Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაზრებები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტთან დაკავშირებით


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თითქმის არავინ ელოდა, რომ ნავთობსადენის მარშრუტი არ შეიცვლება და ბორჯომის ხეობაზე გაივლის.
მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნა მიღებული, მაგრამ მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე მაინც იტოვებს გარკვეულ იმედს, რომ ნავთობსადენის დადგენილ მარშრუტში ცვლილების შეტანა შესაძლებელი გახდება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საპროექტო ნავთობსადენის მშენებლობის გარემოსდაცვით ნებართვასთან დაკავშირებით, მწვანეთა პარტიის ლიდერი ასეთ კომენტარს აკეთებს:

[გაჩეჩილაძის ხმა] “ჩვენს გაოცებას იწვევს ის, რომ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ 17-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ცხრა წყარო-კოდიანის მონაკვეთის სახელწოდებით არის ცნობილი. ჩვენ ვითხოვთ და ვითხოვდით, რომ ეს მონაკვეთი გადაეტანათ სამხრეთით 5 კილომეტრით”.

გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ბორჯომის ხეობას, ბორჯომის მინერალურ წყლებსა და სასმელ წყლებს არავითარი საფრთხე არ დაემუქრებოდა. პარტიის ლიდერის თქმით, არც ერთმა ქართველმა ექსპერტმა და ორგანიზაციამ არ მისცა დადებითი დასკვნა ცხრა წყარო-კოდიანის მონაკვეთთან დაკავშირებით.

[გაჩეჩილაძის ხმა] “საქართველოს მეცნირებათა აკადემიამაც კი, სადაც სპეციალური კომისია შეიქმნა, უარყოფითი დასკვნა გასცა. საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჩვენი შექმნილია და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რის საფუძველზე უნდა გაეცა გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა. ეს საზოგადოებასთან შეთანხმების შედეგად უნდა მომხდარიყო. შეთანხმება კი მოხდა საქართველოს პრეზიდენტთან, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი არ არის საქართველოს საზოგადოება”.

გიორგი გაჩეჩილაძე არ იზიარებს ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოტანილ არგუმენტებს, რომელთა შესახებაც ისაუბრეს როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ისე მინისტრმა ნინო ჩხობაძემ და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ.

მწვანეთა პარტიის ლიდერის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, ნავთობსადენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი გარანტიების შემთხვევაშიც კი, მილსადენების დაზიანებისა და, აქედან გამომდინარე, ეკოლოგიური კატასტროფისგან დაზღვეული არავინ არის.

რატომ არ ითვალისწინებენ ამ გარემოებას პროექტის ავტორები, მით უფრო, რომ, როგორც გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, დღესაც სავსებით შესაძლებელია ნავთობსადენის მარშრუტში უმნიშვნელო ცვლილების შეტანა?

პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნავთობსადენის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმი,” საკუთარ ავტორიტეტს გაუფრთხილდა – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უკვე დადგენილ მარშრუტში ცვლილების შეტანას
“ბი პი”, შესაძლოა, საკუთარი ავორიტეტის შელახვად მიიჩნევს.

მწვანეთა პარტიის ლიდერის მეორე ვარაუდი სასმელი და მინერალური წყლების ბიზნესში კონკურენციის საკითხს უკავშირდება. მისი აზრით, ნავთობსადენის მარშრუტის ბორჯომის ხეობაზე გავლის შემთხევევაში ამ ბიზნესში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა პრობლემური გახდება.

[გაჩეჩილაძის ხმა] “ბორჯომი ძალიან უშლის ხელს საერთაშორისო კორპორაციებს დსთ-ის ბაზარზე შესვლასა და იქ მონოპოლიების მოპოვებაში”.

მწვანეთა პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულია, მეტისმეტად ძნელი იქნება პროექტის განხორციელებაში რაიმე კორექტივების შეტანა.

თუმცა, როგორც გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, მწვანეთა პარტია ძალიან სერიოზულად არის ინტეგრირებული ევროპის გაერთიანებაში და შეეცდება, რომ ამ კავშირის საშუალებით რაღაც მოიმოქმედოს, რათა ნავთობსადენის მარშრუტმა ბორჯომის ხეობაზე არ გაიაროს.
XS
SM
MD
LG