Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურად დაუცველი ფენები და ენერგეტიკის სფეროს შეღავათები


სოციალურად დაუცველი ფენების საკითხი საგანგებო სიმწვავეს, როგორც წესი, ზამთრობით იძენს ხოლმე, ანუ მაშინ, როდესაც უმწეო ადამიანებს, დამატებით, გათბობისა და განათების პრობლემებიც დაატყდებათ თავს.

რას ჰპირდება და რით ეხმარება მათ სახელმწიფო?

პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი ბატონი ალექსანდრე თბილისში, ოროთახიან ბინაში, თავის დასთან ერთად ცხოვრობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი პენსიისა და საოჯახო დახმარების მეტად მწირი ჯამით (36 ლარით) განისაზღვრება და ადვილი მისახვედრია, რომ ეს თანხა მხოლოდ პურის საყიდელ ფულადაც კი ძლივს ჰყოფნის ორსულიან ოჯახს. ამ ფონზე, კიდევ უფრო ადვილი მისახვედრია ის, რომ კონკრეტული ენერგეტიკული შეღავათების გარეშე ბატონი ალექსანდრეს ოჯახი სრული სიბნელისთვის და სიცივისთვის იქნება განწირული.

ამ მხრივ შედარებით უკეთ არის საქმე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით. პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები უფასოდ ღებულობენ ერთჯერადად – 870 კუბ/მეტრ, ხოლო ყოველთვიურად – 40 კუბ/მეტრ ბუნებრივ აირს. იმავე შეღავათით სარგებლობენ, მაგალითად: სამამულო ომის ინვალიდები, ომის მონაწილეები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, ჩერნობილის ტრაგედიის ინვალიდები, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახები და სხვ. უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ხსენებული შეღავათებით მეტად კმაყოფილნი არიან.

მათგან განსხვავებით, უკმაყოფილებას გამოთქვამს “თბილგაზი”. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლალი ხუციშვილი ეჭვობს, რომ, უმწეობის დამადასტურებელი ყალბი ცნობების დახმარებით (რომელთა აღება, მოარული ხმების მიხედვით, თურმე 20-30 ლარი ჯდება), დახმარების ადრესატთა ნუსხაში შემთხვევითი პირებიც ხვდებიან.

შედარებით უფრო რთული ვითარებაა ელექტროენერგიის შეღავათებთან დაკავშირებით. ბატონი ალექსანდრეს კატეგორიის ადამიანები ამერიკული მოწყალების იმედად არიან, რადგანაც სახელმწიფო მათ არაფრით ეხმარება:

(ბატონი ალექსანდრეს ხმა ) “ ჩვენ ვღებულობთ მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული მთავრობის დახმარებას. რომ არა USAID-ის დახმარება, ჩვენ ელემენტარულად განწირული ვიქნებოდით”. “ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაც არის, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს და 2003 წლის ბიუჯეტში იყოს იმავე ოდენობის შეღავათები, რაც ომის ვეტერანებზეა”.

პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები არ არიან შეყვანილი იმ ნუსხაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა ელექტროენერგიის შეღავათების მექანიზმი გასულ კვირას კვლავაც განუახლა და კვტ.სთ-ების რაოდენობაც გაუზარდა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აპრილიდან იყო შეჩერებული.

ბატონი ალექსანდრესთვის, რომლის ოჯახსაც ელექტროენერგიის ამერიკული მოწყალება მაქსიმალური დაზოგვის პირობებშიც ძლივს ყოფნის, ერთ-ერთ მაღალ ინსტანციაში უთქვამთ: თქვენს კატეგორიაზე მალე სახელმწიფოს შეღავათებიც გავრცელდებაო. თუმცა ეს მაღალჩინოსანთა ტრადიციულ, წინდაუხედავ დაპირებებს უფრო ჰგავს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მანონ ხაჩიძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ეს უახლოესი პერსპექტივა ნამდვილად არ არის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG