Accessibility links

logo-print

აკაკი ბაქრაძის იუბილე


6 ნოემბერს ქართული საზოგადობა აკაკი ბაქრაძეს გაიხსენებს – ხვალ ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კრიტიკოსის დაბადებიდან 75 წელი შესრულდება. როგორ აპირებს დედაქალაქი ამ თარიღის აღნიშვნას?



6 ნოემბერს კლუბი “სარდაფი” აკაკი ბაქრაძის შემოქმედების თაყვანისმცემლებს უმასპინძლებს. ვამბობ “შემოქმედების”, რადგან საღამოს ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ გაგვახსენონ არა “ხელისუფლების მუდმივი, უკომპრომისო და ქვეყნისთვის კეთილმოსურნე ოპონენტის” (სწორედ ასე დაახასიათა აკაკი ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ) საზოგადოებრივი საქმიანობა, არამედ კრიტიკოსის მხატვრული მოღვაწეობა. მაყურებელი იხილავს ანდრო ჭიაურელის ვიდეოფილმს “ნინო ჭავჭავაძის უკანასკნელი ღამე” (ნინო ბურდულით მთავარ როლში), რომელიც მხოლოდ ერთხელ გავიდა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ეთერში და რომელსაც აკაკი ბაქრაძის პიესა დაედო საფუძვლად. ეს ნაწარმოები მწერალს 90-იანი წლების დასაწყისში “ერთი მსახიობის” თეატრის ხელმძღვანელმა კოტე მახარაძემ შეუკვეთა. იმხანად ყველა ელოდა, რომ პიესაში განზოგადდებოდა რუსი პოეტისა და ქართველი ქალის სიყვარული. სპექტაკლი მომგებიანი იქნებოდა კოტე მახარაძისა და სოფიკო ჭიაურელისთვის, რომლებიც ამ წარმოდგენას არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც ითამაშებდნენ. მაგრამ, რეალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, აკაკი ბაქრაძემ სრულიად დაანგრია ამ “ქართულ-რუსული რომანის მითი”: წარმოადგინა ნინო ჭავჭავაძის ცხოვრების ის ფაქტები, რომელსაც საბჭოთა - მათ შორის, ქართული-საბჭოთა - იდეოლოგები ხალხს უმალავდნენ. ამიტომაც პიესის გამოქვეყნება, აკაკი ბაქრაძის დის ძალისხმევით, სულ ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი, პიესის დადგმა კი მოხერხდა მხოლოდ წელს, ისიც, გარკვეული წინააღმდეგობებით.

კლუბ “სარდაფში” დაგეგმილია, აგრეთვე, პრეზენტაცია ჟურნალისა “ლიტერატურა და სხვა”, რომელშიც პირველად იბეჭდება აკაკი ბაქრაძის კიდევ ერთი პიესა “ნუ დამიტევებ” – ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის ამსახველი ნაწარმოები, ავტორის ინტერმედიებით, პიესა იმაზე, თუ რაოდენ გულგრილი იყო საზოგადოება ილიას აზრების მიმართ და როგორ ცხოვრობდა საქართველო მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძეს ქვეყნის “დაუყუჩებელი ტკივილები” აწუხებდა; აკაკი ბაქრაძის პიესაში ქართველი ახალგაზრდები დროს ატარებენ, ცეკვავენ და მღერიან “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი”.... საზოგადოება შეიტყობს, რომ “ქვეყნისათვის კეთილმოსურნე ოპონენტისთვის” – ოპონენტობა “შემოქმედების” ტოლფასი იყო, რადგან მხოლოდ შემოქმედებას შეუძლია უბიძგოს საზოგადოებას ფიქრისთვის, კამათისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხვალ კლუბ “სარდაფში”, როგორც ყოველთვის, მრავლად იქნება ახალგაზრდობა – ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ აკაკი ბაქრაძე ახალი თაობისთვისაც ერთ-ერთი წინამძღოლია. “ქვეყნისათვის კეთილმოსურნე ოპონენტების” სიმრავლით საქართველო ხომ დღესაც ვერ დაიკვეხნის.
XS
SM
MD
LG