Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია იმერეთის რეგიონში, ზარალი და ხელისუფლებისგან მიტოვებული მოსახლეობა


იმერეთის რეგიონში ბოლო დღეების გრიგალით დაზარალებული მოსახლეობა სახურავგადახდილი საცხოვრებელი სახლების აღდგენით სამუშაოებს თავადვე შეუდგა, თუმცა დახმარების თხოვნით

ადგილობრივ ადმინისტრაციასაც ბევრმა მიაკითხა. ასეთებს დახმარების მოლოდინი რისკის ქვეშ აყენებს, რადგან, თუ ქარს წვიმა მოჰყვა, სახურავგადახდილი სახლების მკვიდრთ პრობლემები დაუმძიმდებათ. მოსახლეობის ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების მხრივ ქუთაისში არსებული კრიზისი ძლიერი ქარებით წარმოქმნილმა ახალმა პრობლემებმა გააღრმავა. სტიქიამ, იმერეთის გარდა, ფოთიც დააზარალა. არის მსხვერპლი. ამას გარდა, წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ზარალი 5 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. იმერეთში და, კერძოდ, ქუთაისში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი.

ერთი დაღუპული და ორი მძიმედ დაზიანებული, სახურავგადახდილი საცხოვრებელი სახლები, წყობილებიდან გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები, გორდის ტყეში ხანძარი, რომელიც მოსახლეობას უკვე აღარ ემუქრება, თერჯოლის რაიონში ხანძრისგან განადგურებული 10 ჰექტარი ტყე და ერთი სახლი, დახმარების და შემწეობის მომლოდინეთა რიგები ადგილობრივი ადმინისტრაციების კარზე – აი, ასეთია 2-3 დეკემბრის ძლიერი ქარების შედეგი იმერეთის რეგიონში. როგორც იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის პრესმდივანმა ზეინაბ ხაჩიძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, სტიქიამ უმძიმესი მდგომარეობა შექმნა საჩხერის, ჭიათურის, ხონის, ხარაგაულის, სამტრედიის, წყალტუბოს, თერჯოლის და ზესტაფონის რაიონებში. დიდია ზარალი ქუთაისშიც. ზეინაბ ხაჩიძის თქმით, ის მილიონს აჭარბებს.

[ინტერვიუ ზეინაბ ხაჩიძესთან]

შეკითხვა - “თქვენ ახსენეთ ზარალი მილიონ 200000 ლარი. ეს უკვე დადგენილი ციფრია თუ მიახლოებითი მაჩვენებელია?

ზეინაბ ხაჩიძე – “ამ წუთის მონაცემები ამ რიცხვებშია გამოხატული, მაგრამ ზარალის დადგენა მიდის. ამ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებით გამოწვეული ზარალი, მას სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს კომისია ადგენს.

შეკითხვა – “თუ არის უკვე დაწყებული სალიკვიდაციო სამუშაოები?”

ზეინაბ ხაჩიძე – “თითქმის ყველა რაიონში. განსაკუთრებით - ხონში. ქუთაისში - ჯერ არა. ხარაგაულში მიდის, საჩხერე ითხოვს, თერჯოლაც, სადაც 20 ჰექტარი ტყეა დამწვარი და ერთი სახლი. კომისიები მუშაობენ.”

შეკითხვა – “შეფერხება იყო მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ, ამას გარდა, სერიოზული პრობლემები იყო მოსახლეობის წყლით მომარაგებაში. მდგომარეობა უცვლელია თუ გამოსწორდა?

ზეინაბ ხაჩიძე – “უცვლელია. არის უბნები ქუთაისში, სადაც მეშვიდე დღეა წყალი არ მიეწოდებათ.”

შეკითხვა – “ესეც სტიქიასთან არის დაკავშირებული? “

ზეინაბ ხაჩიძე – “არა, ეს ენერგეტიკულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. “


ენერგოკრიზისს ქუთაისელები აქამდეც მწვავედ განიცდიდნენ. ქალაქ ქუთაისში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით:

[გიგა შუშანიას ხმა] “არის კატასტროფული მდგომარეობა, რადგან ერთი კვირაა ქალაქს წყალი არ მიეწოდება. ეს არის ელექტროენერეგიის მიწოდების შეზღუდვის გამო. ქალაქის მერია და საკრებულო ერთი კვირაა ცდილობს და, ელემენტარულად, ქალაქის] ელექტროკომპანიის ხელმძღვანელის მიყვანა ვერ მოახერხეს სხდომაზე.”

გიგა შუშანიას სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისადმი ადგილობრივი ხელმძღვანელების თანადგომა არ შეუნიშნავს. იქმნება კომისიები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებზე. ამბობენ, რომ რაღაც-რაღაცები კეთდება კიდეც, მაგრამ მოსახლეობას ხელისუფლების საქმე ჯერ არ დაუნახავს, სხვათა შორის, არც ტელეგადაცემებში. მიზეზი კარგად ცნობილია:

[გიგა შუშანიას ხმა] “ იცით? ჩემი მობილური ჯდება. შუქი არა გვაქვს.”

იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული ევროპაში იმყოფება. ქუთაისში კი ქარი შესუსტდა. საცხოვრებელი სახლების გადახურვას მოსახლეობა საკუთარი სახსრებით შეუდგა.
XS
SM
MD
LG