Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი არ გამორიცხავს ანტიერაყულ კოალიციაში მონაწილეობას


ანდრო ეული, პრაღა სამ დეკემბერს თურქეთმა გამოაცხადა, რომ თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას მისცემს ამერიკის ავიაციას მოსალოდნელ ომში ერაყის წინააღმდეგ იმ პირობით,

თუ ეს სამხედრო ოპერაცია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ იქნება სანქციონირებული.


"თუ ომი დაიწყება, ჩვენ ვითანამშრომლებთ რაღა თქმა უნდა შეერთებულ შტატებთან, რომელიც ჩვენი უახლოესი მოკავშირეა" – განაცხადა სამშაბათს ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაშარ იაქიშმა, თავის ბრიტანელ კოლეგა ჯეკ სტროსთან მოლაპარაკების შემდეგ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ იაქიში ბაზების გამოყენების "შესაძლებლობას" გულისხმობდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე არ მიუღიაო.

იაშარ იაქიშმა გამოთქვა იმედი, რომ ამჟამინდელი დაპირისპირება ამერიკა-ერაყს შორის მშვიდობიანად დამთავრდება. ასეთივე იმედი გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვულფოვიცმაც, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მარკ გროსმანთან ერთად იაშარ იაქიშს ეთათბირა სამშაბათს ანკარაში.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ვაშინგტონის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის თურქული პროგრამის დირექტორმა ბულენთ ალიზირამ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ თურქეთმა გაცილებით მეტი დახმარება აღმოუჩინოს შეერთებულ შტატებს სამხედრო ოპერაციაში ერაყის წინააღმდეგ, ვიდრე ამის შესახებ იაშარ იაქიშმა ილაპარაკა.

გაურკვეველია ასევე, რამდენად აპირებს საუდის არაბეთი ვაშინგტონთან თანამშრომლობას, თუ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყება.
ადელ ალ-ჯუბიერი საუდის არაბეთის მთავრობის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ოფიციალური რიადის პოზიციის შესახებ ალ-ჯუბიერიმ, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში განაცხადა: [ადელ ალ-ჯუბიერის ხმა]
"ადრეც განვაცხადეთ, რომ როგორც გაეროს წევრი-სახელმწიფო ჩვენ, მხარს დავუჭერთ ამ ორგანიზაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. რა სახისა იქნება ეს მხარდაჭერა, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ თავის დროზე, როცა ყველა არჩევანს განვიხილავთ".

ანკარაში ჩასვლამდე პოლ ვულფოვიცი ორშაბათს ლონდონში გამოვიდა სიტყვით და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა – არ უთხრან თურქეთს უარი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

ვაშინგტონი იმთავითვე აცხადებდა, რომ ევროპამ თავის ოჯახში უნდა მიიღოს დემოკრატიული და სეკულარული თურქეთი, რომელიც მისაბაძი და დასავლეთთან დამაკავშირებელი ხიდი გახდება მუსლიმანური სამყაროსთვის.
XS
SM
MD
LG