმა კანონის ზემოთ დგას. რამდენ ხანს შეიძლება ამის ატანაო, კითხულობს ჰეისლერი.

[ჰეისლერის ხმა] "ტონი ბლერმა უნდა შეწყვიტოს მეფის მოურავობა და დაიწყოს ისე მოქმედება, როგორც პრემიერ-მინისტრს შეეფერება. მან უნდა დაიწყოს გამოძიება, ან ეს პარლამენტმა უნდა გააკეთოს. ვიდრე ეს არ მომხდარა, სიმართლე არ გვეცოდინება და სამეფო ოჯახის გარშემო ეჭვის ღრუბელი არ გაიფანტება."

ჰეისლერის პროგნოზით, როცა "დედოფალი წავა" (იგულისხმება მისი სიკვდილი ან ტახტის დათმობა მემკვიდრისთვის), ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისი დაიწყება.

[ჰეისლერის ხმა] "ჩარლზ მესამე ისეთ საყოველთაო აღიარებას ვერ მოიპოვებს, როგორიც 1950-იანი წლების დამდეგს დედოფალმა მოიპოვა. როცა დედოფალი ტახტზე ავიდა, ყველა მიიჩნევდა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. დღეს გაერთიანებულ სამეფოში საქმე სხვაგვარად არის და ტახტის მემკვიდრის საკითხი კამათს იწვევს. ვფიქრობ, ეს იქნება პერიოდი, როცა გვექნება ნამდვილი ეროვნული დებატები იმის შესახებ, რა გვჭირდება: რესპუბლიკა და სახელმწიფოს არჩევითი მეთაური, თუ მემკვიდრეობითი სისტემა."

წინასწარმეტყველება ბრიტანეთში მონარქიის გაქრობის შესახებ, ისევე როგორც სკანდალები, ახალი არ არის. კიდევ ერთი ავტორიტეტი მონარქისტულ საქმეებში ოქსფორდის პროფესორი ვერნონ ბოგდანორი იხსენებს, რადიკალური პოლიტიკოსის ჯოზეფ ჩემბერლენის ნათქვამს: "ჩვენი მომავალი რესპუბლიკაა. და იმ ტემპების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ეპოქას ახასიათებს, რესპუბლიკას უკვე ჩვენი თაობა მოესწრებაო."

ეს სიტყვები მე-19 საუკუნის 70-იან წლებშია ნათქვამი.
XS
SM
MD
LG