Accessibility links

logo-print

გამოხმაურება დანიაში ახმედ ზაკაევის გათავისუფლებაზე


ჩეჩნეთის კონფლიქტის გარშემო სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, მოგეხსენებათ, კარგა ხანია სამართლებრივი დაპირისპირება მიმდინარეობს. როგორც უკვე ვიუწყებოდით,

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გასულ კვირაში მიღო გადაწყვეტილება საზღვარზე დაპატიმრებული 13ი ჩეჩნიდან კიდევ სამის – რუსეთში ექსტრადიციის შესახებ. ცნობილია ისიც, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება სამივე ბრალდებულმა გაასაჩივრა. ოთხშაბათს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჩეჩენთა ლიდერის, ასლან მასხადოვის წარმომადგენელი საქართველოს მოუწოდებს, უარი თქვას ჩეჩნების ექსტრადიციაზე. ქვემოთ შეიტყობთ, ვინ არის ეს წარმომადგენელი და როგორ აფასებენ ის და სხვა მოღვაწეები ერთ მეტად გახმაურებულ გადაწყვეტილებას, რომელიც დანიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო.

დანიაში მიღებული გახმაურებული გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, ახმედ ზაკაევის გათავისუფლება იუგლისხმება. [ახმედ ზაკაევის ხმა] “გადაწყვეტილება ჩემი ბედის ან მომავლის შესახებ კი არ უნდა მიეღოთ – დანიის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული იყო სამართლებრივი შეფასება იმისა, რაც ახლა ხდება. რომ დაეკმაყოფილებინათ რუსეთის ხელმძღვანელობის მოთხოვნა ჩემი ექსტრადიციის შესახებ, ეს იქნებოდა ევროკავშირისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ რუსეთისათვის სოლიდარობის გამოცხადება იქ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით. ჩვენთვის კი, ვინც განაგძრობს წინააღმდეგობის გაწევას, ეს იქნებოდა, შეიძლება ითქვას, სასიკვდილო დარტყმა”,- თქვა ახმედ ზაკაევმა გათავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ ჩვენს რადიოსთან სატელეფონო ინტერვიუში.

მართლაც, როცა ზაკაევი, რომელიც მასხადოვის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და უცხოეთში მისი წარმომადგენელია, 30 ოქტომბერს კოპენჰაგენში დააპატიმრეს რუსეთის მიერ მისი ტერორისტულ საქმიანობაში დადანაშაულებისა და ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, ბევრი ალაპარაკდა პრეზიდენტ პუტინის საგარეო-პოლიტიკურ წარმატებაზე. მაგრამ 3 დეკემბერს ზაკაევის გათავისუფლებამ ეს წარმატება მარცხად აქცია. დანიის იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელ იაკობ შარფის განცხადებით: [იაკობ შარფის ხმა] “დანიის ხელმძღვანელობის თხოვნით, განხილულ იქნა ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებული სამხილები, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ დანიის კანონებისა და ექსტრადიციის შესახებ ევროპის კონვენციის მიხედვით ეს სამხილები არ არის საკმარისი ზაკაევის ექსტრადიციისათვის”.

რუსეთი უმალ ალაპარაკდა გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე, რითაც მიანიშნა, რომ დანია ჩეჩენ მეამბოხეებს თანაუგრძნობს. პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ მეამბოხეებიც, ოღონდ იგულისხმება ზაკაევის არა გათავისუფლების, არამედ მისი დაპატიმრების მოტივები. [უსმან ფირზაულის ხმა] “ზაკაევის დაპატიმრება იყო პოლიტიკური საკითხი. რასაკვირველია რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ მოსკოვში მოწყობილ ტერაქტთან ზაკაევის დაკავშირებას დანიის მკვეთრი რეაქცია მოჰყვებოდა. მაგრამ რუსეთის გეგმა ჩაიშალა. მათ უნდოდათ ზაკაევის გამოთიშვა პოლიტიკური თამაშიდან, აგზავნიდნენ დამატებით დოკუმენტებს. მაგრამ დანია სამართლებრივი სახელმწიფოა და აქ არ შეიძლება ადამიანის დაპატიმრება დამაჯერებელი სამხილების გარეშე”.

ეს განცხადება სამშაბათს ჩვენს რადიოსთან სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა დანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში ჩეჩნეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, უსმან ფირზაულიმ – იმ ადამიანმა, რომელმაც ოთხშაბათს საქართველოს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთში სამი ჩეჩნის ექსტრადიციაზე. რა გასაკვირია, ფირზაულიმ ეს მოწოდება დანიის მაგალითით გაამყარა - თუმცა, მსმენელმა თავად განსაჯოს, რამდენად გამართლებულია კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, დანიისა და საქართველოს შედარება.
XS
SM
MD
LG