Accessibility links

logo-print

მოხდება თუ არა სამი ჩეჩენი პატიმრის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 28 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება კიდევ სამი ჩეჩენი პატიმრის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ. ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა

29 ნოემბერს დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს, 3 დეკემბერს კი არასამთავრობო ორგანიზაციის, “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის”, ოფისში მოეწყო პრესკონფენერცია, სადაც ადამიანის უფლებების დამცველებმა და დაკავებული ჩეჩნების ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასა და ადამიანის უფლებების უპატივცემულობაში დასდეს ბრალი.

მთაწმინდა-კრწანისის სასამართლო დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირების საკითხს უკვე ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, განიხილავს. უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მოვლენების ასეთი დაჩქარების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი ექსტრადირების შესახებ და, შესაბამისად, სასამართლოსგანაც არ უნდა ველოდეთ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას.

დადგენილებაში, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე აწერს ხელს, ნათქვამია, თითქოს რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გადმოცემული მასალებით ირკვევა შემდეგი: “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს რუსლან მაულადენის ძე ალხანოვს, რუსტამ უსმანის ძე ელიხაჯიევს და რუსლან ახმედის ძე გელოგაევს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩადენილი აქვთ ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიცაა: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის ხელყოფა, მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მკვლელობები, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა, ბანდიტიზმი და ტერორიზმი.”

დადგენილების თანახმად, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან მიღებულ იქნა მყარი წერილობითი გარანტიები, რომლის შესაბამისად, რუსეთის მხარე ვალდებულებას იღებს, “განუხრელად დაიცვას პატიმრებთან მოპყრობის საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმები”. საქართველოს გენერალური პროკურორის აზრით, ამგვარი გარანტიის მიღების შემდეგ აღარ არსებობს იმის საფრთხე, რომ ექსტრადირებულ პირებს ვინმე არაადამიანურად მოექცევა, ან მათ მიმართ არაობიექტური მართლმსაჯულება განხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის - “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” - დირექტორი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ჩეჩენი პატიმრების რუსეთისთვის გადაცემა მათი გაწირვის ტოლფასია, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის დადგენილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება: [ნანა კაკაბაძის ხმა] “ჯერ ერთი, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ამ ადამიანების შესახებ ცალსახად ცნობილია, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მათ ელით ღირსების შემლახავი მოპყრობა და, შესაძლებელია, სიკვდილიც კი. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა ექვემდებარებოდეს წამებას ან ღირსების შემლახავ მოპყრობას. ამ შემთხვევაში ხდება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.”

მართალია, რუსეთის ფედერაციაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გარანტია, რომ ექსტრადირებულთა უსაფრთხოება დაცული იქნება: [ნანა კაკაბაძის ხმა] “ჯერ ერთი, მორატორიუმი ნიშნავს შეჩერებას და არა აკრძალვას. შეიძლება მორატორიუმი გაუქმდეს და სიკვდილით დასჯა ძალაში შევიდეს. მეორეც, აქ იგულისხმება ისიც, რომ ეს პატიმრები შეიძლება წამების შედეგად იქნენ მოკლული. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დადგენილება საქართველოს კონსტიტუციით არის უკანონო აქტი.”

კიდევ ერთი სერიოზული დარღვევა, რის გამოც უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩეჩნების ექსტრადირებას უკანონოდ მიიჩნევენ, დაკავებულთა იდენტიფიკაციის პრობლემაა. თავდაპირველად, როცა ჩეჩნები მოგონილი გვარებით ჩაბარდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის პროკურატურამ მათი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოგზავნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი, სინამდვილეში, სრულიად სხვა გვარ-სახელს ატარებენ, მაგრამ ამას რუსეთის პროკურატურის ბრალდებებზე გავლენა არ მოუხდენია, საქართველოს პროკურატურა კი, როგორც ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრების” წევრი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, ამას ყურადღებას არ აქცევს: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “ერთი გვარები იყო გაგზავნილი და მათზე, ანუ არარსებულ გვარებზე, მოვიდა ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები, გაიგზავნა სხვა გვარები და მათზე მოვიდა… ანუ ნებისმიერ ჩეჩნურ გვარზე, რომელიც გაიგზავნება, რომ, აი, ეს არის პატიმარი აქ, ნებისმიერ გვარზე მოვა ისეთი მტკიცებულება რუსეთიდან, რომლის შემოწმების საშუალება ჩვენ არა გვაქვს და გენერალური პროკურატურა იღებს უპირობოდ.” [სტილი დაცულია]


[ნანა კაკაბაძის ხმა] “უბრალოდ, არსებობს საქმე, რომელსაც მიაკერებენ ან ელიხაჯიევს, ან ბაიმურზაევს, ან ალხანოვს, სულ ერთია, უბრალოდ, იდენტიფიცირება არ ხდება. დანაშაული არ არსებობს, ჩემი აზრით, არსებობს სურვილი რუსეთის მხარისა, რომ ეს ადამიანები, ეს მეომრები იქნენ გადაცემული რუსეთის მხარისთვის. პროკურატურას ასეთი დადგენილება არ უნდა მიეღო, თუნდაც საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევდეს, რადგან იდენტიფიცირება ნამდვილად არ არის ჩატარებული და ესენი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები, ვისაც ის დანაშაულები შეიძლება ჰქონოდათ ჩადენილი. და როცა, მიუხედავად ამისა, რუსეთმა მაინც გამოაგზავნა მათზე ბრალდებები, ეს ცალსახად მიუთითებს რუსეთის დაინტერესებაზე, რომ გაუყალბოს და ცილი დასწამოს ამ პატიმრებს, რომ ისინი როგორმე გადაიყვანოს რუსეთში.” [სტილი დაცულია]

კავკასიური სახლის ჩეჩნურ-ინგუშური სექტორის გამგის მექა ხანგოშვილის თქმით, საფრთხეს ისიც ამძიმებს, რომ არავითარი ინფორმაცია არ არსებობს უკვე ექსტრადირებული 5 ჩეჩენი მეომრის შესახებ, რომლებიც სტავროპოლში არიან იზოლირებული: [მექა ხანგოშვილის ხმა] “მათ შესახებ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ არა ჰყავთ ადვოკატები, ჰყავთ გამომძიებელი, ვინმე ყურბანოვი. სხვა ინფორმაცია მათ შესახებ არ არსებობს.”

ხანგოშვილის თქმით, ამ ეტაპზე ორთაჭალის იზოლატორში მოთავსებული ჩეჩენი პატიმრებიც ადვოკატების გარეშე არიან დარჩენილი, თუმცა ამის მიზეზებზე იგი ხმამაღალ საუბარს მოერიდა: [მექა ხანგოშვილის ხმა] “მათ ადვოკატები ამ ეტაპზე არა ჰყავთ. თუ რატომ მოხდა ეს, რატომ თქვეს უარი ადვოკატებმა მათ დაცვაზე, ეს ინფორმაცია ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს. ჩვენ ერთადერთი ის ვიცით, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან ადვოკატების გარეშე და ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს.”

ჩეჩენი პატიმრების მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაემორჩილა რუსეთის ზეწოლას და გააუქმა თავისი შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ურჩევდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეეკავებინა პატიმრების ექსტრადიციისგან. თავისუფლების ინსტიტუტის წევრის გიგა ბოკერიას აზრით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს მართლმსაჯულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს: [გიგა ბოკერიას ხმა] “ევროსასამართლოს ხელები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ დაუბანია. ძალიან სადავო არის შუალედური ზომების მიმართ დამოკიდებულება სტრასბურგის სასამართლოსი. მე შეგახსენებთ, რომ სტრასბურგი არ არის ნაციონალური სასამართლო. საერთაშორისო სამართალი არ არის წასული ჯერ იქამდე, რომ ასე უხეშად ჩაერიოს მსგავს საკითხებში. არსებითად, სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია და ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ჯერჯერობით მათ თქვეს, რომ ისინი არ თვლიან აუცილებლად შუალედური ზომის აღსრულებას, მაგრამ სტრასბურგის სასამართლო, როგორც სუბსიდიარული სამართლის სუბიექტი, ჯერჯერობით მაინც, ტენდენცია ასეთია, რომ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ასე უხეშად არ შეიჭრება. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო პრინციპულია ასეთი საკითხები თვითონ სუვენერული ქვეყნისთვის, ვიდრე საერთაშორისო ტრიბუნალისთვის. ეს ასე უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში. ამიტომ საკითხის ასე დასმა, რომ სტრასბურგი არის მთავარი, არის ძალიან დიდი სირცხვილი ჩვენთვის და ეს საკითხის არასწორი დასმაა.” [სტილი დაცულია]

უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, თავად დაიცვან ჩეჩენი პატიმრების უფლებები სასამართლოში და ამით მაინც მოახდინონ ერთგვარი ზეწოლა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
XS
SM
MD
LG