Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მშვიდობისმყოფელები კოდორის ხეობაში უცნობი სამხედრო დაჯგუფების კვალს ეძებენ


ენერგეტიკულმა კრიზისმა და ბორჯომის ხეობის სიახლოვეს ნავთობსადენის მშენებლობის საფრთხესთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა საქართველოს ხელისუფლებას დროებით მიავიწყა

კოდორისა და პანკისის ხეობის პრობლემები. არადა, როგორც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა რადიო “თავისუფლებას" უთხრა, ხეობაში სხვადასხვა პროვოკაციების განხორციელების საფრთხე კვლავაც არსებობს. ამას ემატება, რუსეთის სამშვიდობო ძალების ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით, ზოგიერთ რუსულ საინტერნეტო გამოცემაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც კოდორის ხეობის ზედა ნაწილში 40 "ბოევიკის" მალულად არსებობას იტყობინება.

შარშან ზამთარში კოდორის ხეობა რამდენჯერმე აღმოჩნდა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შეუსრულებლობის გამო აფხაზეთის არაოკუპირებულ მთიან ნაწილში სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების შეზიდვა დროულად ვერ მოხერხდა. ამას დაემატა აფხაზურ-რუსული ავიაციის მიერ კოდორის ხეობის საავიაციო დაბომბვა, რის გამოც რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი იძულებული გახდა, დროებით დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი.

[ემზარ კვიციანის ხმა] "მესამედი არ მიეწოდა, თან დაგვიანებით, მე რომ არ ვიყავი აქ. დამპირდნენ, ოღონდ შენ წადი, რამენაირად საქმე გააკეთე სახელმწიფოებრივი და ჩვენ ამას ყველაფერს მოგიგვარებთო. და მომიგვარეს. 200 ტონა ფქვილი შეიტანეს და დანარჩენი, საერთოდ, არაფერი. ამის გამო ხალხი გამოიქცა იქიდან, შიმშილის გამო."

ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულისა და შეიარაღებული ძალების კოდორის ოპერატიული მიმართულების სარდლის ემზარ კვიციანის განცხადებით, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს დროულად მოხდა კოდორის ხეობაში საჭირო რაოდენობის პროდუქტებისა და მედიკამენტების სამანქანო გზით შეტანა. სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ ლტოლვილების უდიდესი უმრავლესობა კვლავ დაბრუნდა ხეობაში. გარდა ამისა, საველე აეროდრომის რეკონსტრუქციის შემდეგ აღდგა საჰაერო მიმოსვლა და კვირაში ერთხელ AN - 2 ტიპის სამგზავრო ვერტმფრენი სპეციალურ რეისს ასრულებს კოდორის მიმართულებით. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა საველე აეროდრომის აღდგენის ფაქტი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა, რითაც, კვიციანის თქით, ცუდი სამსახური გაუწია კოდორის მოსახლეობას.

[ემზარ კვიციანის ხმა] "აქ არის ჩადებული ერთი რაღაცა, - ეს ისევ რუსებისგან მოდის, - რომ აეროდრომი სტრატეგიული ობიექტია, ამას კიდევ მიყვება ცნობა ჰოსპიტლის მშენებლობის შესახებ, ამას ის მოყვება, რომ ორმოცი "ბოევიკი"... ამით აფხაზებს აშინებენ და აწყებინებენ მოთხოვნას, რომ პოსტი გაიხსნას აჟარაში." [სტილი დაცულია]

სხვათა შორის, ცნობა იმის შესახებ, რომ კოდორის ხეობის ზედა ნაწილში 40 კაციანი დაუდგენელი სამხედრო ფორმირება უნად იმყოფებოდეს, რუსეთის სამშვიდობო ძალების ინკოგნიტო წარმომადგენლებმა უკვე გაავრცელეს სააგენტო "ინტერფაქსის" საშუალებით. კვიციანის თქმით, რუს მშვიდობის დამცველებს იოლად შეუძლიათ ამ ფაქტის გადამოწმება რეგულარული პატრულირებისას, რომელიც დამკვირვებელთა შერეული ჯგუფების მიერ კვირაში ორჯერ, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ტარდება. მაგრამ საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება კოდორის ხეობის ზედა ნაწილში სამშვიდობოთა მუდმივი საგუშაგოს გახსნას. როგორც ცნობილია, რუს ცისფერჩაფხუტიანთა სარდლობის ცალმხრივი მცდელობა შეექმნათ მუდმივი პოსტი, აპრილის დასაწყისში ერთხელ უკვე კინაღამ სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG