Accessibility links

logo-print

მსოფლიოს მოსახლეობის ფონდის საანგარიშო მოხსენება


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს გაეროს უწყებამ - მსოფლიოს მოსახლეობის ფონდმა - გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსახლეობის ზრდაზე კონტროლის დაწესებას

გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

მოხსენების თანახმად, ახალმა გამოკვლევამ დაადასტურა პოლიტიკურ მეცნიერებაში კარგა ხნის წინათ წამოყენებული თეორია, რომ შობადობის შემცირების შედეგად ბავშვებისა და შრომისუნარიანი მოზარდების შეფარდება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ იზრდება; ასევე იმატებს დასაქმებული ქალების რიცხვი და, ამდენად, იზრდება მოსახლეობის შრომის ნაყოფიერება.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მსოფლიოს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა ანდრე დე კლერკმა განაცხადა: [ანდრე დე კლერკის ხმა] "ბავშვების რიცხვი მცირდება, აქტიური მოსახლეობისა კი, პირიქით. ასე რომ, ამ აქტიურ მოსახლეობას, რომელიც დასაქმებულია, და დაბალი შობადობა ხომ მეტ ქალსაც დაასაქმებს, ექნება მეტი შემოსავალი, შესაძლებლობა, უკეთესი განათლება მისცეს შვილებს, რომლებსაც შემდგომ უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ თავიანთი შვილებისთვის. ამდენად, ეს დემოგრაფიული ფანჯარა მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება ხოლმე მოსახლეობის გარდამავალ პერიოდში."

მაგრამ საანგარიშო მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, ამასთანავე, რომ შობადობის შემცირებას ერთი უარყოფითი მხარეც აქვს: თანდათანობით, როცა უფროსი თაობა ასაკში შედის და პენსიაში გადის, საგრძნობი ხდება ახალგაზრდების სიმცირე. მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც უმჯობესდება, თუ ქვეყნებში გონივრულად განხორციელდა კაპიტალდაბანდება ჯანმრთელობის დაცვისა და მრეწველობის განვითარების სფეროებში.

ანდრე დე კლარკის თქმით, ეს ხდება სამხრეთი აზიისა და ცენტრალური აფრიკის იმ ქვეყნებში, რომლებმაც სათანადო ნაბიჯები გადადგეს მოსახლეობის ზრდაზე კონტროლის დასაწესებლად. მსოფლიოს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, შობადობის შემცირების შედეგად, 1960-1995 წლებში, აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკა ერთი მეხუთედით გაიზარდა.

მსოფლიოს მოსახლეობის ფონდის გამოანგარიშებით, დედამიწის მოსახლეობა 2050 წლისთვის ამჟამინდელი ექვსი მილიარდ 200 მილიონიდან ცხრა მილიარდ 200 მილიონამდე გაიზრდება. ამავე პერიოდში, მოსახლეობა სამჯერ გაიზრდება ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში და ამჟამინდელი 600 მილიონიდან მილიარდ 800 მილიონს მიაღწევს.

მოხსენების ავტორების აზრით, ღარიბ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შობადობის შემცირების გარდა, მნიშვნელოვანია პროგრესი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რადიკალური ზომების მიღება ინფექციური დაავადებების, პირველ რიგში, შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად.
XS
SM
MD
LG