Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასუხისმგებლობა და “ საქართველოს პატრიოტთა კავშირი”. ჯაბა იოსელიანი ჟურნალისტებს ყოფილი მეომრების პატივისცემისკენ მოუწოდებს


უპასუხისმგებლოთა ქვეყანაში პასუხისმგებლობა ძვირად ფასობს, თუმცა ვისთვის - როგორ. როგორც ჯაბა იოსელიანი ამბობს, შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანა პირადად მას ბოლო

პატიმრობის ფასად დაუჯდა.“ როცა დავინახე, რომ ამ კაცის ჩამოყვანამ არ გაამართლა, ავდექი და ციხეში წავედიო,” – თქვა მან 3 დეკემბერს “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის” მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც, მთლიანად, მხედრიონელების მისამართით ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებს და ყოფილი მეომრების მიმართ ცალკეული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების საკითხს მიეძღვნა. ასეთ პოლიტიკოსებში, “პატრიოტთა კავშირის” ხელმძღვანელებმა ისინი იგულისხმეს, რომლებმაც პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გაერთიანება დაიწყეს, ჟურნალისტებში კი - ისინი, რომლებიც ომის პერიოდის მოვლენებსა და ყოფილ მეომრებზე ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით წერენ.

პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გაერთიანება “ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ” და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ტერორისტობისთვის - მათ შორის, გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზების გამო -გასამართლებული პირების შეწყალების შემდეგ გადაწყვიტეს. შეწყალებულთაგან ორნი თავის დროზე “მხედრიონის” ლიდერები იყვნენ: ერთი - ბოლომდე, მეორე – იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე დააპატიმრებდნენ. თემურ ხაჩიშვილი და “მხედრიონი” ერთმანეთს ხაჩიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნისთანავე გაემიჯნენ. პატიმრობაში რჩება გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული კიდევ ორი პირი და მათი სახელებიც გაერთიანება “მხედრიონს” უკავშირდება. აღნიშნულის მიუხედავად, ხმაურიანი სასამართლო პროცესების მიუხედავად, 1994 წლის 3 დეკემბრის საზარელი მკვლელობის დამკვეთზე საზოგადოებას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. სანამ ასეა, ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული პირების შეწყალება პოლიტიკას და პოლიტიკის კრიმინალიზაციას დაუკავშირონ და შეწყალებულებსაც რჩებათ საშუალება საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცონ. მაგრამ დავუბრუნდეთ ‘სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის” 3 დეკემბრის პრესკონფერენციას, რომელზეც აქცენტები დღევანდელობაზე კეთდებოდა და არა წარსულზე, თუმცა გარკვეული ადგილი წარსულსაც დაეთმო იმაზე მისანიშნებლად, რომ შეიარაღებული ხალხი, თავისთავად, ომისა და ქაოსის პირობებში საშიში ხდება.

[ჯაბა იოსელიანის ხმა] “ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ყველა ეგეთია. ვიღაცა ნაძირალა გამოერევა. ვიღაცა ჭკუიდან გადავა. ეს ისე არაა, თქვენ რომ გგონიათ. კაცი რომ დაინახავს თავის ძმას, მეგობარს მოკლულს, ის ვეღარაა სრულ ჭკუაზე. მეომარ ვეტერანებს ამერიკაში დღემდე ფსიქოლოგიურ დახმარებას უწეევნ, მატერიალურად ეხმარებიან. მეომრებს წმინდანებად რაცხავენ. ვიღაცა რომ გააკეთებს-გამოაკეთებს, გაასამართლე, კაცო, ოღონდ ისე კი არა, ჭორების დონეზე, აი, კონკრეტული ფაქტებით.” [სტილი დაცულია]

“სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის” პრესკონფერენციის დიდი ნაწილი დაეთმო ჭორის გავრცელების კონკრეტული ფაქტების მიმოხილვას, ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით, ჯაბა იოსელიანისა და მისი თანამებრძოლების მიმართ სხვადასხვა გაზეთებში გამოთქმულ ბრალდებებს. პრესკონფერენციაზე მისულ ჟურნალისტებს ეთხოვათ მსგავსი ბრალდებები გამოქვეყნებამდე კარგად გადაამოწმონ, რათა არასასიამოვნო ამბები თავიდან აიცილონ.

[ჯაბა იოსელიანის ხმა]“ სასამართლოს რამდენჯერმე მივმართეთ და აბუჩად აგვიგდეს. ამიტომ, თუ განმეორდება, ალბათ, დავარბევთ. სხვა გამოსავალი არ არის.”

ნათქვამი მაინც ხუმრობად უნდა მივიღოთ, რადგან ჯაბა იოსელიანი ხუმრობის გუნებაზე იყო მაშინაც, როცა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების აბსურდულობას აღნიშნავდა, მაშინაც, როცა შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანას იხსენებდა და მაშინაც, როცა პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ დარაზმულ პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრობდა.

[ჯაბა იოსელიანის ხმა] “ მაგათ უნდა ხელები დაიბანონ და ყველაფერი შევარდნაძეს შეაწერონ. გამოდის ბარამიძე და ამბობს, ამან ბორჯომზე არ უნდა გაიაროსო. შე მამაცხონებულო, მწვანე შენ იყავი, პარლამენტში შენ იჯექი. სამი წელია ამაზე ლაპარაკი. მაშინ კარგი იყო და ეხლა არ ვარგა? რა ტრუბაა, ერთი გამაგებინეთ! კომუნისტები რომ გვატყუებდნენ, აი, კომუნიზმი იქნება, კომუზმი იქნებაო, ისეა ესეც: ტრუბა იქნება, ტრუბა იქნება!” [სტილი დაცულია]

ასეთი იყო 3 დეკემბრის პრესკონფერენცია, რომელზეც ” სრულიად საქართველოს პარტიოტთა კავშირი” მეომრების მიმართ პატივისცემის დამკვიდრების მოთხოვნით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG