Accessibility links

საქართველოში რუსეთის სანავთობო კომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის მამა მოიტაცეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2 დეკემბერს საღამოს დაუდგენელმა პირებმა სოფელ პანტიანიდან გაიტაცეს რუსეთის სანავთობო კომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის ვაჰიდ შარიპოვის მამა, 78 წლის სადი შარიპოვი.

ჯერჯერობით გამტაცებლებს გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ, თუმცა, “ლუკოილის” ფინანსური შემოსავლების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სოლიდურ თანხაზე იქნება საუბარი.

ჯერ არ ჩამცხრალა ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცებასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, რომ საქართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. მართალია, გატაცებული სადი შარიპოვი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი შვილი ვაჰიდ შარიპოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სანავთობო კომპანიის, “ლუკოილის,” ვიცე-პრეზიდენტია, ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დანაშაულს საერთაშორისო “ჟღერადობას” აძლევს.
ვაჰიდ შარიპოვიც პანტიანში დაიბადა. იგი 1996 წლიდან “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტია და ნავთობპროდუქტებით მომარაგების მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს. ქართველი მენავთობეების არაოფიციალური ინფორმაციით, “ლუკოილის” წილი ქართულ ბაზარზე დიდი არ არის – იგი თითებზე ჩამოსათვლელ ავტოგასამართ სადგურს ფლობს თბილისში, მაგრამ საქართველოში ბიზნესის განვითარება ამ კომპანიის გეგმებში შედის.
საინტერესო ნიუანსი: 2 დეკემბერს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რომელიმე მსხვილი ბიზნესმენის გატაცების ფაქტს. სადი შარიფოვის გატაცების შემდეგ უშიშროების სამინისტროს პრესმდივანი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს: უშიშროების სამინიტროს ამ საქმის გამოძიებასთან არანაირი შეხება არა აქვს და მას გენერალური პროკურატურა იძიებსო.
ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შარიპოვების ოჯახს პანტიანში 5 ნიღბოსანი დაესხა თავს. ფულის უშედეგო ძებნის შემდეგ – ოჯახში მხოლოდ 250 დოლარი აღმოჩნდა – სადი შარიპოვი საკუთარი მანქანით დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. მანქანა მოგვიანებით კუმისის ტბის მიდამოებში აღმოაჩინეს.
ბუნებრივია, გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ. “ლუკოილის” წარმატებულ საქმიანობას თუ გავიხსენებთ, – მაგალითად, “ლუკოილის” პრეზიდენტ ვაგიტ ალეკპეროვის კუთვნილი აქციების ღირებულება 1,3 მილიარდ დოლარს აღწევს, - ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რას დაუფასებენ “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტს მამის თავისუფლებას.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: “ლუკოილის” ირგვლივ სკანდალი სულ ახლახან ჩაცხრა, როცა კომპანიის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი კუკურა, რამდენიმე დღიანი მძევლობის შემდეგ, უვნებელი, შინ საკუთარი ფეხით დაბრუნდა. მაშინ გამტაცებლები გამოსასყიდად 3 მილიონ დოლარსა და 3 მილიონ ევროს მოითხოვდნენ. რუსეთის პრესის ცნობით, კუკურას გათავისუფლების საფასურად, “ლუკოილმა” გამტაცებლებს თავის კუთვნილ საზღვაო პორტებში წილი დაუთმო. ახლაც სადი შარიფოვის გატაცება “ლუკოილის” საქმიანობაში მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა: წლის ბოლომდე სახელმწიფო “ლუკოილში” თავისი კუთვნილი აქციების 5,9 პროცენტის გაყიდვას გეგმავს. ნავთობზე ფასის მუდმივი მატების ფონზე, “ლუკოილის” აქციებისადმი ინტერესი საერთაშორისო ბირჟაზე უზარმაზარია.
XS
SM
MD
LG