Accessibility links

საქართველოში მიმდინარეობს “16-დღიანი აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”


ყველაფერი 1991 წლის ივნისში “ქალთა ლიდერობის

მსოფლიო ცენტრში” გამართულ კონფერენციაზე დაიწყო, როცა იქ, რუტგერსის უნივერსიტეტში შეკრებილებმა თემაზე “ქალები, ძალადობა და ადამიანის უფლებები” იმსჯელეს და გადაწყვიტეს, დასაბამი მიეცათ ყოველწლიური კამპანიისათვის. ის რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნობიერებინა პრობლემა, რომელიც ყველა საზოგადოებაში არსებობს, ცხადია, მეტ-ნაკლებად მწვავე ფორმით: ეს პრობლემა არის გენდერული ძალადობა, ანუ ადამიანის დაჩაგვრა მისი სქესის გამო, იქნება ეს განათლების, პოლიტიკისა თუ ეკონომიკის სფეროებში, ოჯახში თუ სამუშაო ადგილზე. დიახ, გენდერული ძალადობა ორივე სქესის ადამიანების ფიზიკურ თუ მორალურ ჩაგვრას ნიშნავს, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) ამჟამად მიმდინარე 16-დღიანი აქცია.

თუ რატომ არის ლაპარაკი მაინცდამაინც 16 დღეზე, ან რატომ ეხებიან გენდერული ძალადობის კონტექსტში უწინარესად ქალთა უფლებების ხელყოფას – ამ და ზოგიერთ სხვა შეკითხვაზე პასუხს მიიღებთ დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან “ქალი და მსოფლიო”.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ყოველწლიური კამპანია რომ 16 დღე გრძელდება განპირობებულია ორი თარიღით, რომელიც ამ ღონისძიების ერთგვარ ჩარჩოს ქმნის: აქცია იწყება მუდამ 25 ნოემბერს, რომელიც გაეროს მიერ გამოცხადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ, და მთავრდება 10 დეკემბერს, როცა მსოფლიო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს.

ასეა უკვე 12 წელ, და მათ განმავლობაში “16-დღიანი აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” 90-ზე მეტ ქვეყანაში, 800-ზე მეტი ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარდა. აქციის მთავარ ორგანიზატორად კი ბრიტანეთში დაფუძნებული “WomenAid” (ქართულად - “ქალთა დახმარება”) რჩება. ამ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პიდა რიპლია ის ადამიანია, რომლის თაოსნობით საქართველოში 2000 წელს პირველად გაიმართა “16-დღიანი აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” და, მასთან ერთგვარ კომბინაციაში, კამპანია “თეთრი ლენტი” - ქალებისადმი ძალადობის მოწინააღმდეგე კანადელი მამაკაცების ინიციატივა.

მომდევნო წელს “WomenAid”-ის საქმიანობა უკვე მთელს რეგიონზე გავრცელდა და 2001 წელს აქციამ “კავკასია – 16 დღე” საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ჩაიარა. ეს იყო პირველი რეგიონული კოორდინაცია “WomenAid International”-ის არსებობის ისტორიაში: 3 ქვეყნის 500-ზე მეტი ორგანიზაციის თანამშრომლობა, დისკუსიები ძალადობის თემაზე კულტურული ასპექტების გათვალისწინებით, სემინარები ადამიანის უფლებებზე, ტრეფიკინგისა თუ შიდსის პრობლემებზე, კონცერტები, აგრეთვე უფასო იურიდიული, თუ სამედიცინო-ფსიქოლოგიური კონსულტაციები.

ასეთ კონსულტაციებს წელსაც ატარებს, მაგალითად, “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი – ემპათია”, რომლის ძირითადი მიზანია წამების მსხვერპლთა იდენტიფიცირება, მონიტორინგი და სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. 1996 წელს დაარსებული ორგანიზაციის პროგრამების დიდი ნაწილი ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილებთან მუშაობას, ხოლო 1999 წელს “ემპათია” გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელიც შეუდგა პროექტის განხორციელებას ქალთა კოლონიაში. მას შემდეგ პროექტი გაფართოვდა და სასჯელაღსრულებითი სისტემის სხვა ადგილები მოიცვა. რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე 16-დღიან აქციას, როგორც “ემპათიის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს:
[მარიამ ჯიშკარიანის ხმა]“ჩვენ უკვე მესამე წელიწადია, ამ აქციაში ვმონაწილეობთ და ამ სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა წამების მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური კონსულტირება – უფასო, რა თქმა უნდა – საქართველოს სასჯელაღსრულებით სისტემაში. ეს იყო ქალთა კოლონია, ბავშვთა კოლონია და ციხე. ამჟამადაც ამ თვალსაზრისით ვმონაწილეობთ აქციაში.”
[მარიამ ჭიაურელის შეკითხვა]: “ეს აქცია მიმართულია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. რამდენად უკავშირდება თქვენი მისია აი, ამ კუთხეს, ძალადობის ამ ასპექტს? გენდერული ძალადობა არის ადამიანის სქესის გამო მისი ფიზიკური და მორალური დაჩაგვრა. “
[მარიამ ჯიშკარიანის პასუხი] “ამასთან კავშირი გვაქვს, ფაქტიურად, იმდენად, რამდენადაც უმრავლესობა ჩვენი პაციენტებისა ქალები არიან. პირდაპირ ეხება, ფაქტიურად. იმიტომ, რომ ძალიან დიდია პოლიციის მიერ პატიმარი ქალების პროცენტული მაჩვენებელი – ეს თითქმის 48 პროცენტია. აი, ერთი წლის მონაცემებით, 131 გამოკვლეული პატიმარი ქალიდან 48 პროცენტი გახლავთ ძალადობის მსხვერპლი. და ჩვენი დევნილების პროგრამები, თუ პატიმართა შორის პროგრამები ძირითადად ქალებზეა მიმართული. და მე ვიტყოდი, რომ გენდერული ძალადობა, ალბათ, არ უნდა გავიგოთ მხოლოდ როგორც ძალადობა ქალის მიმართ. იგივე, მამაკაცების მიმართ როცა ძალიან დიდი პროცენტია ასევე სქესობრივი ძალადობის მუქარის, ესეც, მე მგონი, გენდერული ძალადობაა”.

16-დღიანი აქცია ითვალისწინებს არა მარტო უფასო სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ კონსულტაციებს, რომელთაც მარიამ ჯიშკარიანი შეეხო: რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ატარებენ იურიდიულ კონსულტაციებს საქართველოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში. სულ, აქციაში მონაწილე თუ მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების რიცხვი 150 აღემატება. ასე რომ, ჩვენი გადაცემა ყველას სახელწოდებების ჩამოთვლასაც კი არ ეყოფოდა. მაგრამ, დასასრულს, შეგვიძლია, კიდევ ერთი მათგანი წარმოგიდგინოთ: ეს არის “ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი”, რომელიც 9 დეკემბერს თბილისში ჩაატარებს სემინარს თემაზე “კულტურა და ძალადობა”. ამ სემინარის შესახებ ზუსტად ერთ კვირაში გიამბობთ. ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ცენტრის პრეზიდენტ თამარ აბრამიშვილთან, რომელსაც თავდაპირველად მივმართე შეკითხვით, რამდენად აქტუალურად მიაჩნია დღევანდელ საქართველოში გენდერულ ძალადობაზე საუბარი – ხომ არ არის ის, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, უცხოეთიდან ხელოვნურად იმპორტირებული თემა?

იხილე აუდიო ვერსია

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG