Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის კონფლიქტი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 დეკემბერს საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში რჩება, დაახლოებით, 60 ბოევიკი, რომელთაგან ნაწილი, წარმოშობით, არაბები არიან.

საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსთან” საუბრისას მან თქვა, რომ შესაბამისი სტრუქტურები პანკისის ხეობის შეიარაღებული პირებისგან გათავისუფლებაზე დღემდე მუშაობენ. რუსეთის მედიის ინფორმაციით კი, ჩეჩნეთში შეინიშნება საველე მეთაურების თავმოყრა, რაც აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების ნიშნად შეიძლება მივიღოთ. რამდენად გაართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების გააქტიურება?


რუსეთის ელექტრონული მედიის ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოდან ჩეჩნეთში საველე მეთაურების თავმოყრის პროცესი შეინიშნება. ინტერნეტგაზეთი “უტრო,” ჩეჩნეთის პრომოსკოვურ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რამდენიმე დღის წინათ გროზნოში იმყოფებოდა იჩქერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი, რომელმაც საველე მეთაურებთან შეხვედრაზე მომავალი მოქმედებების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. ჩეჩნეთიდან მოსული ცნობებით, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა გროზნოში, სადაც ნოემბრის ბოლოს ჩავიდა არაბი საველე მეთაური ქემალი, რათა სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფის საქმიანობის კოორდინირება მოახდინოს. ჩეჩენი მებრძოლების სიმრავლე შეინიშნება თითქმის ყველა დიდ ქალაქში: არღუნში გააქტიურდა აბდულ ვაჰიდის ჯგუფი, აჩხოი მარტანის რაიონში – აბუბაქარ მუსაევი და მისი მებრძოლები, ნაურის რაიონში – ჩაბაევისა და ტოლხადოვის ჯგუფები და ასე შემდეგ. არანაკლებ დაძაბული მდგომარეობაა ჩეჩნეთის მთიანეთშიც, სადაც ერთბაშად რამდენიმე საველე მეთაურის - მათ შორის, ხალილოვის, არაბი საველე მეთაურისხატაბის ყოფილი მოდგილის - ჯგუფები მოქმედებენ. რუსეთის წყაროების ცნობით, ჩეჩნეთში კვლავ გამოჩნდა ცნობილი სნაიპერი ქალი, ვინმე ნანა, რომელიც პერიოდულად ჩადის ჩეჩნეთში და შიშის ზარს სცემს ფედერალებს. მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის წლების მანძილზე ამბოხებულების მხარეს იბრძვის ჩეჩნეთში, სადაც დასავლეთ უკრაინიდან ჩადის.
რუსეთის წყაროები არაფერს იუწყებიან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაურის რუსლან გელაევის საქმიანობის შესახებ. საინტერესოა, რომ, სოფელ გელაშკებთან გამართულ ბრძოლას თუ არ ვიგულისხმებთ, ჩეჩნეთში გადასვლის შემდეგ მას არც ერთ შეტაკებაში აღარ მიუღია მონაწილეობა. საინტერესოა ისიც, რომ ნოემბრის შემდეგ – მაშინ რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ დაჭრილი გელაევი ისევ საქართველოში დაბრუნდა – რუსეთის მედია თითქოს ნაკლებად აკავშირებს ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოსთან და, კერძოდ, პანკისის ხეობასთან.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს “ტაიმ-აუტი” დროებითია: გაჩნდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში შეიძლება საომარი მოქმედებები გააქტიურდეს, რუსეთის პრესაში კვლავ გამოჩნდა საქართველოს, როგორც ჩეჩენი ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნის, სახელი. 4 დეკემბრის ინტერნეტგამოცემა “უტროს” ცნობით, ამ დღეებში ჩეჩნეთში დააკავეს ასლან მასხადოვის ერთ-ერთი მებრძოლი, რომლის ინფორმაციითაც, მასხადოვთან გამართულ თათბირზე ითქვა, რომ ახლახან ამბოხებულებმა საკმაოდ დიდი რაოდენობის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები მიიღეს საქართველოდან და რომ ჩეჩენ მებრძოლებს ამ საკმაოდ ძლიერი იარაღის ხმარება არაბმა ინსტრუქტორებმა პანკისის ხეობაში ასწავლეს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უახლოეს ხანში პანკისის ხეობის თემა რუსეთში ისევ გააქტიურდება.
XS
SM
MD
LG