Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ბუში ზეწოლას ახდენს სადამ ჰუსეინზე


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ზეწოლას ახდენს ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინზე, რომელმაც, გაეროს რეზოლუციის თანახმად, 8 დეკემბრისთვის უნდა წარმოადგინოს სარწმუნო და ამომწურავი

ინფორმაცია მის ხელთმ არსებული (თუ არარსებული) მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ. სწორედ ამ პირობის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვეტს თუ არა ვაშინგტონი ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.

ორშაბათს, პენტაგონში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ნებისმიერი დაყოვნება, სიცრუე თუ გაჯიუტება იმის დასტური იქნება, რომ სადამმა უარყო მშვიდობიანი გზა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "8 დეკემბერს, ან მანამდეც, ერაყმა უნდა წარმოადგინოს ამომწურავი და ზუსტი დეკლარაცია თავისი მასობრივი განადგურების იარაღის, აგრეთვე, ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების შესახებ. დეკლარაცია უნდა იყოს სარწმუნო და სრული, წინააღმდეგ შემთხვევაში ერაყელი დიქტატორი კიდევ ერთხელ დაანახებს მსოფლიოს, რომ პოზიცია არ შეუცვლია."

ჯორჯ ბუშს ეჭვი ეპარება, სადამ ჰუსეინმა პოზიცია შეიცვალოს. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა ამასწინანდელი ინციდენტი, როცა ერაყელებმა ცეცხლი გაუხსნეს ამერიკისა და ბრიტანეთის ავიაგამანადგურებლებს, რომლებიც საგუშაგო ფრენებს ასრულებენ ერაყის ავიაციისათვის აკრძალულ ზონებში: [ჯორჯ ბუშის ხმა] "შემოწმების პროცესში შეერთებულმა შტატებმა ერთი რამ უნდა დაადგინოს: რამდენად შეიცვალა სადამ ჰუსეინი განვლილი 11 წლის მანძილზე? აპირებს თუ არა ეს ადამიანი, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს განიარაღების ექსპერტებთან და განუხრელად შეასრულოს მათი ყველა მოთხოვნა? ჯერჯერობით ბევრი არაფერია დამაიმედებელი. რეჟიმი, რომელიც ამერიკელ და ბრიტანელ მფრინავებს ცეცხლს უხსნის, ნაკისრ ვალებულებებს არ ასრულებს."

პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ თუ სადამი არ შეასრულებს გაეროს რეზოლუციას, შეერთებული შტატები მრავალეროვან კოალიციას ჩაუდგება სათავეში და ძალით განაიარაღებს ბაღდადს.

გაეროს განიარაღების ექსპერტები აცხადებენ, რომ ერაყში ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ მასობრივი განადგურების იარაღი და ერაყის ხელისუფლებას მათთვის არც რაიმე დაბრკოლება შეუქმნია. თუმცა ორშაბათს განიარაღების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბაღდადში მდებარე რაკეტმშენებელი ქარხნიდან გაქრა იმ აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც გაეროს ინსპექტორებმა 1998 წელს ჩატარებული შემოწმებისას აღმოაჩინეს.

ორშაბათს, ნიუ-იორკში, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი კონდოლიზა რაისი გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარეს ჰანს ბლიქსს ეთათბირა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს დეკლარაცია, რომელიც ერაყმა 8 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს გაეროს.

აშშ-ის ერთგულმა მოკავშირემ, ბრიტანეთმა, 3 დეკემბერს გამოაქვეყნა 23-გვერდიანი საანგარიშო მოხსენება, რომელიც ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევებში ადანაშაულებს სადამ ჰუსეინს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თავისი მიზნის მისაღწევად ერაყის პრეზიდენტს საკუთარ მოქალაქეთა სიცოცხლეც არაფრად უღირს.
XS
SM
MD
LG